მოდაზე დაწუნებული ტრადიციები

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


ტრადიციები თავისი არსითა და სიძველით ერის კულტურასა და ისტორიაზე მიუთითებენ. ისინი სოციუმის ჩამოყალიბებასთან ერთად თანდათან ლამაზი ჩვეულებები ხდებოდნენ, შემდეგ ზოგიერთი მათგანი მკაცრ წესებად იქცეოდნენ, რაც მათი შენარჩუნების აუცილებელი ძალა იყო, შემდეგ ამით მახინჯდებოდნენ და ბოლოს კი ქრებოდნენ.

ყოველთვის, როდესაც ჩვეულება წესად იქცევა, მაშინვე, იკარგება ხიბლიცა და შესრულების სურვილიც და სწორედ წესად ქცეული ჩვეულებების განდევნა, ამოძირკვაა ყველაზე რთული და ის ხშირად თაობათა დაპირისპირებასაც იწვევს. სწორედ თაობათა ცვლა, საზოგადოების მუდმივი განახლებაა წეს-ჩვეულებათა გამოწრთობის, დახვეწისა და დავიწყების უპირველესი წინაპირობა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

საზოგადოებას, მუდმივად, სჭირდება სიახლე, განახლება და ახალი ჩვეულებები. ყოველი ტრადიცია რაღაც შესაბამისმა გარემოებამ თუ საჭიროებამ წარმოშვა. ტრადიციები სხვა არაფერია, თუ არა – თაობათა გადაძახილი, წინაპრების ხსომა და მომავლის არსებობის იმედი. თუკი დავუშვებთ, რომ ტრადიციები არ იცვლებიან ან არ უნდა შეიცვალონ მაშინ გამოვა, რომ ვიღაცამ ადრე, პირველმა ადამიანმა, მოიფიქრა ეს ყველაფერი და მისი შემდგომი, მომდევნო თაობა შემოქმედებითობის, აზროვნების გარეშე დარჩა. ეს ისეა, თითქოს სხვის დანთებულ ცეცხლს მუდამ ვაწვდიდეთ შეშას, რომ არ ჩაქრეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვაგანაც გვჭირდება ეს ცეცხლი ვერ გადაგვქონდეს.

ტრადიციები სწორედ ცეცხლია, ცეცხლი რომელიც წინაპრებმა დატოვეს და ჩვენ იგივე ქმედების გაგრძელებით მას ვასაზრდოვებთ, თუმცა მასალა ყოველთვის განაპირობებს ცეცხლის სიმაღლეს, ალის ფერს, სიმხურვალეს და ამ შეშის ცვლილება იწვევს ცეცხლის ცვლას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წინაპრებმა, რომლებმაც ეს ცეცხლი დაგვიტოვეს, თავინთი წინაპრების დატოვებული ზოგიერთი ცეცხლი ჩააქრეს, რადგან ის კი აღარ ათბობდათ, არამედ სწვავდათ და თავის წილ ახალიც დაანთეს და თუ ჩვენც, ჩვენი წილი ცეცხლი არ დავანთეთ და დატოვებულიც ჩავაქრეთ ან თავი დავაწვევინეთ, მაშინ ეს საუკუნოვანი ჯაჭვის რღვევას, სოციუმის კატასტროფას გამოიწვევს.

ხელაღებით, არც ყველაფრის მიღება შეიძლება და არც უარყოფა და მით უმეტეს, ისეთი ტრადიციული და დიდი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა. მიმაჩნია, რომ თანამედროვე შეხედულებები ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებით  გადაჭარბებულია. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბევრი რამ შესაცვლელი, მოძველებული და დასახვეწია, და ეს ყველა თაობაში ბუნებრივად ასეც უნდა იყოს, მაგრამ რაღაც ახალიცაა შესაქმნელი და არა პირწმინდად უცხოეთიდან გადმოსაღები ან დასავიწყებელი.

როდესაც საზოგადოებაში ტრადიციების ცეცხლი მინელდება, მას ყოველთვის აძლიერებს უცხოური ცივილიზაციის კულტურის ნაპერწკლები, მაგრამ როდესაც უცხოეთიდან მასობრივად შემოგაქვს ეს ცეცხლი, შეიძლება ხანძარმა გვიმსხვერპლოს. ტრადიციების ცეცხლი ოლიმპიური ჩირაღდნის მსგავსია, რომელიც ესტაფეტასავით გადადის ხელიდან ხელში, თაობიდან თაობაში და ეროვნებას არ ცნობს, პირიქით უფრო მასშტაბური და კოსმოპოლიტური ხდება ცივილიზაციათა არადისკრიმინირებული ნარევით.

ქართული ტრადიციებიც თავისი მასშტაბებით შტამბეჭდავი და ლამაზია. თუ რამდენიმე მოძველებულია და შესაცვლელი ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუდევრად ვთქვათ: ქართული ტრადიციები სამარცხვინოა. მაგალითად რომ ვთქვათ, ჩასაქრობია ქართული უზომო ღრეობის, ქელეხის ,,ხანძარი“, მაგრამ გასაძლიერებელია ქართული სუფრის, თამადის ფენომენი, რადგან ეს მართლაც აკადემიაა. თუკი მოვახერხებთ და ხანძარს ბუხრის ფარგლებში მოვაქცევთ, მაშინ მაქსიმალურ სარგებელს და ესტეთიურ ტკბობას მივიღებთ. დამახინჯებული ტრადიციები, ხომ ხანძრად ქცეული პატარა კოცონია.

განსაკუთრებით, ხშირად ისმის ქართულ ტრადიციებზე ქილიკი და გულისწყრომა, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩანს ახლის, უკეთესის აღმოცენების თუ შემოტანის იდეა. ეს ის მომენტია, როდესაც კრიტიკა კრიტიკისთვის ან რაღაცის გამორჩენის სანაცვლოდ არსებობს. ბოლო ხანებია აქტიურად განიკითხავენ საეკლესიო დღესასწაულებზე მსხვერპლშეწირვის ადათ-წესს და ბევრ ,,თანამედროვეს“ რცხვენია თურმე ქართველობის და ამაზრზზენს უწოდებს ამ ყველაფერს. კი ბატონო, გასაგებია, არ სჭირდება ღმერთს არც ცხვარი და მითუმეტეს არც ხორცი, მაგრამ იმას კი არ უფიქრდება ვინმე, რომ ეს ტრადიცია მარხვის გახსნილებას და გლახაკთა დაპურებას ისახავდა მიზნად. მარტივად რომ ვთქვათ, ,,ეს ცეცხლი შესაკეთებელი, ბუხრის ფარგლებშია მოსაქცევი“.

ბოლო დროს ინტერნეტში მსხვერპლშეწირვაზე სისხლისღვრის გამომხატველი პროვოკაციულად ბევრი ფოტო გაჩნდა. ძალიან ბევრმა უსინდისომ იკადრა და ფოტოშოპში დაამონტაჟა ისეთი ფოტოები სადაც ,,ეს ეფექტები“ გამძაფრებული, სისხლი გაბევრებული იყო და თან მღვდელმონაზვნები ჯალათების როლში წარმოადგინა. ეს ყველაფერი კი საზოგადოებაზე ზრუნვას, ტრადიციების განახლებას კიარა, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს და ბოროტი ძალები ამით სარგებლობენ.

ვიღაცები ამბობენ, რომ ამის გამო ცივილიზებულობა და ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ და ცხოველთა დამცველებს ხმის ამოღებას თხოვენ… მეორე წუთში კი იგივე ვიღაცეები ამერიკაში მადლიერების დღეზე დასწრებაზე ოცნებობენ, სადაც რამდენიმე მილიონი ინდაური იკვლება ყოველწლიურად და მაკდონალდსში ან საშაურმეში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავენ.

გულრწფელად მაინტერესებს: რით განსხვავდება მადლიერების დღეზე დაკლული მილიონობით ინდაური ლომისობაზე, ან გიორგობას დაკლულ რამდენიმე ათასი ცხოველისგან? რით განსხვავდება მაკდონალდსისთვის ან სხვა კვების ობიექტებისთვის დაკლული ცხოველები იმისგან რასაც ასე აქტიურად ვაკრიტიკებთ? იქნებ საქმე ჰუმანურობაშია და იქ ცხოველებს, ევროპა-ამერიკაში ევთანაზიით კლავენ?!

ჰო, მართალია… ამ ყველაფრის ამსახველი ფოტოები არავის აქვს, რადგან უბრალოდ ამერიკელს და ევროპელს ეს არც აინტერესებს, ჩვენთან კი ჯერ ხორცით ,,გამოსკდებიან“ , ცხვრის ხინკალსა და მწვადს მიირთმევნ და მერე შესტკივათ გული ,,საბრალო ცხოველებზე“. იქნებ დავფიქრდეთ: საქმე ხომ არ გვაქვს რელიგიის, ეროვნულობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან? ნუთუ ასე ფასობს სპეციალურად ასეთი რამეებისთვის შექმნილი გრანტები?! იქნებ დროა ჩვენი საქმის გამოსწორება, ჩვენი ცეცხლის გაძლიერება და მოვლა ჩვენვე ვიკისროთ და არ ვეძებოთ ,,ნახშირი“ სხვაგან როდესაც ჩვენ თვითონ ,,გავარვარებული ნაკვერჩხლები“ გვაქვს?!…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები