რა საჭიროა წიგნების კითხვა?

ბლოგი

მას შემდეგ რაც სკოლაში ფეხი შევდგით,  გავაცნობიერეთ, რომ წიგნი ადამიანის მეგობარია, ნუ ყოველ შემთხვევაში უფროსები გამუდმებით ამას ჩაგვჩიჩინებდნენ. მას შემდეგ კი ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს, დროსა და ენერგიას ვუთმობთ წიგნების კითხვას.

არაერთხელ მომისმენია  შემდეგი ფრაზები: უსწავლელობა სიბნელეა, განსწავლულობა კი სინათლეო, მე თუ მკითხავთ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენი განსწავლულობის გამოყენებას. თუ ადამიანი ვერ იყენებს იმ ცოდნას რასაც წლები შეალია, მაშინ რა აზრი აქვს მის ცოდნას?

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

არსებობს წიგნები, რომლის წაკითხვაც ერთხელ არ გვაკმაყოფილებს და იმისათვის რომ კვლავ განვიცადოთ კითხვისგან მიღებული ესთეტიკური სიამოვნება, ხელახლა ვკითხულობთ მას და ასევე არსებობს წიგნები რომლის წაკითხვის სურვილს მაშინვე ვკარგავთ როგორც კი გადავშლით მას.

კარლო გოლდონო ამბობდა: ,,ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასდროს არ არის მარტო“. კარგ წიგნში რომელ წიგნს გულისხმობდა გოლდონო ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია. წიგნის ,,სიკარგე’’ შეიძლება გამოიხატებოდეს იმით, თუ რამდენად უკავშირდება იგი ეპოქას, საზოგადოებაში დამკვიდრებულ აქტუალურ პრობლემატიკას, ადამიანების ხედვას და ა.შ. თუმცა ერთი უნდა ითქვას წიგნების კითხვისას ადამიანი, ყოველთვის აღმოაჩენს ახალ სამყაროს და ყოველთვის დაინახავს იმას, რასაც მანამდე ვერ ხედავდა.

წიგნს შეუძლია იყოს ადამიანის საუკეთესო მრჩეველი, რადგან მას შესწევს ძალა დააფიქროს ის ცხოვრებაზე, არსებობაზე, სირთულეებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, დამოკიდებულებებზე მოვლენების მიმართ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე.

მე მიყვარს კითხვა, თუმცა არ შემიძლია ვიკითხო მაშინ, როცა ამას მავალებენ, მე ვკითხულობ მაშინ როცა სიახლის დანაკლისი მაქვს, ვკითხულობ იმას რაც საუკუნეების წინ დაწერილა და დღესაც არ დაუკარგავს ის ღირსება , რასაც ინტერესის აღძვრა ჰქვია მკითხველში. ხანდახან ვკითხულობ უკვე წაკითულსაც , თუმცა ყოველთვის არის რაღაც ახალი, რასაც მხოლოდ მეორე, მესამე  წაკითხვისას აღმოვაჩენ ხოლმე.

და ბოლოს  უნდა  გავიმეორო  ციცერონის სიტყვები: ,,წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშსაფარს და დამშვიდებას იძლევა“.

იხილეთ ასევე: ფრანც კაფკას სასიყვარულო წერილი

ავტორი: თამარ აბრამიშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები