ავტორი: თათია ჭაფოძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, დანარჩენი თავად ვიცითო. მინდა ამაყად მაღლა ავწევ, მინდა დავხრი და მიწას იმედად მივაჩერდები, მინდა მოვიჭრი სულაც, მინდა რასაც მინდა, იმას ვიზამ! თუკი დამოუკიდებელი ვარ, ავტომატურად იმის უფლებაც მენიჭება, თავადვე ავირჩიო გეზი, საითკენაც გზას გავაგრძელებ, თავადვე გადავწყვიტო რა არის ჩემთვის უკეთესი და რა უარესი. ოღონდ ერთ პრობლემას ვაწყდები. ვიცი კი საერთოდ, რა მინდა? ვარჩევ კი საერთოდ კარგსა და ავს? ვხვდები კი საერთოდ, რომ პრობლემა მაქვს?
საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ცოტა დავიბნეთ. ზვიადი გავაღმერთეთ და მან რატომღაც თავი მოიკლა თუ მოკლეს, შევარდნაძეს ჯერ დავუჩოქეთ და მერე გავაძევეთ, მიშას ვარდები ვუფინეთ, ბოლოს ცოცხები „მოვდეთ“, ოცნება ჯერ არ დაგვისრულებია და საბოლოოდ რა იქნება, ვერაფერს ვიტყვით. მხოლოდ ის ვიცი, ამდენ ცვლილებებში, უცვლელი მხოლოდ ხალხია. ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და ვიღაცას ამოფარებული ვიღაცას აგდებს, რომ მერე სხვა ვიღაცას ამოეფაროს და ის გააგდოს. ძიება თავისთავად ცუდი არ არის, თუკი ძირფესვიან რყევებს არ მოიცავს, თუკი შენება ნგრევას არ ეფუძნება, თუკი რაღაც დიდის მიღწევას პატარ–პატარა ნაბიჯებით ვცდილობთ და არა ერთბაშად, თუკი ძიება რაციონალური და ინდივიდუალურია, შიგნიდან გარეთ და არა პირიქით.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მაშ ასე, ჩვენ 26 მაისს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ!
ვზეიმობთ, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვერავინ გვაიძულებს ვილაპარაკოთ რუსული ბარბარიზმებით თუ ინგლისური სლენგით.
ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვერავინ აგვიკრძალავს ვაკეთოთ მეტი საგანმანათლებლო გადაცემა დაბალი ხარისხის გასართობი თოქშოუების ნაცვლად.
ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს ქმედებებში და არავინ გვაძალებს ქუჩაში ფურთხებას, ნაგვის დაყრას თუ წითელზე გადასვლას.
ჩვენ არავინ გვიკრძალავს თვითგანათლებას, არავინ გვიკრძალავს კითხვას, მუსიკას, ცეკვას, საჯარო ლექციებს, სწავლას.
არავინ გვაიძულებს ვიყოთ თავხედები და საერთოდაც, არავინ არაფერს გვაიძულებს, რაც ზოგჯერ გვაბნევს კიდეც.
ასეა, ამ და სხვა მსგავს საკითხებში ჩვენ სრულებით თავისუფლები ვართ და დამოუკიდებლად შეგვიძლია არჩევანის გაკეთება. და თუ ეს ასეა, ჩვენს მიერ ჩადენილ ქმედებებზე თავადვე ვაგებთ პასუხს.