პოტენციური თვითმკვლელები და შინაგანი ფოტოშოპები

ARIS ბლოგერი

 

ავტორი: სალომე აფციაური

ჩვენში ბევრი დაიარება ქუჩაში ერთი ემოციით, სახეზე არც ღიმილია და სევდასაც ჭმუნვა შეჰპარვია… დაღლილა, ამდენი გამოხატვით. საბოლოოდ, სახე ყველა ემოციამ მიატოვა და მასზე შეიყინა არაფერი, – უემოციობის კასკადი. ხოდა, დადიან გაყინული სახეები, დაღლილები ყოველღიური მომაბეზრებელი რუტინულობით ყელშიამოსულნი, სავსენი უდიდესი პროტესტით, უკვე რომ აღარ იციან სად წაიღონ, ვის შეახოცონ. თან დააქვთ სევდა, პროტესტი, მონატრება, ტკივილი.

ფიალა დიდი ხანია სავსეა მოთმენის, შეგუებისაც, თავადაც უკვირთ, რომ მცირედად შერჩენილი ცვლილებების იმედი გულში ისევ უჭყავით, ჯიბეში დარჩენილი ერთადერთი ხუთთეთრიანი მონეტასავით; დღეის მონაცემებით, ვერაფერში რომ დახარჯავ, მისით ვერაფერს იყიდი. ღამეებს ერთმანეთის მიყოლებით ათევენ ფიქრის, ან მთლიანობის სრული გათიშვის მომენტში. ისეთი გათიშვის, თავს რომ ტანი შორდება, ტანს რომ ფეხები და საბოლოოდ ყველა ნაწილს ყველა ნაწილი… ისევე, როგორც შიგნით ყველა აზრს ყველა აზრი… სრულიად დარღვეულია მთლიანობა და ჰარმონია.

ხელში შერჩებათ საკუთარი თავისგან მოგვრილი დაღლილობა, ჩასიებული თვალები და დიიდი სიცარიელე, რომ ვერაფრით ივსებენ. ამბობენ – დამთავრდეს! დამთავრდეს! აღარ შემიძლია! მაგრამ არ იციან, რა უნდა დამთავრდეს, როგორ დამთავრდეს. შეძლებენ ამას?! – არა, ისინი ძალზედ დასუსტდნენ ამდენ ბრძოლაში საკუთარ თავთან, სადაც სულ ნებდებოდნენ და თავისი თავები ენერგიის ნაკადს შიგნიდან უსრუტავდათ. მათ უკვე აღარაფერი შერჩენიათ, გარდა შინაგანი შავი ხვრელისა.

დეპრესია. ტანჯვა. ტკივილი. შველა არსაით. ტყუილი ღიმილები ახლობლებთან, ათმაგ ძალას რომ ატანენ თავს. უჭმელობა. ან ბევრი ჭამა. უძილობა. ან ძილიანობა. დაღლა. დაღლა. გაქუცული დაჟანგებული, ლპობაშეპარული ნერვები. ბოლოს სიკვდილი, როგორც ხსნა.

პოტენციურმა თვითმკვლელებმა არც კი იციან, როდესმე მართლა მოიკლავენ თუ არა თავს, მაგრამ უწყიან, რომ პოტენციური თვითმკვლელები არიან. ეს ნიშნავს, ამა ქვეყნის წკიპზე იდგნენ, უფრო ზუსტად, – საზღვარზე. სულ, სულ პატარა მოვლენის ნაწილაკი რომ გადაუწყვეტთ თავის უზარმაზარ ეგზისტენციალურ პრობლემას.

საიდან ებადებათ ამდენი ნეგატივი? ვინ იცის, ყველა ხომ თავისებურად თავისებურია?!

თავისი, თითქოს ერთნაირი, ყოფითი პრობლემებით მოცული და მათში გაბლანდული, ანდა, ფანარდაკარგული გაუვალ ლაბირინთში და ხელის ცეცებით მოსიარულე. ყველა ხომ თავისებურად მწვავედ, ან მსუბუქად განიცდის მოვლენებს, თავზე დამტყდარ უბედურებებს, ტრაგედიებს, უბრალოდ, ცხოვრებისგან მოგვრილ უიღბლობას; ანდა, მისგან ნაუცბათევად გადმოგდებულ რუტინულობას,მთელი დღე და მოსწრება რომ მისი ზიარნი არიან.

ნეგატივი ბევრია და ნეგატივების შექმნა გონებას შესანიშნავად ეხერხება. ის შეუდარებელია ფერთა გამებში. წამისუსწრაფესად ამუქებს და აღიავებს ყველაფერს. ფოტოშოპსაც შეშურდებოდა გონების შესაძლებლობების. იმის, თუ როგორ შეუძლია, დროდადრო, გადაღებულის გადასხვაფერება, სრულიად შეცვლა და ასე ჩალექვა. გონება ნეგატიური ფოტოშოპია. ის უფრო ხშირად ფერს უკარგავს ლამაზ მოგონებებს და ერთიორად ამუქებს მძიმე სურათებს. ისინი კი, ვინც დიდ დროს ფიქრში ატარებენ, ხელს უწვდიან და გასაქანს აძლევენ თავის ფოტოშოპს – მუხლჩაუხრელად იმუშაოს, მოგონებების თუ აღქმულის გადასხვაფერებაზე.

მგონია, თვითმოკვდინებას დეპრესია იწვევს,მას კი გაუჩერებლად მომუშავე შინაგანი ფოტოშოპი.

ყველას გვაქვს სამეცადინო, ფოტოშოპის ფუნქციების ათვისებაზე. სადღაც, მას აუცილებლად ექნება ღილაკი, ერთიანად პლიუსისკენ რომ წაიყვანს ყველაფერს, რომ დაარეგულირებს ჩვენს მთლიან არსებას, დაამშვიდებს და უკეთესისკენ განაწყობს. ბევრი ქექვა, შეიძლება, არც იყოს საჭირო. იქნებ, ეს ღილაკი სადღაც გონების ზედაპირზე ტივტივებს, ჩვენ კი უკვე ძაალიან ღრმად ჩავყვინთეთ მის ძებნაში უაკვალანგოდ და ჩვენი ფილტვები მალე უჟანგბადობას განიცდიან?! იქნებ, ამოგვეყვინთა და გვეტივტივა ზედაპირზე, და ბედად, ჰორიზონტზე, ის პლიუს ღილაკი დაგვენახა?! იქნებ, ის ხუთთეთრიანი მონეტაა ეს ღილაკი და მას გამრავლება სჭირდება სააქტივაციოდ?! იქნებ და… ბევრი… ბევრი იქნებ! გადასარჩენად კი, პლიუს ღილაკია საჭირო და ყველასი სხვადასხვა ღობე-ყორესაა მოფარებული და დამალობანას გვეთამაშება?!.

მსურს, ყველას გვეპოვოს ფოტოშოპის გადამრთველი, ან ჩვენი დიდი, თუ მცირე, დაცარიელებული არსებების ამომვსებელი რაიმე მექანიზმი. ყველას გვეპოვოს ბევრი ხუთთეთრიანი იმედი… და დიდხანს სიცოცხლე, პოტენციურ თვითმკვლელებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები