ფლობთ ინგლისურ ენას მაგრამ გიჭირთ საუბარი? ,,სტუდენტური ამბები” გთავაზობთ 10 რჩევას სასაუბრო ინგლისურის გასაუმჯობესებლად.
1. ისწავლეთ არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ფრაზები
თუ მხოლოდ სიტყვებს იზოლირებულად ისწავლით, საუბრის დროს სიტყვების თანმიმდევრობით დალაგებისა და გრამატიკის გამართვისათვის ძალიან ბევრი ფიქრი მოგიწევთ. ხოლო, თუ ფრაზების შესწავლაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ნებისმიერ სიტუაციაში პასუხი მზად გექნებათ, ზედმეტი ფიქრის საჭიროების გარეშე. ფრაზების ცოდნა დაგეხმარებათ ინგლისურად სრული წინადადებებით, უფრო ბუნებრივად ისაუბროთ.
2. უსმინეთ მეტ ინგლისურს
ინგლისურის შემსწავლელთა უმეტესობა კითხულობს ბევრს და უსმენს ძალიან ცოტას. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ პატარები ენას პირველ რიგში, მოსმენით სწავლობენ, შემდეგ საუბრობენ და ბოლოს კითხულობენ/წერენ.
საუბრის ნახევარი სხვა ადამიანის მოსმენაა და თუ ვერ გაიგებთ მათ ნათქვამს, როგორღა უპასუხებთ სწორად?
გარდა ამისა, მოსმენა გამოთქმის ბუნებრივობის დახვეწასა და აქცენტის შესუსტებაშიც დაგეხმარებათ.
3. ივარჯიშეთ საკუთარ თავთან საუბრით
საუბრის დროს 2 ძირითადი პრობლემა იქმნება: 1. გონებრივი სიძნელე სიტყვების მოფიქრებისა და 2. ფიზიკური სიძნელე მათი წარმოთქმისა. ამ პრობლემის გადაწყვეტაში საკუთარ თავთან საუბარი, ხმამაღლა კითხვა ან სპონტანურად საუბარი დაგეხმარებათ.ასე საკუთარი იდეების სიტყვიერად გადმოცემაში გაივარჯიშებთ. საკუთარ თავთან საუბარი შეიძლება, ცოტა სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ეს ძალიან კარგი სავარჯიშოა თქვენი სასაუბრო ინგლისურის გასაუმჯობესებლად.
4. ეცადეთ, იფიქროთ ინგლისურად
ინგლისურად დალაპარაკებამდე საკუთარ ენაზე ფიქრობთ და შემდეგ თარგმნით გონებაში? ასეთი წინადადებები, როგორც წესი, არც ისე ბუნებრივად ჟღერს ინგლისურად, რადგან, წინადადებების სტრუქტურა ენებს შორის ხშირად განსხვავდება. ამიტომ, ეცადეთ ინგლისურად იფიქროთ. ეს გაცილებით სწრაფად და გამართულად საუბრის საშუალებას მოგცემთ. თანაც, ამ უნარის განვითარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: ავტობუსით მგზავრობის, რიგში დგომის, შინ ჯდომის დროს და სხვა…
5. იპოვეთ ინგლისურად მოსაუბრე ონლაინ პარტნიორი
პარტნიორების პოვნა სხვადასხვა „conversation exchange“ გვერდებზე შეგიძლიათ, სადაც იპოვით ინგლისურად მოსაუბრეს, რომელსაც შეიძლება, თქვენი მშობლიური ენის შესწავლა სურდეს. თქვენ დაგეგმავთ საუბარს და გარკვეული დრო თქვენს ენაზე, გარკვეულიც ინგლისურად ისაუბრებთ და ერთმანეთს გაავარჯიშებთ.
მაგალითად, ასეთი საიტებია verbling.com და sharedtalk.org.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
6. გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გრამატიკა
ისწავლეთ დამაჯერებლად საუბარი. ლაპარაკის დროს ნუ იღელვებთ ზედმეტ გრამატიკულ შეცდომებზე. გახსოვდეთ, რომ ინგლისურად საუბრის პირველი მიზანი კომუნიკაციაა. ჯობს, რაიმე მაინც თქვათ და კომუნიკაცია დაამყაროთ, ვიდრე საერთოდ არაფერი თქვათ შეცდომის დაშვების შიშით.
7. ისაუბრეთ ნელა
ძალიან სწრაფად საუბრის მცდელობა არ შეგმატებთ დამაჯერებლობას. პირიქით, ამან შეიძლება, გაურთულოს მსმენელს თქვენი გაგება. ნელა საუბარი კი ფიქრისათვის მეტ დროს და თქვენი სათქმელის გარკვევით წარმოთქმის საშუალებას გაძლევთ. დროთა განმავლობაში, ვარჯიშის შედეგად, თქვენი საუბარი ბუნებრივად დაიწყებს აჩქარებას.
8. თუ სიტყვა დაგავიწყდათ, სხვა სიტყვა გამოიყენეთ
ინგლისურის შემსწავლელთათვის ჩვეულებრივია, შეჩერდნენ წინადადების შუაში იმის გამო, რომ რომელიღაც სიტყვა დაავიწყდათ. მაგრამ, ეცადეთ, იყოთ კრეატიულები. ახსენით ის სიტყვა სხვა თქვენთვის უფრო მარტივი სიტყვებით და მოსაუბრე შეიძლება, დაგეხმაროთ კიდეც მის გახსენებაში. გახსოვდეთ რომ ეს სირცხვილი არ არის.
9. დამშვიდდით და იქონიეთ დადებითი, თავდაჯერებული დამოკიდებულება
თუ შეცდომა დაუშვით, ან სიტყვა დაგავიწყდათ არაუშავს. ნუ ინერვიულებთ ან შეგეშინდებათ. თქვენი მოსაუბრე გაიგებს და მომთმენი იქნება თქვენ მიმართ. ზედმეტი ნერვიულობა მხოლოდ გაგირთულებთ საუბრის პროცესს. ნუ დაიწყებთ მობოდიშებას: „საშინლად ვსაუბრობ ინგლისურად“, ან „ბოდიში ცუდი ინგლისურისათვის“. ეს ნეგატიური კომენტარებია და ნამდვილად არ დაგეხმარებათ.
10. ისწავლეთ რეალური ფრაზები ყოველდღიური ცხოვრებისათვის
თქვენ დღეისათვის, გაქვთ შესაძლებლობა, გაიაროთ კურსები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ყოველდღიური სასაუბრო ინგლისურის გაუმჯობესებაზე. მათი პოვნა ინტერნეტის მეშვეობით თავისუფლად შეგიძლიათ. ეს კურსები მარტივი, სახალისო და ეფექტური გზაა ფრაზებისა და გამოთქმების შესასწავლად. ყოველი გაკვეთილი სასაუბრო სიტუაციებს ეყრდნობა და დიალოგების კითხვა და მოსმენა აღქმის უნარის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. თანაც, მათ ქვიზებიც ახლავთ, რაც შესანიშნავი გზაა თავის გამოცდისათვის.