ავტორი: მარიამ გოგატიშვილი
თსუ-ის სტუდდენტი
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი მთელ ამიერკავკასიაში პირველი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოა, რომელიც 1980 წლის 18 აპრილს გაიხსნა. თავდაპირველად პანსიონატი განკუთვნილი იყო მხოლოდ სამშობლოსათვის ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდებოდათ. დღეს ,,სავანემ“ პროფილი შეიცვალა და მისი ბენეფიციარები სოციალურად შეჭირვებული ადამაინებიც არიან.
თემქის მე-11 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატი, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება. ერთადერთი რამ, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს წარწერაა, რომელიც გატყობინებს, რომ შენობაში ხანდაზმულთა პანსიონატია განთავსებული.
კარის გაღებისთანავე, სულ სხვა სამყაროში მოხვდებით. პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, შენობის შესასვლელში იდეალური სისუფთავე და სიჩუმეა. ფრთხილი ნაბიჯებით შევეცადე დაცვის ოთახთან მისვლას, რადგან არ მინდოდა ჩემი ნაბიჯების ხმას შენობაში გამეფებული მისტიკური სიჩუმე და იდილია დაერღვია. ,,სავანეს“ დაცვამ თავაზიანად მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე და მოხუცებულთა პანსიონატში ჩემი ვიზიტიც შედგა.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
პირველი ,,გაჩერება“ ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის მოადგილის კაბინეტი იყო, სადაც ქალბატონმა მირანდა მუმლაძემ მიმასპინძლა. მან პანსიონატის მთავარ პროფილსა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა:
,,ჩვენი პანსიონატი პირველია მთელ ამიერკავკასიაში, 1980 წელს გაიხსნა. თავდაპირველად მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებზე იყო გათვლილი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ პროფილი შეიცვალა და ახლა სოციალურად შეჭირვაბულ პირებსაც ვღებყულობთ. სახელმწიფო დაწესებულებაა და მთლიანად ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს, ხანდაზმულებიც, სწორედ სამინისტროს შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებს მოჰყავთ ჩვენთან. მაჟამად 83 ბენეფიციარი გვყავს, რომლებიც უზრუნველყოფინი არიან საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით. თითოეულ მათგანს საკუთარი ოთახი და არსებობისთვის საჭირო ყველა პირობა აქვთ. გარდა ამისა, პანსიონატის ბინადართათვის გვაქვს ბიბლიოთეკა, სატრენაჟორო დარბაზი და შრომა-თერაპიის ოთახი, სადაც ქარგვის საშუალება აქვთ ჩვენს ხანდაზმულებს“, – აღნიშნა მირანდა მუმლაძემ, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორის მოადგილემ.
მირანდა მუმლაძემ, დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. ,, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს ბენეფიციარებს ცხოვრებისათვის საჭირო პირობები შევუქმნათ, 2 მთავარი პრობლემა მაინც არსებობს: არ გვაქვს გათბობა და ცხელი წყალი. ეს პრობლემები ყველაზე მეტად ზამთრის პერიოდში გვახსენებს თავს“.
ქალბატონი მირანდას კაბინეტიდან გამოსული, ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარის ანა ბებოს (გორდაძის) ოთახისაკენ გავემართე. დერეფანში ისევ სამარისებული სიჩუმე იყო და სიცივეც იგრძნობოდა, რისთვისაც ყურადღება შენობაში შემოსვლისას არ მიმიქცევია, ახლა კი, მივხვდი, თუ რატომ არ ჩანდნენ ბენეფიციარები მისაღებ ჰოლში და რატომ იყო ჩაკეტილი ყველა საკუთარ ,,სამფლობელოში“.
ასე, ფიქრებში გართული, ანა ბებოს ოთახსაც მივადექი. კარი მომვლელმა გამიღო და ოთახის სიღრმეში, საწოლში მყოფი ანა ბებოც გამოჩნდა. როდესაც გაიგო, რატომ ვესტუმრე, მომვლელი დაითხოვა და დიდი მონდომებით საკუთარი ისტორიის მოყოლა დაიწყო:
,,ძალიან მძიმეა ჩემთვის გავიხსენო ის ისტორია, რაც თავს გადამხდა. უმაღლესი კატეგორიის ექიმი ვიყავი, მარტო 51 წელი რკინიგზის საავადმყოფოში ვიმუშავე, სტატისტიკური განყოფილების უფროსად. ქმარი ადრე გარდამეცვალა და 2 მცირეწლოვანი შვილის გაზრდა მარტოს მომიწია. სამ კვირაში 2 შვილი დავმარხე. პირველად ვაჟი გარდამეცვალა. ეს ამბავი, ჩემმა ქალიშვილმა, რომ გაიგო ინერვიულა და ისიც მალე წავიდა ამ ქვეყნიდან. გაუბედურებული დედა ვცხოვრობდი შვილიშვილთან, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. ძალიან გამიჭირდა მათთან ცხოვრება, ჩემთვის მარტო მინდოდა ყოფნა და ჩემს პრობლემებზე ტირილი. მისული ვიყავი სოზარ სუბართან, რომელიც აქ მოხვედრაში დამეხმარა. ახლა ძალიან კარგად ვარ, 7 წელია რაც აქ ვცხოვრობ. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შემიძლია, ამიტომ მომვლელი მყავს. კვებაც ძალიან კარგია. ერთადერთი რამ, რაც მაწუხებს ის არის, რომ დღეს ხალხს ერთმანეთი არ უყვარს“.
ანა ბებოს დავემშვიდობე და სხვა ბენეფიციარების ოთახსაკენ გავეშურე. გზაში ერთადერთ სიტყვები მიტრიალებდა გონებაში, რომელიც ქალბატონმა ანამ დამშვიდობების დროს მითხრა: რა კარგია, რომ მესტურე, დღე შემივსე და გამილამაზე. გამახარებ თუ კიდევ მინახულებო.
მივადექი ოთახს, სადაც მურმან ხაჭაპურაძე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. კარი მისმა მეუღლემ გამიღო. ოთახში შესვლისას დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება აკვარიუმი და მცირე ზომის ნაძვისხე, რომელიც ოთახში ერთადერთი ნივთია, რაც ახალი წლის მოახლოებაზე მეტყველებს. მურმანი პანსიონატში მისვლამდე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გაზეთ ,,ქუთაისის“ კორესპონდენტი იყო. მიუხედავად ფართის სიმცირისა, ოთახს ერთი შეხვედვითაც ეტყობოდა, რომ ჟურნალისტს ეკუთვნოდა. ამაზე წიგნის თაროები და მაგიდაზე დაწყობილი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები მეტყველებდა.
ამ ადამიანს გავეცანი თუ არა, მაშინვე სიხარულით მიმიღო და ,,პატარა კოლეგაც’’ მიწოდა.
,,6 წელია რაც აქ ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე, საცხოვრებელი ფართის არქონამ გადაგვაწყვეტინა აქ მოსვლა. შვილები მყავს, მაგრამ ჩემთან ურთიერთობა იმდენად არ აქვთ, რადგან მეორე ოჯახი შევქმენი. აქ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, საკუთარ ოჯახშიც არ არის ბევრი ადამიანი ასე კარგად, პენსიაც კი გვაქვს შენარჩუნებული და ჩვენ თვითონ ვხარჯავთ საკუთარი სურვილის მიხედვით. პანსიონატში მოსვლამდე ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი. პირველად ქუთისის რადიოში ვმუშაობდი, შემდეგ კი გაზეთ ,,ქუთაისში“. არაერთ წიგნზე მაქვს რეცენზია დაწერილი და გამოქვეყნებული. პანსიონატშიც გავაგრძელე ჟურნალისტური ცხოვრება. რამდენიმე წლის წინ დავწერე წიგნი, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე არ გამომიქვეყნებია. მასში აღვწერე პანსიონატის ბინადართა ბიოგრაფიული ცნობები და მათი შემოქმედებები“, – აღნიშნა მურმან ხაჭაპურაძემ.
დასასრულს, ვთხოვე, რჩევა მიეცე მომავალი ჟურნალისტებისათვის:
,,ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ქართული ჟურნალისტიკის სამჭედლო იყო. ამიტომ, მომავალ ჟურნალისტებს გთხოვთ, არ შეარცხვინოთ თქვენი თავი და ლექტორები. იყავით მიუკერძოებლები და ობიექტურები“, – მითხრა მურმან ხაჟაპურაძემ.
ამ სიტყვების დასრულებისთანავე, მისმა მეუღლემ, რეპლიკის სახით დაამატა: – ,,ისაუბრეთ გამართული ქართულით“.
დავემშვიდობე ამ წყვილსაც და ბოლოჯერ დავარღვიე პანსიონატის მყუდროება. დავტოვე გაყინული კედლები და დერეფანი, რომლებსაც მხოლოდ ადამიანთა მოზღვავებული სითბო და სიყვარული ვერ ათბობს. წინ არის სუსხიანი ზამთარი, რომელსაც, როგორც ყოველთვის, ,,შეხმატკბილებულად’’ დახვდება ,,სავანეს’’ ცივი დერეფანი და გაყინული კედლები.