– ეს ყველაფერი კარგი, – უთხრა ღმერთმა ანგელოზებს, – მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირი ადამიანიც უნდა შევქმნათ.
– როგორი? – ჰკითხა პირველმა ანგელოზმა.
– აი ისეთი, რომელმაც იცის საჭმლის ფასი, რადგან შიმშილი გამოუცდია. იცის რა რთულია მუშაობა, რადგან გამუდმებით სიზარმაცე და არაფრის კეთების სურვილი სტანჯავს. იცის ძილის ფასიც, რადგან კარგად გამოძინებას არასოდეს აცლიან. – მიუგო ღმერთმა.
– მოდი ეს ადამიანი ოჯახს მოვწყვიტოთ, ამგვარად ის იძულებული იქნება, თავად მოიმზადოს საჭმელი და გარეცხოს საკუთარი ტანსაცმელი. – ჩაერთო მეორე ანგელოზი.
– კარგი იდეაა. ამასთან, ვაფიქრებინოთ, რომ მისი მთავარი მოვალეობა ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებაა და ამისთვის რაღაცები უნდა ისწავლოს. – არ ჩამორჩა მესამე ანგელოზი.
– ჰო, თან ნასწავლი ქულებით შევუფასოთ, შიგადაშიგ კი გამოცდებიც ჩავუტაროთ, მაგრამ პარალელურად გვეცოდინება, რომ რასაც სწავლობს, მომავალში არაფრად გამოადგება. – ჩაიქირქილა მეოთხემ.
– შევუქმნათ სპეციალური სახელმძღვანელოები რთული და უაზრო ტექსტებით, რომელსაც დაიზუთხავენ და ცოდნად აღიქვამენ. – ხელები მოიფშვნიტა მეხუთემ.
– გამოვუყოთ სპეციალური შენობა არაკომფორტული სკამებითა და მერხებით, რომელშიც გაატარებენ დღის უმეტეს ნაწილს, რომ მერე მაქსიმალურად დააფასონ თავისუფალი დრო. – თავისი წვლილი შეიტანა მეექვსემ.
– ჰო, გარდა ამისა, შევქმნათ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ უბედურებს რამდენიმე საათის განმავლობაში ტვინს დაუტორავენ. მეტორეები დავარქვათ. ან დამტორავები. ან ლექტორები. ლექტორები ჯობია. – ბრეინსტორმინგი მოაწყო მეშვიდემ.
– კარგია, გარდა ამისა, მივცეთ დასაქმების იმედი, მაგრამ პესპექტივა არა. ასე მუდმივად მოუხდებათ გადარჩენისთვის ბრძოლა, დაუმეგობრდებიან შიმშილს და ცუდ ჩაცმულობას. – ბეჭედი დაასვა მერვემ.
ყველამ ღმერთს შეხედა.
– ცოტათი კი შემაშინეთ და რამდენიმე წუთით თავი ჯოჯოხეთში მეგონა, მაგრამ ასე იყოს. შევქმნათ ასეთი ადამიანი და დავარქვათ მას სტუდენტი.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].