ნათია ზარანდიამ უნივერსიტეტი სამი წლის წინ დაამთავრა, ხატვა კი სკოლის ასაკში დაიწყო, დღეს მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები დიდი მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელში. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ნათიასთან და მისი შემოქმედების ნიმუშებს.
– ნათია, რომელ უნივერსიტეტში და რა მიმართულებით სწავლობდი?
– ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
– ამ მიმართულებას მხატვრობასთან დიდი კავშირი არ აქვს, რატომ აირჩიე?
– იმიტომ, რომ პრაგმატულად ვუდგებოდი მაშინ რაღაც საკითხებს. თან ჩემს ქალაქში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი არ იყო, ასე რომ, ეს ვარჩიე. ვიცი, რომ არ აქვს მხატვრობასთან კავშირი და ვნანობ კიდეც ჩემს არჩევანს.
– ხატვა როდის დაიწყე? აპირებ თუ არა სამომავლოდ ამ მიმართულებით კურსების ან პროგრამების გავლას?
– სკოლის ასაკში აქტიურად ვხატავდი, უფრო პეიზაჟებს, სტუდენტი როგორც კი გავხდი მუშაობა დავიწყე და რატომღაც მივატოვე, დიდი ხანი, ასე 8 წელი აღარ დამიხატავს და გასულ წელს ისევ მივუბრუნდი, ოღონდ ილუსტრაციებს. სამომავლოდ „დიჯითალ არტში“ მინდა გავიწაფო და ამ საკითხს დროის უქონლობის გამო ვაჭიანურებ, მაგრამ მომიწევს მალე. რაღაც შემოთავაზებებზე პროგრამებში მუშაობის გამოცდილების არქონის გამო უარი ვთქვი. ასე რომ, ამ მიმართულებით ვეცდები ვიმუშაო თავზე.
– რომელია შენი საყვარელი მხატვარი და მხატვრული მიმდინარეობა?
– მიმდინარეობა – პოსტ-იმპრესიონიზმი და მხატვარი მისი წარმომადგენლები – ვან გოგი, ტულუზ-ლოტრეკი. გარდა ამისა ძალიან მომწონს პიტ მონდრიანი. თანამედროვეებიდან: ჯერემი გედესი. მაგრამ ვერ გეტყვი, რომ მათი გავლენა იგრძნობა ჩემს ნახატებში. ასეთი მაგარიც ვერ ვარ.
– ხატვის დასაწყებად განსაკუთრებული გარემო გჭირდება? რას გრძნობ ხატვის პროცესში?
– შვებას, რომ, როგორც იქნა, ის სურათი ჩემ წარმოსახვაში, რომელმაც წუხელ მთელი ღამე გამათევინა, გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანა დამაჯახა და ა.შ, ფურცელზე გადმოვიტანე. ხატვის დასაწყებად კი, აუცილებლად საჭიროა განწყობა, გრილი ამინდი, ბუნებრივი განათება ოთახში, სიმარტოვე და მილაგებული სახლი.