ამ დილით წვიმის ხმაურმა გამაღვიძა, ფანჯრის მინები დაბურულიყო. საოცრად მომინდა წამოდგომა და ჩქარი ნაბიჯებით უნივერსიტეტში გაქროლება, მაგრამ გაუთენებელი ღამე იყო, ბნელოდა ჯერ კიდევ. გარეთ უსიცოცხლობა სუფევდა, თითქოს ქალაქიდან ხალხიც ერთიანად გახიზნულა.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ისევ გუშინდელივით ავბუზღუნდი, რატომ მეწყება ლექციები დილის ცხრაზე და რატომ არა – თერთმეტზე, ამ შემთხვევაში ტკბილად განვაგრძობდი ძილს, უკეთ მოვემზადებოდი და ლექციაზეც მშვიდი, დასვენებული სახით წარვსდგებოდი–მეთქი, მაგრამ უცებ გავაანალიზე, რომ საკუთარ თავთან წუწუნი გამოსავალი არ იყო, მაინც ვერაფერს შევცვლიდი. ავიღე მობილური და თანაკურსელს დავუმესიჯე: ,,რას შვრები? – მოდიხარ? “ პასუხი როგორც ყოველთვის აგვიანებს, ეტყობა ძინავს ჯერ კიდევ.
ამასობაში საათის დიდმა ისარმა ათი წუთით წინ წაიწია, მივხვდი , რომ ყოყმანის დრო არ მქონდა… უნდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი სიცივეში, ნახევრად გაუთენებელ ქალაქში და მომესმინა ჩემთვის არც თუ საინტერესო ლექცია, მაგრამ ჩემი პროფესიისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია. მოკლედ მთელი სისწრაფით დავიწყე მზადება და ნახევარ საათში სადარბაზოში ვიყავი, როგორც კი ქუჩაში ფეხი გავდგი სიცივემ ამიტანა, თავში პოეზიის ლამაზი სტრიქონები დაქროდნენ:
,, მირბის, მიმაფრენს უგზო–უკვლოდ ჩემი მერანი
უკან მომჩხავის თავბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! “
ალბათ ბარათაშვილსაც აძლევდა რაღაც დიდ სტიმულს, ასეთი გენიალური სიტყვები რომ წარმოსთქვა, მე მივქროდი სწრაფი ნაბიჯებით უნივერსიტეტისკენ და გულით მწამდა, რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი წარმატებასთან მაახლოვებდა, თან ვბუტბუტებდი:
,,გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი !
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა.“
ავტორი: თამარ აბრამიშვილი
როცა ლექცია დილის 9 საათზე მაქვს