გამოცდის წინა ღამე, ანუ რა გვაწუხებს სტუდენტებს

ARIS ბლოგერი

არ არის აუცილებელი იყო სტუდენტი იმისთვის, რომ გამოცდისთვის წინა დღით მეცადინეობა გამოცდილი გქონდეს, ამისთვის სკოლის მოსწავლეობაც საკმარისია; მაგრამ აუცილებლად სტუდენტი უნდა იყო,  რომ შუალედური გამოცდისთვის ერთი დღით ადრე მზადების მთელი სიმძიმე შეიგრძნო.

მე პირველკურსელი ვარ და წელს უკვე ვიგრძენი ეს, თუმცა არ მიყვარს მეცადინეობაზე წუწუნი, ისედაც ვიცი, რომ მარტო მე არ ვარ ამ დღეში და ყველას “თავისი გაჭირვება”აქვს. ამიტომ მეც ჩუმად ვიტან ხოლმე ჩემ წილ სამეცადინოს და ჩემთვის ვადგენ ხოლმე ერთგვარ გრაფიკს, როდის რა საგანი უნდა ვიმეცადინო,მაგრამ ეს არ ამართლებს. უცნაურია, თითქოს ჩემ თავს ვპირდები ხოლმე, რომ ჯერ  კომპიუტერთან არ დავჯდები, სახლიდან არ გავალ, არც  ფილმს ვუყურებ,მერე კი იმ ბავშვივით ვიქცევი, რომელიც ზუსტად იმას აკეთებს, რაც აუკრძალეს. დღის ბოლოს ამ ყველაფერს ვნანობ და ძილის წინ უაზროდ ოპტიმისტი ვხდები, მჯერა რომ ხვალიდან “გამოვსწორდები”. ეს “ხვალ” რომ არასდროს არ დგება ყველამ ვიცით. ამიტომ როცა შუალედური გამოცდა ახლოვდება, მხოლოდ იმის ილუზია გვრჩება,  რომ ერთ დღეში მოვასწრებთ ყველაფერს.

[textmarker color=F7D358]✔გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ცხოვრებაში ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ როცა სინდისი გაწუხებს, რომ თავის დროზე არ ისწავლე და ამის გამო ახლა “ტანჯვა-წამება”გელის, ესეც ძალიან საშინელი გრძნობაა. “ტანჯვა-წამება” ძალიან გადამეტებული სულაც არაა. მემგონი, ადამიანის ტვინს იმის უნარი არც შესწევს, ერთ ღამეში შუალედურის ყველა საკითხი  დაიმახსოვროს; დაუსრულებლად სწავლა და ყველა გამოცდაში მაღალი ქულის მიღება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასეთი არ ვარ. თავიდანვე ვიცოდი, რომ უნივერსიტეტში ფეხის შედგმის პირველივე დღიდან  გულმოდგინე სტუდენტი ვერ ვიქნებოდი.

და ასე მომიახლოვდა პირველი შუალედური. წინა დღეს დიდი გეგმები მქონდა, რაც მთელი დღე შეუსვნებლად მეცადიენობას და ასეთ აბსურდულ რაღაცეებს ითვალისწინებდა. სამეცადინოდ დაჯდომა მხოლოდ საღამოს მოვახერხე, ბოლოს კი დავასკვენი,რომ ეს ნერვების აშლა უფრო იყო საკუთარი თავისთვის,ვიდრე მეცადინეობა. ყველაზე კარგად ის ვიცოდი, რომ გამოცდაზე არავის აინტერესებს, სკოლაში როგორ სწავლობდი, რა პრობლემები გაქვს, ეროვნულის ქულებიც არავის ახსოვს, აქ მხოლოდ შენ ხარ და ჩასაბარებელი საგანი. ამ ყველაფრის მიუხედავად წინა დღესაც ბევრი ვერაფერი ვისწავლე.
ასე ჩავაბარე პირველი გამოცდა,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ მეცადინეობის გარეშე ჩაბარებით ვამაყობ. ქულაზე კი არ ვიტყვი არაფერს, რადგან აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენ, ყველამ, ასე თუ ისე ვიცით, რისთვის ჩავაბარეთ, გვინდა,რომ ოდესმე როცა უნივერსიტეტს დავამთავრებთ ჩვენი პროფესიით ვიმუშავოთ და საკუთარი შემოსვლი გვქონდეს, ყველას გვიოცნებია, როგორ სახლს, მანქანას ვიყიდდით, სად წავიდოდით დასასვენებლად; მაგრამ ისე მაინც არ ვსწავლობთ, როგორც საჭიროა. რატომ? არ ვიცი, ალბათ ჯერ მაინც ჩამოუყალიბებლები ვართ იმისთვის,რომ ამდენი ნებისყოფა გაგვაჩნდეს,ოდესმე კი აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ისეთები გავხდებით, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ და მერე ამდენ სიზარმაცესაც და წინა დღით მეცადინეობებსაც ვაპატიებთ საკუთარ თავებს.

ამიტომ მეც ვიზარმაცე და  წიგნის გადაშლას ბლოგის დაწერა ვამჯობინე, შუალედურებისთვის სამეცადინოდ კი წინა დღეც მეყოფა.

ავტორი: ხატია დანელია

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები