ბექა ადამაშვილი – “სარკაზმია ხეების მოჭრა სუფთა ჰაერზე სახლის ასაშენებლად”

ინტერვიუ

,,ცხოვრება მერვე სართულზე გადმოსული ადამიანის პიანინოს ჰგავს – მძიმეა, მაგრამ უნდა აიტანო’’.

ბექა ადამაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის 1_ლი კურსის სტუდენტია, ის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებაზე სწავლობს, 2013 წელს, პროექტ ,,შემოდგომის ლეგენდაში’’ გაიმარჯვა, პარალელურად აქტიური ბლოგერიცაა და ბევრი პოპულარული შარჟის ავტორიც. 2014 წლის ოქტომბერს კი მან მკითხველებს წიგნი ,,ბესტსელერი’’ შესთავაზა. დღესდღეობით მუშაობს სცენარისტად ვასიკო ოდიშვილის გადაცემა „აბებში“. ბექა, რომლსაც მიაჩნია, რომ ჰაერი კაცობრიობას იუმორივით სჭირდება, დღეს ჩვენი სტუმარია.

199

დაახასიათე შენი თავი ლაკონიურად, რამდენიმე სიტყვით.

ტრანსცენდენტური, იმანენტური, სინტაგმატიკური და ისეთი სიტყვების მოყვარული, რომელთა ზუსტი მნიშვნელობაც არ იცის.

რა მოგცა უნივერსიტეტმა საბოლოო ჯამში?

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

განათლება, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვიყენებ, მეგობრები, რომლებსაც უკვე იშვიათად ვხვდები და „კიდო ბუნდღა“.

შენს ხუმრობებს მარტივად იტაცებენ. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

ზოგადად, ხუმრობის მოწონების ძირითადი მიზეზები, ალბათ, მისი სიმარტივე, სასაცილოობა და აქტუალურობაა. და „გიჟივით ვიცინი“, „აჰაჰაჰა, ცხოვრება მშვენიერია“, „მიპწკინე და ჩამილურჯდება“ ტიპის ფეისბუქ-გვერდების შემთხვევაში, უფრო ხშირად და უფრო მეტად, რაიმე ახალი პოსტის დადების სურვილი, ყოველგვარი საავტორო უფლებების დაცვის გარეშე, რა თქმა უნდა.

გაიხსენე რამდენიმე ხუმრობა/იუმორისტული გამონათქვამი, რომელიც ძალიან მოგწონს.

„რა იყო რამხელა ხარ, წყალს გისხამენ? ჰაჰ“, „ისე წვიმს, ნოემ ტაქსაობა დაიწყო“, „რა იყო – ლიფტში ცხოვრობ?“, „წინ დაჯექი, მალე მიხვალ“, „ნუ გეშინია, მეც მეშინია“, „თავი რატო არ დაგრჩა?“, „თბილისში გიორგის იცნობ?“, „სახლში იციან აქ რომ ხარ?“ – ამათ გარდა, ნებისმიერი.

,,facebook_მა რა ჰქმნა?’’

გრძელი ისტორიაა, ოდესმე მოგიყვები.

გსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

თუ გარშემო არავინაა, კი.

როგორ წარმოგიდგენია მოხუცი ბექა ადამაშვილი?

ტრანსცენდენტური, იმანენტური, სინტაგმატიკური და ჭაღარა.

,,ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ’’. სხვას არაფერს აკეთებ?

სიმართლე რომ ვთქვა, აღარც მაგას ვაკეთებ.

რა ადგილი უკავია მწერალს მსოფლიოში, რა არის მისი მთავარი ფუნქცია?

ალბათ, გარკვეულ საკითხებზე გარკვეული ადამიანების გარკვეული კუთხით დაფიქრება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა. ან არც.

რას ნიშნავს შენთვის სარკაზმი?

ხეების მოჭრა სუფთა ჰაერზე სახლის ასაშენებლად.

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

ქვითარს რომ ითხოვენ ადამიანები ჩასარიცხი აპარატებიდან, ჭმუჭნიან და იქვე აგდებენ. ზოგადად, ნაგვისთვის ნებისმიერი არასათანადო ადგილის მიჩენა მაღიზიანებს.

გაიხსენე შენს ცხოვრებაში ბედის ირონიის კლასიკური მაგალითები.

არაკლასიკურიც არ მახსენდება. ერთადერთი ბედის ირონია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო, არის და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება, ყოველ ახალ წელს, ნებისმიერ არხზე გამავალი რიაზანოვის ცნობილი ფილმია.

რამდენად მნიშვნელოვანია იუმორი კაცობრიობისთვის?

ჰაერივით მნიშვნელოვანი თუ არა, იმ ხესავით მნიშვნელოვანი მაინც, ჰაერს რომ გამოიმუშავებს. კონფუცის რომ ეთქვა, უფრო ბრძნული გამოჩნდებოდა, ვიდრე სინამდვილეშია.

,,ბიჭს არასოდეს გაუღიმო ისე, რომ ეგონოს ბედი უღიმის’’_ შენი სიტყვებია. არ უღიმის შენი მხრიდან გოგოებს ბედი?

საინტერესო შეკითხვაა, გმადლობთ 

აქამდე საზოგადოება გიცნობდა როგორც ბლოგერს, წიგნის ავტორს, კიდე რას უნდა ველოდეთ, ანუ როგორია შენი სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში ვაპირებ ვისადილო და დავასრულო „მისტერიების“ კითხვა. დანარჩენზე მერე ვიფიქრებ.

პ.ს. ბექა ადამაშვილის რჩევა ახალგაზრდებს – იშვიათად დაუჯერონ 25 წლის ახალგაზრდის რჩევებს.sh2sh6shssh4sh5

 

ავტორი: ნათია დაშნიანი

იხილეთ ასევე: ლია ლიქოკელი – “ტანჯვის ნიჭი მაქვს მომადლებული”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები