ნინუცა დარბაიძე: მე მაქვს ტვინი და სწავლისთვის სულაც არ მჭირდება ფეხები

სტუდენტური სახე

ნინუცა დარბაიძე საქართველოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს.  მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია, სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და სტუდენტი გახდა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

უნივერსიტეტში მისვლამდე ძალიან ნერვიულობდა, სხვა სტუდენტების დამოკიდებულება აშინებდა. ამ მიზეზით, მან სწავლის დაწყებამდე თავის ფეისბუქ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც  თანატოლებს თანაგრძნობისკენ მოუწოდებდა. დღეს ის აქტიური სტუდენტია და თავად  გვიყვება როგორ გადალახა წინააღმდეგობები.

ნინუცა, მოგვიყევი, რა შეგემთხვა?

3გაზვიადების გარეშე, პირდაპირ და გულახდილად გიპასუხებთ. ორი წლის წინ, ერთ მშვიდ საღამოს გავედი ჩემს აივანზე და მოაჯირზე დავჯექი (ძალიან ვიწრო მოაჯირზე), სიმაღლის შიში არასდროს მქონია და ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე ასე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიშლიდა, მაგრამ ხომ იცით, თინეიჯერი როცა ხარ, მაინცდამაინც ის გინდა, რასაც გიშლიან… არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ გადავვარდი. 25 მეტრი კივილით ჩავიქროლე, დავეცი და თითქოს მანდ დამთავრდა ჩემი ”ძველი” ცხოვრება და დაიწყო ”ახალი”. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. განა, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც აღწერს ჩემ გავლილ ცხოვრებას? განცდა სულ სხვაა, სიტყვებით მისი გადმოცემა კი, სულ სხვა. კისრის მეექვსე მალა გამიტყდა და თავის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. გამოვიარე კოშმარული 2 წელი, მეგონა, მალე გამოვჯანმთელდებოდი, თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ნელ-ნელა დამიბრუნდა მგრძნობელობა, აღდგა ხელები, შევძელი ეტლში ჯდომა, თუმცა დამოუკიდებლად მაინც ვერ ვახერხებ ყველაფერს.

მიუხედავად ამ შემთხვევისა, როგორც აბიტურიენტი, მაინც აგრძელებდი მომზადებას, როგორ მოახერხე ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდი?

ვხედავდი ყველა ჩემი კლასელი, როგორ გახდა სტუდენტი. მთელი წელი თვალს ვადევნებდი მათ ფოტოებს, ვისმენდი მათ სტუდენტურ თავგადასავლებს, ვგრძნობდი მათ ემოციებს. ჩემ ცხოვრებაში ეს პერიოდი არ იყო, დილიდანდაღამებაბმდე დამარბენინებდნენ ვარჯიშებზე, ყოველ ღამე კი ვფიქრობდი, რატომ დამაკლდა ეს ყველაფერი.. ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ არ გადმოვარდნილიყავი, სად ჩავაბარებდი, რას ჩავიცვამდი, რითი ვივლიდი, რას ვისწავლიდი. მთელი ღამე ვეღარ ვიძინებდი, იმდენად რეალურს გავდა ჩემი ფიქრები, თითქოს ეს მართლა ხდებოდა.

1გავაცნობიერე,რომ ფიქრში და ფანტაზიაში ცხოვრება, ბოლოს მომიღებდა. რომ გავიგე, ეროვნულებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და ვხედავდი, ჩემ გარშემო როგორ რეგისტრირდებოდა ყველა, როგორ უხაროდათ და ნერვიულობდნენ. გადავწყვიტე სტუდენტობა, რატომაც არა?! მეც გავხდები სტუდენტი, არ მიმუშავებს ფეხები, მაგრამ მე მაქვს ტვინი და სწავლისთვის სულაც არ მჭირდება ფეხები. საოცარი სისწრაფით მოვძებნე ადაპტირებული უნივერსიტეტები და ვუთხარი მშობლებს, რომ იმ წელს აუცილებლად უნდა ჩამებარებინა. უარი არ უთქვამთ, თუმცა, ძალიან ინერვიულეს, რადგან მთელი წელი არ მიმეცადინია და გამოცდებამდეც ცოტა დრო იყო დარჩენილი. ბოლო დღეს დავრეგისტრირდი, ჩემმა ახლობლებმა რომ გაიგეს, მხარში ამომიდგნენ, მამხნევებდნენ, მეხმარებოდნენ და ა.შ. ერთდროულად ვარჯიშს და მეცადინეობას ვერ ვასწრებდი, ამიტომ ყველა საგანში ვერ მოვემზადე. ჩემით დავიწყე მეცადინეობა, ძალიან როცა გამიძნელდა ჩემი სკოლის მასწავლებლები მეხმარებოდნენ, სრულიად უანგაროდ. ორი დამატებითი საგანიც ჩავაბარე, საკმაოდ კარგი ქულები ავიღე და გავხდი სტუდენტი.

როგორი გარემო დაგხვდა უნივერსიტეტში, არის ადაპტირებული?

საქართველოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ვსწავლობ. კარგად არის ადაპტირებული, ძალიან კარგი გარემოა და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, იქ ნამდვილი ადამიანები სწავლობენ და ასწავლიან. მეხმარებიან გადაადგილებაში, არ მიყურებენ დამცინავად, არ მისვამენ არასასიამოვნო კითხვებს, არ ვგრძნობ თავს გარიყულად, მეც ისეთივე სტუდენტი ვარ, როგორც ყველა. ყველაზე გამორჩეული იმიტომაა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ხშირად მოდის პატრიარქი და მისი ლოცვა-კურთხევა არ გვაკლია. ძალიან გამიმართლა ამ უნივერსიტეტში, რომ ვსწავლობ.

როგორც ფეისბუქით გავრცელებულ წერილში აღნიშნავდი, ძალიან ნერვიულობდი პირველ სასწავლო დღეზე, როგორ ჩაიარა და თუ იყო საფუძვლიანი შენი შიში?

სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი უნივერსიტეტში სიარულს. რომ ჩავირიცხე, მშობლებს ვუთხარი, რომ მე დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ რამეს თუ მოვინდომებ აუცილებლად შევძლებ, მორჩა ჩავაბარე, მაგრამ არ ვივლი-მეთქი. სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ვკითხულობდი უნივერსიტეტის გვერდზე პოსტებს, კომენტარებს, სიახლეებს და ძალიან მომწონდა  საზოგადოება, რომელიც იმ უნივერსიტეტში იყო. სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე დავწერე ის წერილი და შეშინებულმა დავიძინე, იმაზე ფიქრით, თუ რა დამხვდებოდა დილით. მეორე დღეს საღამოს გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მევლო უნივერსიტეტში. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე ამომიდგებოდნენ მხარში, მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, ისეთი თბილი სიტყვები დამხვდა წერილზე.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება რატომ გადაწყვიტე?

ვფიქობ,  რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანს ხვდება სირთულე, რომლის გადალახვაშიც სხვა ადამიანის ხელია საჭირო. ძალიან კარგად მაქვს ეს გამოცდილი საკუთარ თავზე. მეც მინდა, ვეხმარებოდე სხვებს, ისევე, როგორც სხვები მეხმარებოდნენ მე. დღევანდელი ცხოვრება სავსეა პრობლემებით და უამრავი თავსატეხით, ხშირია სერიოზული პრობლეემები, რასთან გამკლავებაც კონპეტენტური პირის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ასეთ დროს, ადამიანს განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უჩნდება სურვილი, რომ მის გვერდით იყოს ისეთი ადამიანი ვინც ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. ჩემი პროფესია კი, სწორედ ასეთია.

1558463_813065022053009_1898472460_nროგორ მოგწონს სწავლების პროცესი, კმაყოფილი ხარ?

დიახ, ძალიან მომწონს. მართლაც, ძლიერი უნივერსიტეტია, თავისი ძლიერი ლექტორებით.

სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული?

სწავლის გარდა, კიდევ ვსწავლობ, კიდევ უფრო ვსწავლობ, კიდე რა ვიცი… ვსწავლობ… დავდივარ სხვადასხვა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციებზე, დავდივარ ვარჯიშებზე, ასევე, რამდენიმე საიტის საშუალებით ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევ ხალხს.

რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

ამ ეტაპზე, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე წამოვდგე ფეხზე და ვისწავლო ის ყველაფერი, რასაც მასწავლიან. სიარულს რომ შევძლებ, კიდევ ჩავწეროთ ინტერვიუ და ეს კითხვა კიდევ ერთხელ დამისვით.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

თავისუფალი დრო, ძირითადად, ღამით მაქვს, როცა ყველას სძინავს და ამ დროს წიგნს ვკითხულობ. ვიცი, რომ ღამე კითხვა ცუდია, მითუმეტეს კომპიუტერში, მაგრამ წიგნებია საინტერესო და რა ვქნა?! დღისით თუ მაქვს თავისუფალი დრო, მეგობრებთან მიყვარს ამ დროის გატარება. ასევე, ძალიან მიყვარს მანქანით სეირნობა, მინდა რომ სულ მანქანაში ვიჯდე, კარგი მუსიკებით. ძალიან მამშვიდებს.

რას ეტყვი შენს თანატოლებს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონენი არიან?

მხოლოდ ერთს ვეტყვი: – არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

 

მოამზადა: ნათია ზარიძემ

იხილეთ ასევე: ერთი სტუდენტის წარმატების ფორმულა

როგორ შეცვალა სტუდენტობამ ეროვნებით ოსი გოგონას ცხოვრება

 სტუდენტი დედა: – მთავარი მონდომებაა

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები