,,როგორც კი დათანხმდები იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებ, მიიღებ იმაზე ნაკლებს, რასაც დათანხმდი.’’ – ეს ფრაზა ნიკოლოზ ტოტოღაშვილის საყვარელი სიტყვებია. სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსზე სწავლობს, პარალელურად ლექსებსაც წერს და თანატოლებში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა შემოქმედთან.
როდის და როგორ დაიწყე წერა?
სამი წლის წინათ, ძალიან ჩვეულებრივ გადავწყვიტე ლექსი დამეწერა, ბავშვობის ნაჯღაბნების შემდეგ აღარ გავჩერდი.
შენი ლექსები დღეს საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელში. როგორია კარგი პოეტის შენეული განსაზღვრება?
ჩემთან მიმართებით, სიმართლე გითხრა, ეგ სახელი, პოეტს ვგულისხმობ, დიდად არ მომწონს, განა იმიტომ რომ არ შემეფერება, უბრალოდ არ მინდა. ალბათ, პოეტი ისე უნდა წერდეს როგორც ცხოვრობს და ისე უნდა იცხოვროს როგორც წერს.
,,მედიცინა პროფესიაა… პოეზია კი ცხოვრება’’ – აღნიშნე ერთ-ერთ ინტერვიუში. და თუ პოეზია ცხოვრებაა შეძლებ იცხოვრო პროფესიის გარეშე?
ბევრი ადამიანი ცხოვრობს პროფესიის გარეშე და არც მე გამიჭირდებოდა ალბათ ასე ყოფნა. თუმცა საჭიროდ არ ჩავთვალე ასე მეცხოვრა, ავარჩიე ჩემი მომავალი პროფესია.
მედიცინა და პოეზია არც ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რატომ გადაწყვიტე ამ პროფესიის არჩევა?
ხშირად მეკითხებიან და ვერ ვხვდები რატომ. ანუ რადგან ლექსებს ვწერ აუცილებლად მასთან ახლოს მდგომი პროფესია უნდა მქონდეს? ექიმობა ყოველთვის მინდოდა და ბოლო კლასში საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა, თუმცა ლექსების წერის გზა მედიცინისგან განსხვავებით მე არ ამირჩევია – რომც არ მინდოდეს დაწერა მაინც დავწერ, სხვანაირად არ შემიძლია.
რა არის შენი ლექსების მთავარი თემატიკა?
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
იმაზე ვწერ რისი კონკრეტული განცდაც მაქვს ლექსის წერის პროცესში, უმეტეს შემთხვევაში ეს სიყვარულია, თუმცა თემატიკას განზრახ არ ვარჩევ თუ რაზე უნდა დავწერო ლექსი.
როგორი გარემო გჭირდება იმისთვის რომ ლექსი დაწერო?
მშვიდი და წყნარი, არც სიგარეტზე და კლასიკურ მუსიკაზე ვამბობ ხოლმე უარს, თავისებურ ხასიათზე მაყენებს და ეს მეხმარება.
პოეზიისა და ლექსების წერის გარდა რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?
ფეხბურთის ყურება, არც თამაშს ვერიდები, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად კარგად გამომდის და უფრო ხშირად თავს ვიკავებ ხოლმე.
როგორ ფიქრობ, რა არის შენი ლექსების პოპულარობის მიზეზი?
ზოგადად ჩემს ტკივილებს და ემოციას ვწერ ხოლმე, ხალხს კი ეს მოწონს და ითავისებს, რაღაც თავისიანს პოულობენ ამ ლექსებში, როგორც მეუბნებიან. ამ დროს არ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს ხოლმე, რომ ჩემს გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იგივე ტკივილი აქვთ და ამ ყველაფერს ითავისებენ.
არის რამე, რასაც შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში?
არაფერს შევცვლიდი. თუკი ყველაფერი კარგადაა, შესაცვლელი არც არაფერია და თუ ცუდად – არც ეს არის შესაცვლელი. საჭიროა ცხოვრებაში, სინანულიც, შეცდომებიც და იმედგაცრუებებიც, ბოლოს და ბოლოს „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“.
მოფილოსოფიურო კითხვა: გიფიქრია ცხოვრების დანიშნულებაზე, მიზანზე?
არ მიფიქრია, ჩემი აზრით, ეს ცხოვრება საკმარისად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მის დანიშნულებაზე და მიზანზე იფიქრო.
გამოარჩევდი ერთ ლექსს, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს შენს პიროვნებას?
ჩემი ყველა ლექსი ჩემზე საუბრობს, თუმცა არის რამდენიმე, რომლებშიც ყველაზე მეტის გაგებაა შესაძლებელი ჩემ შესახებ. მაგალითად ლექსში, ,,კაცი, რომელიც იცინის’’.
შენი თაობის წარმომადგენლებზე რა აზრის ხარ?
ძალიან ბევრ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებს ვიცნობ ჩემს თაობაში და მიხარია ეს ყველაფერი.
რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
წინასწარ არაფერს ვგეგმავ, ამას ხშირი იმედგაცრუება მოჰყვება. დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორც შემიძლია.
კაცი, რომელიც იცინის
გუინპლენს ვგავარ,
ბრმად რომ უყვარს თავისი დეა,
რომელსაც დანით ამოკაწრეს მკვდარი სიცილი,
სახეზე ხოდა რა მაცინებს,
არ ვიცი,
დაე,
მესროლეთ ვცდი რომ ერთი ტყვიაც არ ამაცილოთ.
მასხარა იყო,
სასაცილოც ამდენად მგონი,
თუმცა მისდამი სიყვარული მაინც უღირდა,
დანაზე მაგრად რომ იარებს
სიტყვები ტოვებს,
იცის და მაინც თავის გული მოკლა ზურგიდან.
ლურსმნები თქვენთვის,
აიღეთ და სიყვარულს მაცვით,
ნოემბერია და ფოთლებმაც ფერი იცვალეს,
მე კი ვიქნები გუინპლენი
უბრალო კაცი,
კაცი რომელიც წიგნის ბოლოს მაინც იცინის.
“ინტერვიუ” – როგორც გინდა ისე იფიქრე!
ის – მაცდურივით, დამაბნეველს მისვამდა კითხვებს…
მე – “ყოვლის-მცოდნე”, სიამაყით ვცემდი პასუხებს…
-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს?
-მე მას მადლობას მოვუხდიდი ქალის შექმნისთვის..!
-და ზოგი “კაცი” ქალში შედევრს რატომ ეძიებს?
-ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..!
-რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი?
-მიყვარხარს..! – ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..!
-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, – თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!
-შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი?
-არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..!
-და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი?
-მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..!
-და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა?
-მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..!
-რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა?
-მე თავ-დახრილმა ვუპასუხე, შენი თვალები
სტუდენტური სახე: ეკა ყანჩაველი – “ყველაზე დიდ სიამოვნებას მუსიკა მანიჭებს”
ავტორი: ნათია დაშნიანი