მირზა შაფის ახალი სახე

ARIS ბლოგერი

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

თსუ-ის სტუდენტი


მირზა შაფის ქუჩა, წლებია, რეაბილიტაცია საჭიროებს. თბილისის მერიამ სულ ცოტა ხნის წინ ახალი პროექტი მოიწონა, რომელიც კომპანია ,,დემარკს’’ ეკუთვნის. პროექტი მხარი 18-დან 8 წევრმა დადებითად შეაფასა. არქიტექტორების ნაწილის  და ხელოვნებათმცოდნეების განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ უნდა განხორციელდეს, რადგან ის  უბნის ისტორიულ იერსახეს მთლიანად შეცვლის. 

სივრცის სწორი გადანაწილება და კონცეპტუალური მიდგომა არქიტექტურული კომპანია ,,დემარკის” უპირატესობად მიიჩნია თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა. მოწინააღმდეგეთა თქმით, კი პროექტი არის ადგილისთვის შეუსაბამო და დაუშვებელია მისი განთავსება თბილისის ისტორიულ ადგილას, რადგან შესაძლოა განადგურდეს ისტორიული და კულტურული ხედი.პროექტი შესაძლოა მოერგოს თბილისის სხვა უბნებს, იქ სადაც არ არის ისტორიული და კულტურული ძეგლები და ხედსაც შესაბამისად ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

როგორც ვთქვი, მირზა შაფის ქუჩა თბილისის ისტორიულ უბანს ეკუთვნის. მეჩვიდმეტე საუკნიდან მოყოლებული აქ სპარსელების და სეიდების საცხოვრებელი იყო. ისტორიული ქუჩის სახე დროთა განმავლობაში შეიცვალა და რეკონსტუქციის ჩატარება გახდა  აუცილებელი. 2008 წელს საცხოვრებელი სახლების ნგრევა დაიწყო. ქუჩის რეკონსტრუქცია უცხოურ კომპანიას უნდა განეხორციელებინა, თუმცა მალე სამუშაოები შეწყდა და გამოცხადდა ახალი ღია კონკურსი. ამ კონკურსში  სავარაუდოდ უბნის ლანდშაფტისთვის  შესაბამისი პროექტის შემქმნელი კომპანია უნდა ყოფილიყო გამარჯვებული. თუმცა, გამარჯვებული კომპანიის პროექტი არ ამართლებს მოლოდინს.

სპეციალური საბჭოს წევრების მიერ მოწონებული პროექტის ავტორი კომპანია ,,დემარკია”. ის ინვესტორის მიერ 20 000 დოლარით უნდა დაჯილდოვდეს. აღნიშნულმა პროექტმა უარყოფითი გამოხმაურება მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოებაშიც.

„ინვესტორმა გაანადგურა ამ ქუჩაზე არსებული განაშენიანება, მოჭრა კლდე, სრულიად უკანონოდ, რადგან ეს არის ისტორიული ზონის მკაცრი დაცვის არეალი. მანვე დაანგრია ძეგლი, რომელზეც პასუხი არ მოსთხოვა სახელმწიფომ. საკმაოდ ბევრი დარღვევა ჰქონდა მას აქამდე და ახლა კიდევ უფრო მეტ დარღვევაზე მიდის, ცდილობს, ისტორიულ ზონაში 14-სართულიანი კორპუსი ააშენოს, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის ყველა პრინციპს,“ – ამბობს  ,,ტფილისის ჰამქრის” გამგეობის თავმჯდომარე თამარ ამაშუკელი ,,ლიბერალთან” საუბრისას.

თბილისის მაცხოვრებლებს ქალაქის ისტორიულ უბანში უკანონო და შეუსაბამო პროექტების დამტკიცების მაგალითი პროექტ ,,პანორამას’’ სახითაც ახსოვთ.

სამოქალაქო საზოგადოება ,,ერთად” და ,,პარტიზანული მებაღეობა” 6 ივნისს  საკრებულოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი თბილისის ისტორიული ცენტრის სახის შენარჩუნებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. მათი აზრით, უნდა შეწყდეს მაღალსართულიანი და შეუსაბამო პროექტების მშენებლობა.

,,სახელისუფლებო უსამართლობას ვერაფერს დავუპირისპირებთ, გარდა სამოქალაქო აქტიურობისა. არ დაიზარო და არ დაუშვა, რომ თბილისი შენ ხელში დამარცხდეს! ერთად მოვითხოვოთ, რომ  შეწყდეს თბილისის ისტორიული ცენტრის დამახინჯება და იქ მაღალსართულიანი შენობების აგება” – აღნიშნულია აქციის განცხადებაში.

საპროტესტო აქცია სახელწოდებით ,,SOS თბილისი’’ 6 ივნისს 16:00 უნდა გაიმართოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები