გამოცდის წინა ღამე ჩემთვის ახალი წლის წინა ღამეს ჰგავს: ვერ იძინებ და თან რაღაც სასწაულს ელოდები. მეც, როგორც ყველა სტუდენტი, გამოცდების ციებ-ცხელებაში ვარ ჩაბმული – ერთი კვირა გადაბმული ქვიზები, შემდეგ შუალედურები, მერე ისევ ქვიზები, შუალედურები, ბოლოს ფინალურები და ასე დაუსრულებლად. პირველკურსელი ვარ და მახსოვს აბიტურიენტობის პერიოდში როგორ ვოცნებობდი სტუდენტობაზე, რატომღაც მეგონა, ბევრი თავისუფალი დრო მექნებოდა (მაგრამ ეს ტერმინი უკვე ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან),იმედია, ყველა ოცნება ასე არ ამიხდება.
გამოცდის წინა ღამეს საოცრების გაკეთებას ვცდილობ: მთელი საგამოცდო მასალის სწავლა პატარა საქმე არაა! მხოლოდ ის მანუგეშებს ხოლმე, რომ სემინარებსა და ლექციებს, შეიძლება ითქვას, დიდი გულისყურითა და მონდომებით ვუსმენ (განსაკუთრებით იმ საგნებისას, რომლებიც მიყვარს და მაინტერესებს), მაგრამ მაინც, მეც იმ სტუდენტთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებსაც ცხელი ჩაის ან ყავის ჭიქა ჩაუბღუჯავთ მთელი ღამის მანძილზე და ცდილობენ ტვინი აიძულონ, რომ თავში რაღაც შევიდეს. ხშირ შემთხვევაში ჩემთვის ეს უშედეგოა, ერთ ღამეში ახალს ვერაფერს ვსწავლობ, სამაგიეროდ იმედი მაქვს, რომ დილით ტრანსპორტში მაინც წავიკითხავ. რა თქმა უნდა, ისეთი „იღბლიანი“ ვარ, რომ გამოცდის დილას ავტობუსებსა და მეტროში დასაჯდომი კი არა დასადგომი ადგილებიც არ მოიძებნება ხოლმე, რომ, ქსეროქსში თუ ვერა, სმარტფონში მაინც გადავიკითხო რაღაც.
გრძელი მგზავრობის შემდეგ (და, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, გამოცდის დროს 2-საათიან გზას 5 წუთში გავდივარ – ეს ის მომენტია, როცა რამის მოსვლა არ გინდა და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დრო უსწრაფესად გარბის), როცა უნივერსიტეტამდე მივაღწევ და საგამოცდო ცენტრში ჩემს კურსელებსა თუ ჯგუფელებს ვხვდები, ვაცნობიერებ, რომ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც მე მგონია (გამოცდამდე იმაზე მეტად არაფერი ამშვიდებს ადამიანს,როცა იცი, რომ შენზე მეტი არც სხვებმა იციან (ეგოიზმში არ ჩამითვალოთ). ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
ავტორი: ანი ტაბატაძე