დილა ჩემი ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც ერთდორულად ყველაზე ბედნიერი ვარ და უბედურიც ( რა თქმა უნდა, ეს განზოგადება არ შეეხება განურჩევლად ყველა დილას). დილაობით ბედნიერიც ვარ და უბედურიც. ბედნიერი იმით რომ გავიღვიძე, უბედურიც ამავე მიზეზით ვარ.. გამაღვიძეს.. გაღვიძება მომიხდა ადრე დილას.. თუ საერთოდ შესაძლებელია რომ ერთდროულად ბედნიერიც იყო და უბედურიც, თან გიხაროდეს და თან გწყინდეს, ეს მე მემართება დილაობით, როდესაც ლექცია ცხრა საათზე მაქვს.დიახაც, ეს შესაძლებელია და ამ ‘სასწაულის „ ძალას გრძნობს ყველა, ვინც დილით განთიადთან ჭიდილში იმარჯვებს და მერე მობუზული, მაგრამ დარწმუნებული თავისი მოქმედების სისწორეში , მიუყვება გზას, თავის გზას..
მე სტუდენტი ვარ.. ჩვეულებრივი.. უბრალო.. თსუ-ში ვსწავლობ.. მე ჩვეულებრივი ვარ. აი, იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს ცხრილზე, რომელიც ჩემს დღეს „მოწესრიგებული მოუწესრიგებლობით’ ანაწილებს. დილით ცხრაზე ლექცია, მერე ყველაზე დიდი „ფანჯარა’ მთელს მსოფლიოში-ხუთი საათი, მერე ერთი ლექციაც გაცდება და აღმოჩნდება რომ ხუთი საათი ამაო იყო ლოდინი.. ან უკეთეს შემთხვევაში ( ეს ვისთვის როგორ ) ორი საათი ლექცია და მერე შეღამებულზე უკან, სახლში დაბრუნება.. ისე რომ საერთოდ ვერ ხვდები როგორ გავიდა 24 საათიდან სულ მცირე 15 საათი..ცხრილებზე მოგვიანებით იყოს..ახლა იმ მომენტზე შევჩერდეთ, როდესაც მაღვიძარას“ წყეული“ ისრები შვიდ საათს უახლოვდება და ჩემი აპოკალიფსიც აქედან იწყება..
ზოგადად თენდება..ჩვეულებრივ, ასეც ხდება..ეს ბუნებრივია, ისევე როგორც ძილი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ენერგიისა და ძალების აღდგენას ემსახურება..მაგრამ ამ ბუნებრივი ბუნებრიობის დასასრული მაშინ იწყება როდესაც დილაობით ლექცია მაქვს.
და მე ყოველ დილით 7 საათზე ვკლავ ჩემს მაღვიძარას, როცა ის მიფრთხობს ძილს და მაღვიძებს თავხედურად, იმ დღეებში როცა ლექცია დილის ცხრაზე მაქვს..
და მე ყოველ დილით ვფიქრობ განათლების იმ ამოუცნობ მიზანზე, რომლის გამოც ლექცია ცხრა საათზე მაქვს დილით, და არა 10-ზე ა ნ 11-ზე..
და მე ყოველ დილით რომანტიულ-ტრაგიკული სცენებით ვემშვიდობები ჩემს ტკბილ ბალიშს და უფრო ტკბილ სიზმრებს, იმაზე ფიქრით რომ სულ რაღაც 15 საათში ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ როცა დილის ცხრაზე ლექცია მაქვს..
და მე მთქნარებით მობუზული და გათოშილი საათობით ვდგავარ ჩემნაირად გამოუძინებელი ხალხის გრძელ რიგში და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მაგივრად ველოდები 120 ნომერ “მარშუტკის“ ჯეელ მძღოლს, რომელსაც ყველაზე ფხიზელი თვალები აქვს…და ვფიქრობ, როდის მიგვიღებენ ნატოში…
მერე კიდევ ორი ამდენი საათი „მარშუტკის“ ხალხმრავალ სივრცეში ვდგავარ და ნახევრად ცარიელი ქუჩების შემხედვარე ახალ თეოორიებს ვქმნი..პითაგორაზე ნაკლები რით ვარ-ს რწმენით..
და მერე ლექციაზე მისულს სასტიკად მეძინება, ძალიან და ყველაზე მეტად..
ეს ყველაფერი მაშინ ხდება როდესაც დილის ცხრაზე ლექცია მაქვს..უარყოფითის გვერდით ხომ ყოველთვისაა დადებითი..
P.S. დღეს ადამიანთა უცვლელობის თეორემას ჩავწვდი.. 9 საათიანი ლექცია გაცდა…
ავტორი: ანა ურუშაძე