მოპარული სტუდენტური ბარათი მფლობელს 41 წლის შემდეგ დაუბრუნეს

მხიარული ინფო

წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტური ბარათი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებთ როგორც მგზავრობისთვის, ისე სხვა გადახდებისა და აუცილებელი საჭიროებებისთვის – დაკარგეთ, ან მოგპარეს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ 41 წლის შემდეგ პოლიცია გიკავშირდებათ და გეუბნებათ, რომ თქვენი სტუდენტური ბარათი ნაპოვნია და გთხოვენ, რომ წასაღებად მიაკითხოთ.

მსგავსი რამ შეემთხვა კანადელ “ლორის”, რომელიც 1981-82 წლებში “ველინგტონის უმცროს საშუალო სკოლაში” სწავლობდა. ინფორმაციას Upi ავრცელებს.

“ბრიტანეთის კოლუმბიაში” მცხოვრები მამაკაცი თავის ეზოში გალავნის საყრდენისთვის მიწას თხრიდა, როდესაც ძველი, საკმაოდ კარგად შემონახული ჩანთა აღმოაჩინა. ჩანთის გახსნის შემდეგ მან საკმაოდ კარგად შემონახული სტუდენტური ბარათი იპოვა, რომელიც ვინმე “ლორის” ეკუთვნოდა.

მამაკაცმა პოლიციას მალევე მიმართა და მათ ნაპოვნი მოწმობა გადასცა. სამართალდამცავებმა კი სტუდენტური ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება შეძლეს.

ლორის თავიდან არ სჯეროდა, რომ მისი 41 წლის წინ დაკარგული სტუდენტური მოწმობა იპოვეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ელექტრონული ფოსტით სურათი გაუგზავნეს, იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პოლიციელები არ ცდებოდნენ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ლორის სტუდენტური ბარათი ჩანთასთან ერთად კი არ დაუკარგავს, არამედ მას ის მოჰპარეს. მიუხედავად ყველაფრისა, პატრონმა საბუთი დაიბრუნა და მასთან ერთად სტუდენტური მოგონებებიც გაუღვივდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები