ავტორი: თათია ჭაფოძე
ფოტო: თათია ჭაფოძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ამ პოსტის შემდეგ შეგიძლიათ ჩამქოლოთ. მე არ დაგადანაშაულებთ, პირიქით, თქვენი ქმედება სავსებით გასაგები და მისაღები მომეჩვენება. ჩემი აბმები (ფიქრები) შეიძლება გაგიტყდეთ ყველაზე ახლობლებს და მათ, ვისაც აქამდე კარგი წარმოდგენა გქონდათ ჩემზე, მაგრამ რას იზამთ, გულწრფელობა უპირველეს ყოვლისა. მაშ ასე, ვიწყებ:
დილით მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გარეთ გასვლისგან თავი შემეკავებინა (ოღონდ ცოტა უფრო არაკორექტულად). მე არ ვიცოდი, რა მოხდა და ვიფიქრე, რუსეთმა ისევ დაგვარტყა, ისევ ომია, ევაკუცია და ამბები. ჰუჰ, ვთქვი მე ჩემთვის მეგობრის მისამართით, შენ თვითონ რა გინდა გარეთ, დაბრუნდი შინ და იმას ჩაეხუტე, ვინც გიყვარს და ბეგბედერის “Windows on the world” გამახსენდა, ერთ-ერთი სართულის ინტიმური ამბებით. კიდევ გამახსენდა კაპას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ფოტოგრაფი იყო და რომელსაც 27 წლისას ტანკმა გადაუარა და გამახსენდა ამ ამბის გაგებისას გული როგორ დამწყდა…
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
როგორ ვფიქრობდი, რომ არ გამიმართლა, რომ იმის შანსიც კი ნაკლები მაქვს, პროფესიამ მიმსხვერპლოს და რომ ჩემზე არ იტყვიან, დრო რომ ჰქონოდა იქნებ კიდევ ბევრი კარგი კადრი დაეფიქსირებინა, ბევრი კარგი რამ დაეწერა. მერე ნამდვილი ამბავიც გავიგე წყალდიდობის შესახებ და თითქმის ხელი ჩავიქნიე ჩემს ჯერ კიდევ არჩადენილ გმირობებზე თუ თავგანწირვებზე (ასეთუ ცუდი როგორ ხარ?!). ზუსტად ამ დროს ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მომწერა, – სინდისი აწუხებდა, რომ არ იცოდა თუ ქალაქში ასეთი ამბები ხდებოდა და მთელი ღამე მშვიდად ეძინა. ეს არ იყო პოზა მისი მხრიდან, არავითარ შემთხვევაში! ამის შემდეგ მე წავედი..
წავედი და ჩემს წარმოსახვაში ყოველ ხეზე დათვი ან გველი-ლომი-ვეფხვი-მგელი თუ არა, მინიმუმ მაიმუნი მაინც იჯდა და ვფიქრბდი, “ახი” იქნება. თბილისის ქუჩები აშკარად ღელავდა, უცნაურად გამოცოცხლებულიყო და ხალხიც უჩვეულოდ კომუნიკაბელურ-აქტიური გამხდარიყო. ვიღაც წუხდა… ერთნი ნიჩაბს ეძებდნენ სამუშაოდ, მეორენი მომხდარ ფაქტებს აფასებდნენ თუ აჯამებდნენ თუ იცინოდნენ თუ ისვენებდნენ, სხვანი კიდევ შრომობდნენ, თავგანწირვით შრომობდნენ, ძალდაუტანებლად, მოხალისეებად შრომობდნენ და იყვნენ იმედიანები და იყვნენ მიწიანები და მე წვეთი ტალახი რომ დამეცა, ჯერ შევიცხადე, მერე შემრცხვა და უხერხულობისგან თავის დასაღწევად სელფი ვცადე (არა, მაინც რამე გეშველება გოგო?!). მე არაფერი არ მეშველება, მხოლოდ თქვენი ჩაქოლვის იმედი მაქვს, რადგან იქაც, წყალგადავლილი ქალაქის ერთ-ერთ ცხელ წერტილში, ვფიქრობდი, რომ ვიყავი დასაფლავებაზე, სადაც ადამიანები ჩუმ-ჩუმად, უხერხულობისგან უკიდურესად დაძაბულები იღიმიან, რაც ბოლოს, ერთობლივ, ხმამაღალ სიცილშიც გადადის ხოლმე.
სახლში შესულმა და ინტერნეტში შესულმა ვნახე გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ დახმარების შემოთავაზების შესახებ. მერე პატრიარქის განცხადებაც ვნახე, რომლის ნამდვილობას ვერაფრით, ვერაფრით ვერ დავიჯერებ.
მე მართლა ვერ ვხვდები ვიცინი თუ არ.