სტუდენტური სექსი, ანუ მსხვრევადი ოცნება

მხიარული ინფო

თავი პირველი (და უკანასკნელიც)

“ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე”
ამონარიდი ფარისეველი მეძავის მემუარებიდან

გარდასულ დღეთა მწუხარებით და მომავლის შიშით გაჟღენთილი სტუდენტური საღამო მშიერი ნაბიჯებით მიიზლაზნებოდა. აივანზე მდგარმა გიორგიმ სევდიანი თვალებით გადახედა არემარეს, ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი თითქმის თითამდე ჩაიყვანა ბოლო ნაფაზით. სახლში შემობრუნებული გასაცოდავებულ სავარძელში ჩაესვენა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ქალის მკერდის გარდა სხვა რამეზეც ეფიქრა… დაიწყო.

როგორ მოვიდა აქამდე? ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მისაღებად საჭიროა ცოტა რამ შეიტყოთ მისი ცხოვრებიდან.

გიორგი ერთობ კომპლექსური მოსწავლე გახლდათ, წესიერად მარტო ის გაკვეთილი ჰქონდა ნასწავლი ქალისა და მამაკაცის ანატომიას  რომ ეხებოდა… ძირითადად მაინც ქალის ანატომიაზე გაამახვილა ყურადღება და სწორედ იმ დღეს მიხვდა, რომ მხოლოდ ყურადღების გამახვილებით არაფერი გამოვიდოდა. როგორც შვილზე დიდი ხნის წინ ხელჩაქნეული მამა იტყოდა, გიორგისგან არაფერი გამოვიდოდა, თუმცა ადამიანებს თითის ანაბეჭდის გარდა განსხვავებული – მიზნებიც აქვთ, სწორედ მიზანმა იქონია გიოს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი და შესძინა ის მონდომება, რომელსაც მისი მშობლები ასე ნატრობდნენ.

ყველაფერი ერთ არც ისე მშვენიერ, თუმცა ნათელ დღეს მოხდა, როცა მეცამეტე დაბადების დღეზე ჩვენი გმირი ბიძამისმა ლეილა დეიდას მიჰგვარა “დასავაჟკაცებლად”. დავაჟკაცების რა მოგახსენოთ, თუმცა გიორგი კარგად მიხვდა რა სჭირდებოდა ცხოვრებაში, მიხვდა და მიზნად დაისახა ლეილა დეიდას ცოლად მოყვანა… გეგმები მაშინ დაემსხვრა როცა დიდი ხნის განსჯის შემდეგ მიხვდა ეგ ქალი მისი შესაფერი არ იყო, პირველი: 40 წლით მასზე უფროსი გახლდათ და ეგეც, რომ არ იყოს მეძავის სახელი ჰქონდა გავარდნილი, გიორგი არაფრით დაიჯერებდა და არავის აპატიებდა ლეილას პატიოსნებისა და სახელის ამგვარ შეურაცხყოფას, თავად რომ არ დარწმუნებულიყო მოყვანილ თეზისთა სისწორეში.

[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

რახან მისი და მისი პირველი ქალის, როსკიპად წოდებული ლეილას, ქორწინების იდეამ კრახი განიცადა, გიორგიმ დაოჯახება თავიდან ამოიგდო და ამ ცხოვრებისეული ნაბიჯის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ასპექტი _ სექსი დაისახა მიზნად.

ბევრი იფიქრა თუ დაგუგლა, გააცნობიერა: საბჭოთა კავშირის დრო დიდი ხანია გარდასულიყო და სექსი თავისუფლად დასეირნობდა თანამედროვე მსოფლიოს ვიწრო ქუჩებში. მოგროვებული ინფორმაციის შეჯამების საფუძველზე დაასკვნა: ყველაზე მეტი სქესობრივი აქტი მამაკაცს სტუდენტობის დროს აქვს და გადაწყვიტა ეროვნული გამოცდები მინდორში ჯდომისას ფეხზე ამოცოცებული მატლივით მიეკლა, უნდოდა თამამად შეებიჯებინა სტუდენტობის ეკლიან და სქესობრივი აქტებით მოფენილ გზაზე.

სწორედ თავისუფალი სექსის სურვილმა შესძინა მას ძალა ესწავლა ყველა საგამოცდო საკითხი და მოსწავლის გზაზე აღმოცენებულ შხამიან ბუჩქს, ეროვნულ გამოცდებს რომ ეძახიან, ისე გადაახტა როგორც დედალი კენგურუ ავსტრლარიურ ბორცვს.

და აი დადგა ნანატრი დღეც, უნივერსიტეტის კარები ფართოდ გაიღო გიოსთვის და იგი იმედოვნებდა, რომ ეს კარები არ იქნებოდა ერთადერთი რაც მისთვის ფართოდ გაიღებოდა.

მას  უნდოდა თავისი ჰონდა ფიტი სასწრაფოდ ვინმეს ფეშენებელურ ავტოფარეხში დაეპარკინგებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფარეხთა უმეტესობაში მერსედესი, მაიბახი ან სხვა ძვირადღირებული მანქანა იდგა ხოლო თავისუფალი პარკინგ ზონის პატრონს სულაც არ სურდა ჰონდა ფიტი შესულიყო მის ტერიტორიაზე.

ბევრი იმედგაცრუება, ბევრი ტკივილი და სველი სიზმრები იყო გიორგის გზაზე მესამე კურსამდე. გავარჯიშებული მარჯვენას გამო ყველას ჩოგბურთელი ეგონა, თუმცა სიმართლე ძმისგან გარიყული ჰადესივით იმალებოდა მისი გონების ჯურღმულებში.

ფიქრმა დაღალა ჩვენი გმირი, სურათები მის გონებაში ისე ირეოდა, როგორც ფუტკრები სკაში.

გარეთ გავიდა და სწორედ მაშინ როცა მის არსებაში ამგვარი ქარიშხალი ტრიალებდა,მისი გონება განათდა… ეს იყო მზის სხივი სამდღიანი შტორმის შემდეგ, ოაზისი შუა უდაბნოში,  ის ისეთი ტკბილი გახლდათ როგორც შურისძიება და ისეთივე აღვირახსნილი, როგორიც მშიერი მესამეკლასელია დიდ დასვენებაზე… მისი სახელი იყო “ჩინური მასაჟი”.

უმალ ესტუმრა ამ ოცნების საამქროს, თუმცა მისი მუშაკები ზედმეტად “ანგარებიანები” აღმოჩნდნენ და გიოც  სახლისკენ გაქანდა, გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა__”ოლმოცდაათი ლალი”. იგი მეორდებოდა და მეორდებოდა როგორც კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის წამება მანამ, სანამ გიორგიმ ვივუსი არ გააკეთა. ერთ სესხს მეორე მოყვა, თუმცა ვის ადარდებს ვალი როცა ბავშვობის ოცნება ასრულებას იწყებს?

ვალებში ჩაეფლო ოცნების მადევარი და სააღმსრულებლო ბიუროს წარმომადგენელთან ლაპარაკში გართულს ბავშვობის ოცნებისაკენ მიმავალი ძაფი გაუწყდა.

მორალის სადარაჯოზე ჩაცუცქული ავტორის ვითომ საჭირო შენიშვნა: დაიხსომეთ მეგობრებო, სტუდენტობა ცხოვრების ის პერიოდია, როცა შეგიძლია გქონდეს სექსი, მაგრამ არ გქონდეს პური. ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი სტიმული მოგცენ და შემდეგ ისე წაგართვან მთელი ცხოვრება მის ძებნაში გაგატარებინონ.

იხილეთ ამ ავტორის სხვა შედევრებიც: სტუდენტის სიზმარი, ანუ 5 დემონის გამოცხადება

ავტორი: მესტნი ჩელე

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები