ხელ-ფეხი და ენა ტყვიების ნაცვლად

ARIS ბლოგერი

 

ავტორი: ია მღებრიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


კარგ ხასიათზე ხარ და ფიქრობ, რომ განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებს? ეტყობა, ჯერ ავტობუსში არ ასულხარ…

აი, მოდის… ცდილობ,  შუაში დადგე, იქნებ, რომელიმე კარს დაუმიზნო… მაგრამ ისეც გატენილია და როგორ ახვალ? არაუშავს, იქნებ, შემდეგში მაინც ახვიდე…

აუ, სად გააჩერა… ისევ, ვერ ახვედი…

ახლა კი, ყველა ვარიანტში, უნდა ახვიდე… ესეც ასე, ერთი ფეხი ადგი კიბეზე, აი, მეორეც და უკვე ავტობუსში ხარ…

– გადმოაწოდეთ ბარათები! – ყველასთვის საყვარელი კონტროლიორის ხმამაც არ დააყოვნა… საპასუხო ხმაც მაშინვე გესმის: – „დამაცადე, კაცო, ჯერ ამოვიდე“!..

ფიქრობ, კარი საერთოდ დაიხურება? და რას ხედავ:  – შენ უკან, კიდევ ვიღაც ცდილობს ამოსვლას…

– გადაიწიე!… აი, რამდენი ადგილია!… ცარიელია ავტობუსი!…

– სად გადავიწიო, ქალბატონო… ვაიმე, ვიქცევი…

არ აინტერესებს, მისი მიზანია, ავტობუსში ავიდეს და ამას რის ფასად გააკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა… ხელის წაკვრაა საჭირო?- წაკრავს… ფეხის დაბიჯებაა საჭირო? – დააბიჯებს…რაც მთავარია, ხომ ავა ავტობუსში?

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

უკვე მიხვდი, ავტობუსი – ესაა ადგილი, სადაც ყველაზე მეტად „მუშაობენ“ შენი განწყობის გაფუჭებაზე, სადაც ყველაზე მეტად მჟღავნდება თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ადამიანებს ადამიანის სახეს უკარგავს…ამიტომ იქ ყოველგვარ ადამიანობაზე საუბარი ზედმეტია…

– გამოიწიე, სარკეზე მეფარები…

ძლივს მოახერხე რაღაცაზე მოჭიდება და იმაზეც გაგაშვებინეს ხელი,  ჰაერში ხარ გამოკიდებული…ფეხებს ვეღარ გრძნობ…ხელი ისე გაქვს  აღმართული, თითქოს,  ჰიტლერს ესალმებოდე…თმა გეწიწკნება…ვიღაცის მუჯლუგუნი გხვდება….ცხვირზე ვიღაცის ხელი გაქვს აფარებული და ძლივს სუნთქავ, რა იქნებოდა, სულ ცოტათი მაღალი მაინც ყოფილიყავი?…ყველაზე მეტად ავტობუსში გრძნობ მაღალი ადამიანების უპირატესობას…ღმერთო, გთხოვ, მალე მივიდეს რა…

ისეთი რაღაცები გესმის, ნეტავ, ვინმემ ცხვირის ნაცვლად, ყურებზე აგაფაროს ხელი…

რა მოდაა ეს დახეული ჯინსები…

– აბა, თუ მიხვდება ერთი, რომ მოხუცს ადგილი უნდა დაუთმოს… სად იზრდებიან… რა თაობა მოდის… გაირჭობენ ყურებში „ნაოშნიკებს“ და აღარაფერი ადარდებთ… ეგეც ახლა ისეთი დაღლილი არ მყავდეს რა…

მართლაც, როგორ შეიძლება, ახალგაზრდა დაღლილი იყოს? როგორ შეიძლება ახალგაზრდას რამე სტკიოდეს? ახალგაზრდა ვერც მოხუცზე დაღლილი იქნება და ვერც მასზე მეტად ეტკინება რამე, ამიტომ ვალდებულია, როგორცკი მოხუცი ამოვა, მაშინვე შენიშნოს და დაუთმოს ადგილი… მადლობაც რატომ უნდა გადაუხადონ? ახალგაზრდის ვალდებულებაა, მასზე უფროსს ადგილი დაუთმოს და საერთოდ, რატომ უნდა დაჯდეს, ან, მეტიც,  რატომ უნდა ავიდეს ავტობუსში? ახალგაზრდაა და შეუძლია, ფეხით გაიაროს, არაფერი უჭირს…

– რა იცით ხოლმე,  ეს კარებში ჩადგომა… გადმოიწიეთ აქეთ, ხომ გვინდა ჩასვლა?!.

აგრესია, აგრესია და ისევ აგრესია! ყველაზე კარგად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩანს, როგორ გვიყვარს ადამიანებს ერთმანეთი…

როგორც იქნა, ავტობუსი გაჩერდა და შენი ჩასვლის დროც მოვიდა… განწყობის გაფუჭებას ვიღა  ჩივის, მადლობა უფალს, ცოცხალი გადარჩი…

ნეტავ, მართლა შეგძლებოდა და სულ არ ასულიყავი ავტობუსში… ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, ახლახან ომში იყავი, თუმცა, რაღა თითქოს, ეს ხომ მართლაც იყო ომი, რომელშიც ტყვიების ნაცვლად, ხელ-ფეხსა და ენას იყენებდნენ…

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები