ავტორი: მესტნი ჩელე
სიკვდილი უმტკივნეულოა, იგი ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც გათავისუფლებს ყოველგვარი ადამიანურისგან… თუმცა, ახლა კლავიატურაზე ზოგადად სიკვდილზე დასაწერად როდი ვატკაცუნებ თითებს, მე მინდა ჩემი სიკვდილის ისტორია მოგიყვეთ…
ჩემი სიკვდილის ისტორია ისევე, როგორც ყველა, აწ უკვე გარდაცვლილისა, თუ გარდასაცვლელის -იწყება დაბადებით. არ მოგატყუებთ და, ჩემი დაბადების აღწერას არ დავიწყებ, გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის არაფერი მახსოვს, რადგან როგორც მთავარმა ექიმმა თქვა – მე გახლდით ერთადერთი ბავშვი, რომელიც მძინარე დაიბადა. ჩემი მშობლები მაშინვე მიხვდნენ “რასთან” ჰქონდათ საქმე, თუმცა გვიანი იყო… მე დავიბადე!!!
სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები დიდი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ და ბოლო სექსს… რადგან ეს ორი ფაქტი ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს მოხდა და საერთოდ – ერთი და იგივეა, მასზე დიდხანს არ შევჩერდები და პირდაპირ იმ ნათელი, მზიანი და ხალისიანი დღის აღწერაზე გადავალ, როცა მე მივიცვალე.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
დილა, ჩემთვის უჩვეულოდ, გაღვიძებით დაიწყო და მე მივხვდი, რომ ეს დღე სხვა დღეებს არ ჰგავდა, რადგან გაღვიძებისთანავე შევამჩნიე დიდი შავი ყორანი ჩემი ლოგინის თავზე. გამომდინარე იქიდან რომ მარტო ვცხოვრობ, სახლში არავინ იყო ემოციები, რომ გამეზიარებინა და აზრი მეკითხა, ამიტომაც, გავედი აივანზე. აივანზე ჩემი გასვლა და ზაირას კივილი ერთი იყო (ზაირა ჩემი წინა მეზობელია, წარმოიდგინეთ მეზობელი ზაირა და პირველად რა სურათსაც ნახავთ, ის ზაირა იქნება).
სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე რაღაც – კიდე მთვრალი, სასიკვდილე, მიიფარე, ზრდილობა დაკარგე, ჩამოთრეული, – ამგვარ სიტყვებს მეძახდა. თავიდან არ შევდრკი, თუმცა მერე გავაცნობიერე რა ზაირას სიტყვათა ჭეშმარიტება ჩემს სიშიშვლესთან მიმართებაში, უმალ, სახლში შემოვედი ყორანთან. ცოტა ხანს ვცადე და ყურადღება არ მივაქციე, თუმცა ამდენი თავის არიდება არ იყო სწორი საქციელი და მასთან საუბარი ვცადე… არც საუბარმა და არც ხელების ქნევამ არ გაჭრა ყორანთან, ბოლოს გადავწყვიტე კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით გამეტყუებინა შავ-ბნელი ოკუპანტი ჩემი ბინიდან, რომელიც დათვის ბუნაგს უფრო წააგავდა ვიდრე ჰომოსაპიენსის სამყოფელს. ნუ, რაღადაგიმალოთ, მეც უფრო ვინი პუჰს ვგავდი ვიდრე გრაფ მონტე კრისტოს. არც დიალოგმა გაჭრა ჩემს ფრთოსან მეგობართან და ის იყო უნდა შევგუებოდი ბედს, რომ კარებზე კაკუნი გაისმა.
გავაღე და საქართველოს ფოსტის კურიერის ფორმაში გამოწყობილი იპოლიტე ხვიჩია შემრჩა ხელთ, მოპედით ამოსულიყო მეშვიდე სართულზე და კონვერტს ისე მიშვერდა, როგორც დარტანიანი უშვერდა დაშნას როშფორს… მე რისი მე ვიქნებოდი, რომ დავბნეულიყავი და ისე, თითქოს, ბიძია იპოს დანახვა არ გამკვირვებოდეს, ვუთხარი:
– ოოჰ, ბატონო იპოლიტე, დიდი პატივია, მობრძანდით, ყავა დავლიოთ, ცოტა…
– ყავა კი არა, წერილი გამომართვი, თუ კაცი ხარ!
– ვინ მწერს?
– ექიმი!
– რა უნდა?
– ფული.
– კი, მაგრამ თქვენ რა იცით, წერილი ნახეთ?
– თორე, რო მენახა, გავარჩევდი რამეს?! ყველას ფული უნდა ბიძიკო – შენც, მეც და იმასაც, ეგერ ეეე! – ყორნისკენ გაიშვირა ხელი.
რა უნდა მეპასუხა? – გულში ვიფიქრე, მკვდართან ერთად გიჟიც ყოფილა ეს კაცი-მეთქი და შემოვბრუნდი ბუნაგში.
კონვერტი გავხსენი თუ არა, ჩემი მკურნალი ექიმი ამოხტა და საშინელი ხმით დამიღრიალა – კვდებიო. შემოგეპარებინათ მაინც-მეთქი ჩუმად, ვუთხარი და გაიცინა, – გაზაფხული ხო არ ვარ, რო შემოვიპაროო; მერე თავი მოიფხანა და სიგარეტს გაუკიდა.
ალბათ, დამეთანხმებით, ბუნებრივი იქნებოდა, მეკითხა – რატომ ვკვდები-მეთქი და სწორედ ასე მოვიქეცი. საერთოდ, ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს, ვერ ვიტან სილიკონს.
– ეეჰ, ჩემო ბიჭო, შენ სტუდენტი ხარ და სტუდენტის ბუნებრივი მდგომარეობა სხეულის დეგრადაციას გულისხმობს, ვშიშობ დღეს საღამოს შენი სული საზღვარს გადასცდება ფრენით. გულში კი ვიფიქრე, ერთი შენი შოთა ნიშნიანიძე დედასაც შევეცი-მეთქი, მაგრამ ჩემს ნარკოდილერს და მკურნალ ექიმს ასეთ რამეს ვერ ვეტყოდი, მით უმეტეს, სულ რაღაც 3 საათი რჩებოდა ჩემს იმქვეყნიურ ვოიაჟამდე.
– კი მაგრამ, ექიმო, როგორ ავიკიდე ეს დაავადება?
– ეროვნულმა გამოცდებმა იცის, რამდენი დაღლა რო იცოდე, თან სულ ახალგაზრდებს ემართებათ.
ექიმი ისევ კონვერტში ჩაბრუნდა, მე კი, იმ ლოგინზე მივესვენე, რომლის კიდესაც ყორანი აჯდა. ვიცოდი, თავიდავე ვიცოდი, რომ დიდი შავი ფრინველი ლოგინის კიდეზე ცუდის მომასწავებელი იყო. რა საშინელი დაავადებაა ეს სტუდენტობა – ჯერ ფული გითავდება, შემდეგ საჭმელი, ბოლოს უძილობაც ემატება ამ ყველაფერს და გამოფიტული ორგანიზმიც თანდათან უახლოვდება ლოგიკურ დასასრულს… არა სიკვდილი, არა! ჯერ საგნები გეტენება, ისე ღრმად გეტენება, რომ მეორე წრეზე მიდიან.
სიკვდილის მოლოდინში ყორნიან ლოგინზე მისვენებული, ჩაძინების პირას ვიყავი როცა სამი შავითმოსილი ადამიანი შემოვიდა და ჩემთან ახლოს დადგა, მეც მომაკვდავივით დავიჭირე თავი და დავაკვირდი მოვლენათა განვითარებას.
ჯერ ჩემი შორეული ნაცნობები მოდიოდნენ, მოუახლოვდებოდნენ დივანს, ჯერ ყორანს შეხედავდნენ, მერე მე, მერე ისევ ყორანს, მერე ისევ მე და როცა მობეზრდებოდათ თავს ჩაიქნევდნენ, სამ შავითმოსილ არსებას ხელს ჩამოართმევდნენ და მიდიოდნენ. კარგა ხანს ასე გრძელდებოდა, ბოლოს, ჩემი ერთი ძველი მეგობარი ვიცანი და როცა ახლოს მოვიდა ვკითხე:
– ესენი ვინ არიან?
– ვინ ესენი?
– ის სამი შავი.
– ეგ უილ სმიტი და მისი ოჯახია
– ვააააა მართლა?
– არა! ესენი შენი შეტენილი საგნები არიან.
ეს თქვა თუ არა, საშინელი ჭექა ქუხილი გაისმა, გამოსახულება აირია და უძირო უფსკრულში ჩავეშვი… არ მახსოვს რამდენ ხანს ვვარდებოდი, თუმცა, ეს დრო იმისთვის მეყო, რომ გამეცნობიერებინა: მე მოვკვდი!
სიკვდილი კარგია, არც გშია, არც ტუალეტში გინდა… ბევრი კარგი თვისება აქვს, – უფულობაც აღარ გაწუხებს. საერთოდ არაფერი გაწუხებს, და 51 თავის მნიშვნელობას კარგავს, რადგან არც ლექტორია სადმე ახლოს და არც ნიშნების ფურცელი.
როგორც იქნა, ვარდნა დასრულდა, მეც დავსრულდი, გავქრი!
მერე, უცბად, ჯამბაზი გამოჩნდა, ნელი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ… დიდი, წითელი ფეხსაცმელები ეცვა, მომიახლოვდა თუ არა, საშინლად გაიცინა, ცოტა შემეშინდა, მინდოდა რაღაც მეთქვა, თუმცა, ხმის ამოღება ვერ შევძელი.
ჯამბაზმა მიყურა, მიყურა და მერე მითხრა: – აი, რას უშვრება ადამიანს LSD!
ავტორის შენიშვნა: ნურასოდეს დაწერთ არაფხიზელ მდგომარეობაში, მით უმეტეს, თუ წერის ნიჭი არ უბოძებია თქვენთვის განგებას. სამწუხაროა, ასეთი შეგნებული ზემოთმოცემული სიტყვათა ერთობლიობის წერისას, რომ არ გახლდით.