როგორ ვემზადები გამოცდისთვის

ARIS ბლოგერი

ოჰ, ჯერ ადრეა ერთი კვირა წინ მაქვს… რა უნდა ამას ორ დღეში ვისწავლი… აუ ხვალ გამოცდა მაქვს, დღეს მთელი დღე ქსეროქსებს უნდა ჩავუჯდე… კარგი ჯანდაბას, ჯერ  დაქალს ვნახავ ერთი-ორი საათით… სახლში დაბრუნებისას აღმოვაჩენ რომ ძალიან მშია, წავიხემსებ. მერე ყავა მინდება… ვსო ახლა ერთ კარგ ფილმს ვუყურებ და სწავლას შევუდგები… აი სამი საათი შესრულდეს და აუცილებლად დავიწყებ სწავლას… სამიც შესრულდა, გადაცდა კიდეც…

ასე მიდის საქმე საღამოს თერთმეტ სააათამდე, მერე წუწუნი იწყება facebook-ის იმ საგნის ჯგუფში, რომლის გამოცდაც მეორე დილით გვაქვს, როცა აღმოაჩენ. რომ შენსავით ჯერ ბევრს არ  დაუწყია მეცადინეობა, თითქოს გულზე გეშვება, ხვდები რომ მარტო არ ხარ, მაგრამ ეს მაინც არაფერს არ ცვლის, ქსეროქსების „ხროვა“ მაინც შენი წასაკითხია…

და აი, როგორც იქნა ჯდები სასწავლად, გვერდით ფინჯან ყავას იდგამ, რათა ქსეროქსებთან არ ჩამოგეძინოს და ფხიზლად იყო, ამის პარალელურად facebook-ში კომენტარებს ადევნებ თავს, რომელმა შენმა ჯგუფელმა რამდენი გვერდი წაიკითხა…

ყველაზე მეტად ის მახარებს ხოლმე როდესაც მავანნი წერენ რომ კითხვა ჯერ არც კი დაუწყიათ, ამ დროს ვხვდები რომ მე ერთი ნაბიჯით წინ ვარ და გულს უხარია. კითხულობ… კითხულობ… კითხულობ და ბოლოს შენს თავს ეუბნები ნეტა რა წავიკითხეო. ბოლოს საქმე იქამდე მიდის, რომ ხვდები ახლა არაფრის წაკითხვას აზრი არ აქვს და გადაწყვეტ, რომ დილით 6 საათზე გაიღვიძო და დასვენებულ გონებაზე წაიკითხო ქსეროქსები. მაღვიძარას აყენებ, მაგრამ როგორც კი 6 საათი მოდის და შენი „ჯალათიც“ რეკავს და გაუწყებს რომ ძილს უნდა გამოემშვიდობო და სწავლას შეუდგე, გადაწყვეტ რომ მაღვიძარა 7 საათზე გადააყენო და ერთი საათით კიდევ გაიხანგრძლივო ძილი…

ძლივს ვაი-ვაგლახით იღვიძებ და კითხვას იწყებ, მაგრამ ხვდები რომ საკმარისი დრო აღარ გაქვს, შემდეგ გადაწყვეტ რომ უნივერსიტეტამდე მისასვლელად საჭირო ერთი საათიც გამოიყენო და იწყება ავტობუსსა და მეტროში, ქსეროქსში თავჩარგული სიარული.

კიბეებზე ისე ადიხარ, წინ არც იყურები და შენგან მოულოდნელად უკვე აუდიტორიაში ხარ, სადაც სულ მალე გამოცდა დაიწყება. როგორც წესი რომელიმე საკითხს ყველაზე ზერელედ სწავლობ და დარწმუნებული ხარ, რომ ეს საკითხი შენ არ შეგხვდება, მე იმ იღბლიანთა რიცხვში ვარ, რომელსაც ამ მხრივ ყოველთვის უმართლებს.

სტუდენტთა უმრავლესობა ჩემსავით იქცევა, ბოლო დღისთვის შემოვინახავთ ხოლმე ყველაფერს და ყოველ ჯერზე ვამბობთ, რომ მომდევნო გამოცდისთვის ასე აღარ მოვიქცევით და სწავლას რამდენიმე დღით ადრე დავიწყებთ, თუმცა უკვე მეოთხე კურსზე ვარ და სხვაგვარად ჯერ არასოდეს მოვქცეულვარ. მაგრამ  ყველაზე გასაკვირი იცით რა არის?  გამოცდის შედეგი ყოველთვის რომ კარგია, ამ დროს შენ თავს ეჩხუბები:

„მე რომ ნორმალურად ვმეცადინეობდე, მერე რას ვიზამდი, ნამდვილი ვუნდერკინგი ვიქნებოდი“.

ალბათ, რომ არა ლექციებზე სისტემატურად სიარული და ლექტორის ყურადღებით მოსმენა გამოცდების ჩაბარების შანსი ნაკლები იქნებოდა.

მოკლედ არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ სტუდენტები გამოცდისთვის მომზადებას ერთი კვირით ადრე იწყებენ…დამიჯერეთ ასე არ ხდება, და თუ ვცდები თეთრი შურით მშურს იმ სტუდენტების, რომლებსაც ასე მოქცევა შეუძლიათ.

იხილეთ ასევე: გამოაგზავნე მასალა თემაზე გამოცდის წინა ღამე და მიიღე ჰონორარი!

ავტორი: სალომე თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები