გერმანული დღეები

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


მოწვევაც ჩამოვიდა!.. მოწვევას, რომელსაც მთელი გულით ველოდი, რადგან ეს მოწვევა ჩემთვის გერმანიის საგზურია… თუმცა, წელს შარშანდელივით არ ავფორიაქებულვარ, რადგან წელს უკვე მეორედ მივდივარ და ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. ცოტას, მაინც ვნერვიულობ, რადგან მარტო მიწევს წასვლა და თანაც პრაღაში უნდა გადავჯდე. შარშან კი, კიევში გადავჯექი ფრანკფურტისკენ მიმავალ თვითმფრინავში…

შარშან მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, რადგან პირველად უნდა დამეტოვებინა საქართველო და მოვმხვდარიყავი ჩემთვის უცხო გარემოში; გარემოში, რომელიც სხვა სამყაროს ეკუთვნის და ენაც, არც თუ, ისე კარგად ვიცოდი. თუმცა, მარტო არ ვიყავი, ჩემსავით გამოუცდელი მეგობარი მახლდა და დანიშნულ ადგილს მეგობრის ნაცნობის წყალობით მივაკვლიეთ, რომელიც ფრანკფურტში დაგვხვდა…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

სალომემაც დამირეკა… შარშან ისიც იყო გერმანიაში, მაგრამ წელს მაინც ეშინია მარტო წამოსვლის. სალომეს ბილეთი კიევის გავლით აქვს ნაყიდი, ამიტომ ფრანკფურტის აეროპორტში სამი-ოთხი საათი უნდა ველოდო, იმისთვის, რომ Mc დონალდს-ში ერთად წავიდეთ. რამდენიმე წიგნი ჩავაწყვე ბარგში და წასასვლელად გავემზადე.

14 ივლისი 2012 წელი

აი გამგზავრების დროც მოვიდა. დღეს გამთენიისას უნდა გავფრინდე. აეროპორტში რამდენიმე მეგობართან ერთად ჩამოვედი, ისინიც გერმანიაში მიდიან, თუმცა, სხვა ადგილას, აქ საერთაშორისო როუმინგული ნომერი ვიყიდე და სალომეს შევატყობინე, რადგან მერე უნდა დამირეკოს. მათ დავემშვიდობე, საპასპორტო კონტროლი გავიარე და მალე თვითმფრინავის ტრაპზე ავაბიჯე. ფრენა პრაღამდე დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა, პილოტი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმისთვის და ბოლოს, აეროპორტის პირველ ტერმინალზე აღმოვჩნდი. ახლა, მეორე ტერმინალი უნდა მოვძებნო, თან უნდა ვიჩქარო, რათა ფრანკფურტისკენ მიმავალ თვითმფრინავს მივუსწრო.

ოცწუთიანი სიარულის შემდეგ, ნიშნების მეშვეობით, აეროპორტის მეორე ტერმინალსაც მივაღწიე და თვითმფრინავზე ავედი. ფრენა საათნახევარი გაგრძელდა, პილოტი ისევ აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და აი უკვე მეორედ ფრანკფურტში ვარ. დრო ბევრი მაქვს, სალომეს უნდა დაველოდო. დათქმულ ადგილას მოვკალათდი და ჩანთა გავხსენი, იქიდან კი, ,,ჯინსების თაობა” ამოვიღე და კითხვა დავიწყე. საოცარია არა? ჩვენი მამების თაობის ის ნაწილი, რომელსაც ეს წიგნი ეძღვნება თავისუფლების ძიებას შეეწირა, მე კი ახლა ,,თავისუფლების ტრაქტატს” თავისუფლების მიწაზე ვკითხულობ, რომელიც იმ დროისთვის იმავე ბოროტებას დაეტყვევებინა, რომელსაც ამ წიგნის გმირები.

სანამ კითხვას დავიწყებდი აეროპორტის თანამშრომელი გამომელაპარაკა. ვკითხე გერმანელი იყო, თუ – არა. მან ნაწყენმა მითხრა: – არა, რა, გერმანელი?! მე თურქი ვარო და როცა გაიგო რომ მე ქართველი ვიყავი დაამატა, გერმანელებს საერთოდ არ აქვთ კულტურა, კულტურის სამშობლო – ეს, თურქეთი და საქართველოაო. ჩემთვის გულში გავიფიქრე, თურქეთს თუ კულტურა აქვს და გერმანიას არა, მაშინ კარგად ყოფილა საქმე-მეთქი, ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და კითხვა განვაგრძე…

წიგნმა გამიტაცა და თვითმფრინავის დაგვიანების მიუხედავად ხუთი საათი ისე გავიდა ვერ გავიგე. წიგნი დავასრულე და სალომემაც დარეკა… მალე ერთმანეთს შევხვდით და პირველი ტერმინალისკენ ჰაერში გამავალი მატარებლით წავედით. ახლა, იწყებოდა შარშანდელი მეხსიერების გამოცდა… ფრანკფურტის რკინიგზის სადგური ხუთ დონიანია, ანუ მიწის ქვეშ ხუთი სართულია;

აეროპორტიდან მთავარ ვაგზალზე უნდა გავსულიყავით მატარებლით, მაგრამ ბილეთი როგორ უნდა მეყიდა, – დამავიწყდა… ავტომატს ვერაფერი მოვუხერხე. 10 წუთის ლოდინის შემდეგ რკინიგზის თანამშრომელს ვთხოვე დახმარება, ბილეთი გვიყიდა და წავედით. ყველაფერი კარგადაა… მეხსიერებამ არ გვიღალატა და სასურველი რეისის მგზავრობის გეგმაც მთავარ სადგურზე ამოვაბეჭდინეთ, ბილეთი ვიყიდეთ და გავემგზავრეთ. ერთი საათის შემდეგ უნდა გადავმსხდარიყავით სხვა მატარებელში, გადასასხდომად 4 წუთი გვქონდა. მახსოვს, შარშანაც გამიჭირდა იმ ბაქნის მიგნება, საიდანაც ჩემი მატარებელი გადიოდა.

ღვთის წყალობით, აქაც გადავსხედით და დანიშნულ ქალაქში ჩავედით. აქედან Mc დონალდსამდე 12 კილომეტრია.უკვე, საღამოა და ტრანსპორტი აღარ დადის, ტაქსი უნდა ავიყვანოთ, მაგრამ არსად ჩანს. სალომე ავტობუსის გაჩერებაზე დვტოვე და მე ტაქსის ძებნას შევუდექი ქალაქში. პატარა ქალაქია, ალბათ მეოთხედი ქუთაისი იქნება და მაცხოვრებელიც ცოტაა. მალე, ტაქსიც ვნახე და Mc დონალდსამდეც მივედით.

ძველი ნაცნობები სიხარულით შეგვეგებნენ, მოგვიკითხეს. მალე “შეფის” მოადგილეც გამოჩნდა და ბინაში წაგვიყვანა. სამწუხაროა, მაგრამ ოთახში ეს ორი თვე მარტო არ ვიცხოვრებ. ოთახში ჩემ გარდა, კიდევ ორი მოლდოველი სტუდენტია, რომლებთანაც შარშან ვიჩხუბე… ჩვეულებრივ, მივესალმე მათ და დაღლილს მალე ჩამეძინა… ჩხუბით იმიტომ ვიჩხუბე, რომ სურდათ, მათი საქმეც მე მეკეთებინა… იმედია, წელსაც ასე არ გააგრძელებენ. უფროსმა ხვალ 12 საათზე დამიბარა. ჯანმრთელობის ცნობა აღარ დამჭირდა, რადგან შარშან, აქ ვმუშაობდი.

15 ივლისი

წელს, აქ, პირველი სამუშაო დღეა. უფროსმა ფორმა მომცა, ხელშეკრულება გავაფორმეთ. კვლავინდებურად 7.5 ევრო მექნება საათში და მინიმუმ 8 საათს ვიმუშავებ. ზოგიერთი ახალი სახეა, უმრავლესობას კი, ვიცნობ. სამუშაოს სპეციფიკა გავიხსენე, რაღაც-რაღაცები დამვიწყებოდა და მუშაობას ხალისით შევუდექი. ჰო, მართლა, თვითონ გერმანელები ასეთ ადგილებში, თითქმის არ მუშაობენ, რადგან – ეს ხელფასი, გერმანიაში, ყველაზე დაბალია. ამიტომ, მომუსავეთა უმრავლესობას მოსწავლეები, სტუდენტები და ემიგრანტები შეადგენენ. დავითვალე და 14 ერის წარმომადგენელთან მაქვს ურთიერთობა…

20 ივლისი

ეს დღეები წერა ვეღარ მოვახერხე. სახლში დაღლილი მოვდივარ თითქმის 9 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, წყალს გადავივლებ და მაშინვე მეძინება. ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტი საათები გამოვიმუშაო, რადგან ხელფასიც მეტია. დღეს ქალაქში ვიყავი, პროდუქტები ვიყიდე. მოსაწყენია, Mc დონალდსის საჭმელი. წესით, დღეში ერთხელ, 5 ევრომდე უფასო საკვები მეკუთვნის, მაგრამ, ზედმეტსაც თუ შევჭამ, არავინ არაფერს მეტყვის. თუმცა, მაინც მწყინდება…

ჩემთან ახლოს, გერმანიაში, ერთ-ერთი უმსხვილესი ტანსაცმელის მაღაზიაა ,,Wertheim wilage”, სადაც მსოფლიოს ყველა ბრენდია თავმოყრილი. დღეს აქაც ვიყავი, მაღაზიები დავათვალიერე. ჩემი უსაყვარლესი ბრენდი ,,ტომ ტეილორია”, იმიტომ რომ ერთადერთი ბრენდია, რომელსაც მარკაზე ქართულადაც აწერია. შარშან პირველად რომ ეს აღმოვაჩინე, გაოცებისგან, კინაღამ შევყვირე. ხვალ ისევ უნდა ვიმუშაო…

28 ივლისი

დღეს მორიგი დასვენების დღეა. ამ დღეებში ეკა, დათო, ნინო და მარი შემეხმიანნენ. თავიანთი ამბები მითხრეს. ძალიან გამიხარდა… დღეს არსად წასვლას არ ვაპირებ. მთელი დღე ვიძინებ ან ვიკითხავ. უკვე საშინლად დაღლილი ვარ. დრო სამუშაოზე საერთოდ არ გადის. მგონია, ნახევარი საათია გასული, საათს გავხედავ და 5 წუთი გასულა, მხოლოდ. ვატყობ, ენის ბარიერი თანდათან მეხსნება. მოლდოველი სტუდენტები წელს აღარ ჭირვეულობენ, ეტყობა მიხვდნენ რომ ჩხუბს აზრი არ ჰქონდა და მათთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. შემდეგ კვირას აუზზე ვაპირვებთ წასვლას. დღეს, ჩემი საქართველოს დროშა გადავფინე ფანჯარაში. საოცრად ლამაზად ფრიალებს სასტუმროს ფანჯარაში ხუთჯვრიანი ალამი. უფროსი მეხუმრა ორი მოლდოველი გყავს და რატომ მოლდავეთის დროშასაც არ კიდებთ, ნაცისტი ხომ არ ხარო?! მეც, ჩემი მხრივ, ვუთხარი, რომ ქართველები ნაცისტები რომ ვიყოთ სტალინი საქართველოში არ დაიბადებოდა-მეთქი. სტალინისა და ჰიტლერის ხსენებაზე აჟრიალებთ 

10 აგვისტო

დღეს ხელფასის უწყისი მივიღე… ჩემი მუშაობით კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია, უფროსობაც კმაყოფილია. თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე თანატოლს, ძალიან დავუახლოვდი. იქაური სწავლის სისტემას და სხვა რამეებს გავეცანი. გერმანულთან ერთად რუსულსაც ვგებულობ. მოლდოველები სახლში მუდამ რუსულად ელაპარაკებიან ერთმანეთს და ძალაუნებურად, მესმის. ერთი ირანელი მენეჯერი მყავს, მუჰამედი. ერთადერთი, მუჰამედია, ვინც ნერვებს მიშლის და ყველა ჩემ ნაბიჯს აკონტროლებს. ზოგჯერ, მინდება, სამუშაო მივატოვო მის გამო. თუ ასე გააგრძელა, რამეს ვიღონებ და თავიდან მოვიშორებ… დღეს აუზზე მივდივართ. მეც და მოლდოველებსაც თავისუფალი დღე გვაქვს.

17 აგვისტო

აუზზე კარგად გავერთეთ. ფოტოები გადავიღეთ… წუხელ ჩემმა ,,თანამეოთახეებმა”, ცოტა, გაუტიეს. იციან რომ რუსულს ვგებულობ, თუმცა, გერმანულად ვსაუბრობ და ახლა ერთმანეთს რუმინულად დაუწყეს განზრახ საუბარი, თან, ზოგჯერ, გამომხედავდნენ და იცინოდნენ. ცოტა დამაკლდა და ორთავეს გარეთ გავყრიდი, მაგრამ მალე დაასრულეს. ერთადერთი, რაც აქ მაღიზიანებს ორი რამაა: პირველი, კითხვა – სად არის საქართველო? აუხსნი და გპასუხობენ – რუსეთი? მერე ვუმტკიცებ, რომ არა, საქართველო, ესაა დიდი ისტორიის მქონე ერი და ა.შ. შარშანდელთან შედარებით შემცირდა ეს კითხვები რადგან ყველაფერი მოვყევი საქართველოს შესახებ და ამ ზაფხულს, შეფიც ყოფილა თბილისსა და ქუთაისში, საიდანაც, აღფრთოვანებული დაბრუნდა.

მეორე: როცა სალომეზე ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია, მათ მაინც ჩემი შეყვარებული ჰგონიათ. აქ არ იციან რაა მეგობრობის ცნება და მხოლოდ სექსზე ფიქრობენ. ეს გაღიზიანება ერთხელ ხმამაღლა გამოვხატე და ვიქტორიას ვუთხარი (ვიქტორია, ყაზახია, ის იცნობს ქართულ სამზარეულოსა და წესებს. ქართველი მეგობარიც ჰყოლია, თურმე. განსაკუთრებულად, ხინკალი უყვარს), გაეცინა და მითხრა, – იცი ,,ადიდას” რას ნიშნავსო? “Alle Deutsche Idiote denken an Sex (ყველა გერმანელი იდიოტი სექსზე ფიქრობს)”.
24 აგვისტო

დღეს, ჩემი დაბადების დღეა. პირველმა, საქართველოს დროით, გვანცამ მომილოცა, გერმანიის დროით ლელამ. მერე ეკამ, დათომ, ნინომ მომილოცა. ბევრს არ გავხსენებივარ… სალომეს ლეპტოპი გამოვართვი და მაღაზიაში წავედი ,,WI-FI”-ს დასაჭერად. ფეისბუქზე ბევრი ადამიანის მოლოცვა დამხვდა და ძალიან გამიხარდა. დღეს გვიან ვმუშაობ, ღამის 3 საათამდე. სამსახურში მივედი და შეფისგან ყავის თერმოსი დამხვდა საჩუქრად. კარგი შეფი მყავს. ბევრჯერ დამინახავს რიგითი მუშის საქმეს აკეთებს. ერთხელ, ტერიტორია ნაგვისგან ხელით გაწმინდა, თავის შვილებსაც რიგით მუშებად ამუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ Mc დონალდსი მას ეკუთვნის.

საქართველოს შესახებ ვერაფერს ვგებულობ, თითქმის. დედაჩემი მირეკავს და მხოლოდ ესაა. ქართულ არხებს არ აჩვენებს ტელევიზორი. ოლიმპიადაზე რომ პირველი ოქრო ავიღეთ, მთელი Mc დონალდსი შემოვირბინე სიხარულით და გაზეთს ყველას ვაჩვენებდი. აი ქართველები-მეთქი…

10 სექტმბერი

თავდაუზოგავად ვმუშაობ. ზოგჯერ 12 საათიც მომიწია მუშაობა. უფროსისგან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე. 15 სექტემბერს სამუშაოს ვამთავრებ და შემიძლია წავიდე. უკვე, ძალიან მენატრება საქართველო. არ ვარ მე ის ადამიანი ვინც აქ ისწავლის 2 წლით ან იცხოვრებს. უნივერსიტეტის თვითმმართველობის ამბებს ვგებულობ და მალე მინდა, ბავშვებთან ჩასვლა. ბევრს ვფიქრობ ხოლმე… ვფიქრობ ყველაფერზე… გრძნობებზე, საქართველოზე, ნაცნობებზე… ბევრი ადამიანი მენატრება. უკვე, ყველა წაღებული წიგნიც დავამთავრე. დედას უნდა დავურეკო, რომ ბილეთი გადამიცვალოს, თორემ ფრენა 25-ში მაქვს და მანმადე სწავლაც დამეწყება. მინდა, სწავლის პირველ დღეს უნიში ვიყო…

12 სექტემბერი

დღეს დედაჩემმა დამირეკა და ბილეთს ვერ მიცვლის. თითქოს, გულში რაღაც ჩამწყდა… სალომე 17-ში მიდის საქართველოში. მოლდოველებიც მალე მიდიან… მე კი მარტო ვრჩები… რა გაძლებს, აქ, უსაქმოდ, კიდევ 10 დღე?! უფროსს უნდა ვთხოვო, იქნებ კიდევ მამუშაოს. 50 დღის მეტი კანონით არ შეიძლება.

17 სექტემბერი

უფროსი დამეხმარა და კიდევ 7 დღე ვიმუშავებ. მართალია, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ასე უფრო მალე გავა დრო. სამსახურში ახალი ხალხი მოვიდა. სლოვაკები. მათი რაღაცები ვასწავლე. ისეთი დაბნეულები არიან, ბევრი ვიცინე. ალბათ, ასე ვიყავი მეც. მალე 25-იც მოვა…

25 სექტემბერი

აი, უკვე წასვლის ნანატრი დღეც დადგა. დღეს საღამოს მივემგზავრები. ბარგი ერთი კვირაა ჩავალაგე და სიზმრებით ყოველ ღამეს საქართველოში ვიყავი. დროშა ჩამოვხსენი. უფროსს დავემშვიდობე. წლევანდელი წლით კმაყოფილია და 100 ევრო მაჩუქა, თანაც, გაისად ჩასვლაც მთხოვა. ძალიან უყვართ გერმანელებს, როცა შრომობ. მათი წესრიგი და დროის შეგრძნება მაოცებს. ყველაფერი წამებზე აქვთ გათვლილი. სისუფთავე, ხომ, საერთოდ, – იდეალურია.

სახლიდან გამოვედი, ავტობუსი 12:59 საათზე გაჩერებაზე იყო. როცა ამ დროს შევხედე განრიგზე თავიდან გამეცინა, ერთი წუთი რაა-მეთქი, მაგრამ ზუსტად ამ დროს მოვიდა. ავტობუსიდან 3 მატარებელი გამოვიცვალე და აეროპორტში მივედი. მალე პრაღისკენ გავფრინდი. გული სიხარულით მევსება. პრაღამდე მარტო უნდა ვიმგზავრო. ქართველის ჭაჭანებაც არაა.

პრაღაში ვარ. აქ უკვე გერმანულად არავინ საუბრობს. ინგლისური კი საერთოდ არ ვიცი. მთელი ევროპა ინგლისურად ლაპარაკობს. გერმანელებიც კი, როცა შეგატყობენ, უცხოელი ხარ, ინგლისურად გიწყებენ საუბარს. პრაღაში გზა ამერია და აეროპორტში დიდხანს ვიბორიალე. საბედნიეროდ, 1 საათი მქონდა დრო. საბოლოოდ, ნიშნებს დავაკვირდი და ჩემს სარეგისტრაციოსთან მივედი.

აქ, უკვე, მესმის ქართული ლაპარაკი. მოწმენდილია, შავ ზღვაზე მთვარე ანათებს და სარკესავით ბრწყინავს. ბათუმი ულამაზესია ზემოდან, აი, ახალციხეც ოქროსფრად ანათებს. ღამის 3 საათზე თბილისში ჩამოვედი. ისევ საქართველოში ვარ. არავინ დამხვედრია… აეროპორტიდან ვაგზლისკენ წავედი მატარებლით. როგორც კი მატარებელში ჩავჯექი, გული შემიღონდა;

დამტვრეული, ბინძური მატარებელი, დაჭრილი და დასერილი სავარძლებითა და ჩამტვრეული მინებით, ლიანდაგის ნაპირბეზე ბარაკები… ღმერთო… შენ უშველე საქართველოს! ჩემმა თაობამ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა!

ვაგზალზე მივედი. მეტრო ჯერ არაა ღია. კიდევ 2 საათი უნდა გაღებას. ტაქსისტებმა დიდი ჩემოდნით რომ დამინახეს ჩემზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. როცა ვუთხარი რომ ტაქსი არ მჭირდებოდა, უკმეხად, მომაძახა ერთმა: – აბა, რას დადიხარ ამხელა ჩემოდნით აქეთ-იქითო?! ათასნაირი რჯულის ხალხი დაბოდიალებს ღამის ვაგზალზე… მეძავები… ზოგი მთვრალია… ზოგიერთი ჩემი თანატოლი სლოტ-კლუბიდან გამოდის და სიგარეტს ითხოვს… თან, მე მათვალიერებენ…

ილია ცოცხალი რომ იყოს, ახლა ამის შემხედვარე ბენიერს კი არა ,,უბედნიერეს” ერს დაწერდა… რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, ცოტაც და ამეტირებოდა… ასე, გულით მოველოდი აქ ჩამოსვლას და ერთობ გული ჩამწყდა ჩემი თანამემამულეების ასეთი ყოფით. თუმცა, არცერთი წამით არ ვნანობ, რომ  ჩამოვედი… საქართველო, მე და ჩემმა თაობამ უნდა ავაშენოთ და გავხადოთ ისეთივე სუფთა და მოწესრიგებული, როგორიც გერმანიაა.

გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები