სტუდენტი – რიგითი “ძვირი ბავშვი”

ARIS ბლოგერი

თენდება. საწერ მაგიდაზე ჩემთვის განკუთვნილი სამი ლარი დევს; მგზავრობისთვის განკუთვნილი ფული, რომელშიც დიდი დიდი, ჩაეტიოს ლობიანი ან ყავა (ან ლობიანი, ან ყავა). ესაც მხოლოდ მაშინ, თუ გაუთვალისწინებლად, ქსეროასლების გადაღება არ დამჭირდა. შეიძლებოდა, მოეცათ უფრო მეტიც, მაგრამ კარგად მესმის, რომ გარდა ამ ყოველდღიური სამი ლარისა, ყოველწლიურად 2500 ლარია დასაფარი იმისთვის, რომ განათლებული გოგო გამოვიდე. ამ თანხას კიდევ ემატება სახელმძღვანელოების საყიდლად საჭირო ორ-ციფრიანი რიცხვი და კიდევ, უნდა მივათვალოთ ხან ჩანთა, ხან შარვალი, ფეხსაცმელი და ასე უსაშველოდ ბევრი წვრილმანი, რომელიც ჯამში საკმაოდ მსხვილი თანხაა. 

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

თქვენ წინაშე ვარ რიგითი “ძვირი ბავშვი”, რომელიც აცნობიერებს, რომ ამ ყველაფრის გარდა, რაც არ უნდა დასჭირდეს, დღიური 3 ლარის იქით, გზა მოჭრილია.

დროა, გამოფხიზლების. დროა, სწავლას სამსახური შეეთავსოს. ეს საქართველოა და აქ ღამით მუშაობა ჯერ კიდევ “არ შეიძლება”. ესაა ქვეყანა, სადაც სტუდენტისთვის შეთავსებულ სამუშაოს თითქმის არავინ გამოჰყოფს და უნდა აირჩიო – ან მუშაობა დაბალი აკადემიური მოსწრებით, ან მაღალი აკადემიური მოსწრება დღიური 3 ლარით.

თუ გაგიმართლა, იქნებ, წააწყდე კიდეც განცხადებას ფასიანი სტაჟირების შესახებ, დაბალი ანაზღაურებით, თუმცა, დასაწყისისთვის შეიძლება გეკმარა, მაგრამ ასეთ დროს მეორე პრობლემა ჩნდება – დროს ვერაფერს უხერხებ – ლექციები! ლექციები! დილის 9-იდან საღამოს 8-მდე. უნივერსიტეტებიც ჯიუტად ანაწილებენ ლექციებს დიდი შუალედებით, რომ სტუდენტმა მთელი დღე უნივერსიტეტში იყურყუტოს და დამსაქმებელიც ვერაფრით ფიქრობს, სამუშაო დრო სტუდენტის გრაფიკს მოარგოს.

იშვიათ შემთხვევაში, აი, მაშინ, თუ “ბიძია” მოგკიდებს ხელს და ერთ-ორ კაპიკს გაშოვნინებს, იქნებ ორივეს შეთავსებაც შეძლო… მე, პირადად, “ბიძიები” არ მყავს. 

ხვალისთვის, თეატრში ვგეგმავდით წასვლას. ალბათ, ვერ წავალ. რამდენიმე წუთის წინ, ლიკამაც დამირეკა, – ვერც ის ახერხებს წასვლას. ჩემთვის, მიზეზები გასაგებია და ამიტომ, არც თეატრია, არც კინო, შუბაც არ მაქვს ოპერისთვის ? .

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები