ავტორი: ანა ურუშაძე
თსუ-ის სტუდენტი
იშვიათობები იშვიათად ხდება… ყველაზე დიდი იშვიათობა კი მაშინაა როდესაც წერა მიჭირს!.. როცა სათქმელი არ მაქვს, ან ვერ ვამბობ მაინც. სწორედ, ეს იშვიათობაა ახლა.
გაჩუმება სიკვდილს უდრის. სიკვდილს და არა გარდაცვალებას… ამიტომაც ვწერ. მიჭირს და მაინც. მტკივა და მიუხედავად!
საქართველოს სტკივა. საქართველოს ეწვის. გულგახეთქილია… სული აქვს დატბორილი!.. რამდენი დღეც, რამდენი წელიც უნდა გავიდეს 2015 წლის 13 ივნისი მაინც დიდი ტრაგედიის დღედ დარჩება… 15 ივნისი გლოვის…
გლოვობს ერი… გვტკივა ერს… თბილისი დაიტბორა. დაინგრა,წალეკა ნიაღვარმა,დაგროვილმა და ძალიან დიდი ხნის ნათმენმა წყენამ, რისხვამ დიადი ბუნებისა… დაიმსხვრა მინები, სტერეოტიპებიც… ჩვენი ქალაქი გვიან ღამით წყალმა წალეკა… წვიმდა ქალაქში… იძირებოდა ქალაქი. ტრაგიკული ბლოგია და დღეც ტრაგიკულია, სევდისფერი…
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
დავკარგეთ ქართველები, წყალმა გაგვტაცა… ზაფხულის დასაწყისის ლამაზი ილუზიაც გაგვტაცა აბობოქრებულმა შლამმა, ნაპირებს გადმოხეთქილმა მტკვარმმა, ბინძურმა მტკვარმმა. დაგუბებულმა ხმაურმა ამოხეთქა და მერე როგორ!
ცხოველთა სამყაროსაც გადაწვდა ტრაგედია. ხმაურიანი. მეწყერისფერი. და ახლა ქალაქი 5 ლომით, 5 დათვით და 13 მგლით მეტია… მეტისმეტად მეტია…
ქალაქში დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა, გახუმდა იისფეროვნების ლიც-ლიცი… ცა ღრუბლებს ითვლის, მთავრობა – ზარალს… დრო კი, არ ჩერდება, არც გაჩერებულა არასდროს და არც გაჩერდება. ერთი წამითაც არ მოუხედავს უკან, როდესაც ქმარს საყვარელი ცოლი წყლის ნიაღვარმა გამოსტაცა ხელიდან, როდესაც უდანაშაულო ცხოველები უმოწყალოდ გათელა ტალახის ზვავმა, როდესაც ქალაქს, ძალიან თბილ ქალაქს ზაფხული წაართვა ახმაურებულმა მტკვარმა…
თბილ ქალაქში ცივა… თბილისში ცივა… სუსხავს ტკივილი და უსაშველო გრძნობა უსუსურობისა, რომ ვერ ცვლი, ვერ აბრუნებ, ვერ შველი!
ვერეს ხეობა ჩამოინგრა. ჩამოიშალა. ქალაქის ცენტრი. ვგლოვობთ. გვიჭირს. ვიზიარებ ყველა ქართველის ტკივილს. ვზიარებ ყველა ემოციას, სევდას, ტრაგედიას, ტრაგიკულად ტრაგიკულს.
და მაინც. საქართველო ერთიანია. ხელგამოწვდილი ქართველი ახალგაზრდობა გვყავს. დახმარების ხელი გამოწვდილია, ჩვენ ტალახიც ბევრი გვაქვს და ძალაც, უნარიც, რწმენაც, რომ ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ,როცა გვიჭირს ხელჩაჭიდებულმა ვძლიოთ უძლეველს. დაე, ვაჩვენოთ ბუნებას რომ ერთად ვართ! ერთნი ვართ! აი, ასეთი საქართველო მწამს მე!
და ახლა, 20 წლის გოგონას უძლურებით ვზივარ კარჩაკეტილ სახლში, გარეთ გამოსვლის შიშით და ზუსტად მხოლოდ ერთი რამ ვიცი,ერთადერთი. მე სააქართველოს მწამს! ქართველების მწამს! რეალობას ერთობლივად შეჭიდებული ჩემი ხალხის მწამს. ეს ერთადერთი ვიცი და ამ რწმენის მიღმა იფარება პარტიული დაპირისპირება, წყეული პოლიტიკა, ვერეს ხეობასავით ბინძური პოლიტიკა, ფარული თუ აშკარა მიზეზები… გმირთა მოედანი ხომ, ასეთი გახალხურებულია… მე თქვენი მწამს ქართველებო… თქვენი ერთობის… ქართველებო მწამხართ საქართველოსთვის!
P.S.
მე ბლოგით ვთქვი, ნიჩაბი დავიჭირე და ერთი მუჭა ტალახი გამოვაცალე ჩვენს ტრაგედიას… წერა შემიძლია და სიტყვებით ვთქვი. იქნებ მცირეა, მაგრამ მაინც…