მზადება გამოცდისთვის

ARIS ბლოგერი

დღეს:  შემდეგ ორშაბათს გამოცდაა. პირობა დავდე რომ დღეიდან ვიწყებ მეცადინეობას. თუმცა დღეს კვირაა, ცოტას გავერთობი მეგობრებთან ერთად და ხვალიდან აუცილებლად დავიწყებ!

ხვალ:  წვიმს, შესანიშნავი ამინდია ფილმის სანახავად. ცხელი ჩაი, სითბო, ტარანტინოს რომელიმე შედევრი. მიყვარს ასეთ დროს სახლში ყოფნა. ხვალიდან ვიწყებ მეცადინეობას!

ზეგ:  დღეს ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, სახლში ყოფნა არ მინდა. გავალ გოგოებთან იქნებ გული გადავაყოლო. ხვალიდან აუცილებლად დავიწყებ მომზადებას!…

[textmarker color=F5A9E1]✔გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ასე გაივლის მთელი კვირა და დადგება გამოცდის წინა ღამე.  მე ვარ ალისა და ვმოგზაურობ საოცრებათა სამყაროში..ვკითხულობ სათაურს: ,,ისტორიული მეცნიერების კვლევის ობიექტის საგანი. რაში მდგომარეობს სინამდვილის შემეცნებისას ისტორიის მიდგომის სპეციფიკა’’… აღარ მესმის რას ვკითხულობ და როდესაც ვამთავრებ აბზაცს ვიწყებ ხელახლა. რატომ? არც ერთი სიტყვა არ გამიგია და იმიტომ! თვალებს ნახევრად ვახელ. ამ დროს რანკე შემოდის და მიყვება ისტორიული ნაშრომების შესახებ. მას ბროედელი შემოყვება და  საუბრობს მის მიერ ჩამოყალიბებულ სკოლაზე. მგონი ჰალუცინაციები მაწუხებს..

თენდება.. ვზივარ და ვხედავ როგორ ამოდის მზე. მართლა ძალიან ლამაზია,მარტო ამის სანახავად ღირს ღამის გათევა.. ახლა ცოტას წავუძინებ და ავტობუსში გადავიკითხავ დანარჩენს.

ჩამძინებია, მაგვიანდება, სასწრაფოდ გავრბივარ გაჩერებისკენ. ავტობუსში ვკითხულობ. ვიმახსოვრებ, ყველაფერი გასაგებია.

გამოცდაზე: კალამი დამრჩა. ვითხოვე. ტესტები დაგვირიგეს. ჯერ არ გადმომიტრიალებია, პირ-ჯვარი უნდა გადავსახო. აბა წავედით.. წარმატებები!!

ავტორი: ვერა აბაზოვა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები