ჰოო, პირველ რიგში, მოგესალმებით. მინდა მოგითხროთ იმ ტკივილის შესახებ, რომელსაც ყოველი სტუდენტი განიცდის კვირაში ერთხელ მაინც, მაგრამ როგორც გალაკტიონი იტყოდა: “ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის.” იცით უკვე რაზეც ვსაუბრობ, ესაა ლექცია დილის ცხრა საათზე. (რა ბოროტად ჟღერს -_- აი ისე, ვიდეოში ბოროტ გადახარხარებას რომ დაადებ ფონად 😀 ) კარგით, რაღა ბევრი გავაგრძელო და დაივწყებ:
მე პირველკურსელი ვარ (პინგვინიო თუ რაღაცა :D). მოკლედ, წელს დავამთავრე სკოლა და ჩავირიცხე თსუ-ში. რაღა დაგიმალოთ და ვფიქრობდი, უნივერსიტეტს ერთი დადებითი თვისება ის მაინც ექნება რომ, დილით ადრე არ ვიქნები წასასვლელი და გემრიელად გამოვიძინებ-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ისე ტკბილად და თბილად ჩამისვეს ლექცია დილით რომ მეტი არ შეიძლება, თან პარასკევს დღეს 🙁 არადა, როგორ მიყვარდა ეს დღე ერთ დროს. პარასკევის მერე ხომ შაბათი მოდის, კარგი და ლაღი შაბათი დღე, მაგრამ ახლა შაბათობითაც ვსწავლობ და თან პარასკევს დილით მაქვს ლექცია. რა არაა საკმარისი მიზეზი ამ დღის საშვილიშვილოდ შესაძულებლად??
ჰო, ახლა მეორე უბედურებაზე გადავიდეთ ——–> გლდანში ვცხოვრობ. დიახ, გლდანიდან დავდივარ ყოველ დღე და პარასკეობით კი დილის რვის ნახევარზე გავდივარ სახლიდან, რათა როგორმე ისე მივაღწიო უნივერსიტეტამდე, რომ არ დამაგვიანდეს. ამიტომ, მე, წუთისოფლისგან ასე დაჩაგრულს, მიწევს შვიდის ნახევარზე გაღვიძება (სამწუხაროდ, ბედმა არ დამაჯილდოვა იმ ნიჭით, რომელსაც გაღვიძებისთანავე ადგომა ჰქვია. რას ვიზამთ, ვის როგორ უმართლებს). როგორც კი მივა წყეული ისარი 06:30-ზე და დარეკავს მაღვიძარა, აი ვსიო, იქ იწყება ჩემი კოშმარი. გავთიშავ და ათ წუთში კვლავ რეკავს, ისევ გავთიშავ, ის კი მაინც არ ნებდება და რეკავს და ასე გრძელდება შვიდამდე. ნუ, მერე დედაჩემი შემოდის და ფრაზებით: ადექი, ანა შვილო, დაგაგვიანდა, აღარ შეგიშვებს ლექტორი, სირცხვილია, დამთავრდა ლექცია, ეგ იმის ბრალია გვიან რომ დაწექი, ენერგია არ გყოფნის ხომ ხედავ, თაფლიანი წყალიც არ დაგილევია (ეს ყველაზე “სტროგი” ფრაზაა, ისე :D), გამოვიტანოთ ბარემ საბუთები – და ბოლოს – ანააააააა!! და, რა თქმა უნდა, მეც ვმორჩილდები ჩემს სასტიკ ბედს და ვდგები…
ახლა გადავიდეთ მესამე უბედურებაზე. მოგეხსენებათ, ალბათ, დილაობით რაოდენ გადაჭედილია ჩვენი დედაქალაქი: სამსახურებში მიდის ხალხი, ბავშვები სკოლებში, სტუდენტები ხო საერთოდ, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს შევადგენთ. ამ ყველაფერთან ერთად საცობები – „ნიკოფსით-დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული“. ამიტომ, ეს მესამე უბედურება არის გზა. დიახ, დიდი და ბოროტებით აღსავსე გზა – გლდანიდან ჭავჭავაძემდე: ვიწყებთ ე.წ “მარშრუტკით”, შემდეგ ახმეტელის მეტრო და ბოლოს ვაგვირგვინებთ 140 ნომერი ავტობუსით (ნუ, ხანდახან 61-ით და 88-თაც).
მეტრო – ეს ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა, მაგრამ აქ შეიძლება: გაგსრისონ, გაგჭყლიტონ, თავზე დაგასხდნენ, ფეხზე დაგაბიჯონ და ბოდიშიც არ მოგიხადონ, მერე ამ ყველა სიკეთესთან ერთად ციგნის ბავშვები ამოცვივდებიან და გაგრძელება თქვენც იცით. ეს ყველაფერი კი დილაობით ორმაგადაა გამძაფრებული, რადგან უკვე აღვნიშნე რომ პიკის საათია. მოკლედ, ბევრს ივლი თუ ცოტას, მიადგები რუსთაველს. აქ კი იწყება ბრძოლა წესების გარეშე. აი, ისეთი დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში და მძღოლი რომ ფეხით მოდის. აეტენები ავტუბუსში როგორმე, თუ გაგიმართლა პირველივეში თუ არადა, მეორეც ხომ მოვა, ან მესამე, მეოთხე… როგორც იქნება ხო ახვალ, კი არა აგიტანენ და დაეყუდები. მერე ისმის: ბარათი გადააწოდეთ რა, აუ ჩემიც რა, აუ ჩემიც, ლარიანის ხურდა არავის გაქვთ? უი, სტუდენტური დამრჩა, ნეტა არ იდგეს კონტორლიორი, თუ იდგება და ილიასთან ჩამოვალ, შემდეგ გაჩერებაზე… ასე იქნება თუ ისე, მიაღწევ უნივერსიტეტს. ჩამოხვალ (ან ჩამოგიტანენ) ავტობუსიდან და კისრისტეხით გავარდები აუდიტორიისკენ, რომ როგორმე ცოტა წინ შეგხვდეს ადგილი და ცხრა მთას იქით არ მოგიწიოს დაჯდომამ (თუ მეგობრები უკვე იქ არიან კი შეგინახავენ ადგილს, მაგრამ თუ ისინიც აგვიანბენ?! არ დაგვავიწყდეთ, დილის ცხრა საათია).
გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. იწყება ლექცია: აუდიტორია ნახევრადაა შევსებული. ლექტორი წუწუნებს, ნწ ნწ რატომ აგვიანებენო (რა საინტერესოა, ნეტავ რატომ?? :)) ) დაიწყებს ლექციას და კარზე კაკუნი ყოველ 2-3 წუთში. დაბნეული და შეშინებული სტუდენტები კითხვით: შეიძლება შემოვიდე? გაბრაზებული, მაგრამ მაინც კმაყოფილი ლექტორის პასუხი: დღეს კი, მაგრამ შემდეგიდან არა. (ნეტავ მანახა ის შემდეგი როდის მოვა 😀 ) ასე გრძელდება სადღაც თხუთმეტი წუთი. ვინც მეტს აგვიანებს, ის ლექციის მეორე ნაწილზე შემოდის მიზეზებით: საცობში მოვყევი, “მარშრუტკა” ნელა მოდიოდა, ავტობუსმა გამომასწრო და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არ ამბობს სიმართლეს, მწარე რეალობას, ეს არის სიტყვა: “ჩამეძინა”, ან ფრაზა: “გუშინ გვიან დავწექი, იმიტომ რომ ერთ ტონას გვაძლევთ სასწავლს და ჩამეძინა”.
ნუ მოკლედ, უსმენ, უსმენ ლექტროს და ხვდები რომ უსაშველოდ და უძალანმაგრესად გეძინება. მიმოიხედები და მარტო შენ არ ხარ ასე: ვიღაცებს თავი ჩამოუდიათ მერხზე, ვიღაცები მესიჯობენ, ვიღაცები სელფებს იღებენ, მაგრამ მაინც აუდიტორიაში ყველაზე მეტად ჭარბობს მერხზეთავდადებულთა გაერთიანებები.
იცით, დილის ცხრა საათზე ყველა სტუდენტი ერთნაირი ხდება. ეს მაგიური ციფრი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს: ძლიერსა და სუსტზეც, ბეჯითსა და ზარმაცზეც. ყოველი მათგანი გამოღამებული თვალებით შესცქერის ლექტორს და მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებს თავში: რამდენი წუთიღა დარჩა დამთავრებამდე??..
ავტორი: ანა ბულაშვილი
როცა ლექცია ცხრა საათზე მეწყება