კოლექციონერი, როგორც ასეთი

ARIS ბლოგერი

ავტორი: თათია ჭაფოძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


არსებობენ წიგნები და არსებობენ წიგნები, რომლებიც გიპყრობს.  წაიკითხავ და მერე თავს დიდხანს ვერ აღწევ მის ზემოქმედებას. გრძნობ, უხილავ ქსელში როგორ საგულდაგულოდ გაგახვია. სადაც არ უნდა წახვიდე, ერთს მოქაჩავს და ისევ მასთან ხარ. ისინი არ მოგწონს. თუნდაც, ძალიან კარგი იყოს, – ვერ მოგეწონება; რადგან შენი თავისუფლება შეიწირა, რადგან შენი ბატონია და უკვე, ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც შენ თავად გსურს. „კოლექციონერი“ კი, მეტიც, ქოსა ბატონია, „აბსოლუტურად უსქესო“ და მისი „სახე ყველანაირი შეიძლება იყოს“. „პირდაპირ არაფერს იტყვის“, „უსიამო, ხორციანი და მოვარდისფრო“, ჯერაც „უმანკო“, მაგრამ „ის იმდენად უსახურია, რომ ეს უსახურობა გამორჩეულს ხდის“, შენ კი, – სიბნელე, უჰაერობა, სიცარიელე, უმეცრება და გულისრევა გტანჯავს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ყველაფერი კი, დაიწყო ასე… არაფერი დამიგეგმავს, არც არავისთვის მიკითხავს რჩევა, არც რაიმე ჯაფა გამიწევია. სრული შემთხვევითობა, გამართლება, აბსურდი, თითქოს დოღის ტოტალიზატორის მომგებიანი ბილეთი ჩამივარდა ხელში, ან პირიქით, მოტყუებულმა უეცრად ვიღაცის ბინძურ საბარგულში ამოვყავი თავი  ქლოროფიმით გაბრუებულმა და ხელში წიგნი შემრჩა, ჯონ ფაულზი  – „კოლექციონერი“.

მერე…

მახსოვს, ვკითხულობდი და ვიტანჯებოდი… ვკითხულობდი და მინდოდა წიგნი სადმე შორს გადამეგდო, ისე შორს, რომ თვალში აღარასდროს მომხვედროდა. ვკითხულობდი და ვბრაზობდი მირანდა გრეიზე, რომ ასეთი კარგი იყო, რომ არ შეეძლო სხვისთვის დაერტყა, რომ სარდაფში გამოკეტილი ფიქრობდა ბავშვებზე, რომლთაც არ აქვთ საჭმელი, აწუხებდა ბირთვული იარაღის არსებობის საკითხი და ბოდიშსაც უხდის კალიბანს, რაკი მისგან გაქცევას ცდილობს. ვბრაზობ ჯ.პ.-ზე და ყველა მათგანზე, ვინც ამ წიგნში, თუნდაც ერთხელ, თუნდაც „შემთხვევით“, მოხვდა და არც კი ვიცი რატომ…

…მძულს, მეტიც, ზიზღს ვგრძნობ კლერკი კლეგის მიმართ, რომელიც თვლის, უფლება აქვს ადამიანი ბნელ სარდაფში გამოკეტოს და მხოლოდ უყუროს მას, როგორც პეპლის კოლექციის იშვიათად ეგზემპლიარს. და მძულს თავად სამყარო, თუკი „ყველაფერი თავისუფალი და წესიერი ბინძურ სარდაფებშია ჩაკეტილი“, თუკი, „საუკუნე, რომელშიც ვცხოვრობთ თვალთამქცობის და მისტიფიკაციის საუკუნეა“ და მეტი არაფერი. მაღიზიანებს თავად ჯონ ფაულზი, რომელიც ასეთი გზებით მოდის ჩემამდე და მაინც, პატივს ვცემ მას, რადგან „მუდამ მაიძულებს ვიაზროვნო“.

ასე… დაბოღმილმა, ბოლო გვერდი ჩავამთავრე. ცხოვრებაში პირველად მომინდა წიგნის გადანგურება, მაგრამ ვერ შევძელი. ის ჩემი არ იყო და სხვისი ნივთების ხელყოფა ჩემს მორალს ეწინააღმდეგება. გავიდა სადღაც ერთი თვე. ჩემი გრძნობები „ძლივს სუნთქავდა“, თითქოს „ცივი იყო, თუმცა სხეული ჯერ ისევ ინარჩუნებდა სითბოს.“ და მე გავიფიქრო, რომ ეს დასასრულია. მერე კი, წიგნის მაღაზიაში სხვა მიზნით შესულს, ხელში „კოლექციონერი“ მომხვდა. „ნუ წახვალ კომპრომისზე საკუთარ თავთან“, ვთქვი მე და დავამატე, რომ ამჯერად ეს იქნებოდა მხოლოდ ინტერესი, რომ თავდაპირველი და შემდგომი შთაბეჭდილება ერთმანეთს შევადარო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები