,,ფდა’’ და თსუ-ის მეორე კორპუსი

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ხუციშვილი

თსუ-ის სტუდენტი


საერთოდ,როდესაც ჩემს უნივერსიტეტზე ვფიქრობ, ჯერ მშობლიური მეორე კორპუსი მახსენდება და შემდეგ ის… ამაღლებული. თუმცა, ახლა კარგ ხასიათზე ვარ, გაზაფხული მოვიდა და შავბნელ მოგონებებს გვერდი უნდა ავუარო.

მგონია, საუკუნემ გაიარა მას შემდეგ, რაც პირველად შევდგი ფეხი უნივერსიტეტის ამ მრავლისმნახველ კედლებში. ვიხსენებ სტუდენტობის პირველ დღეს და თვალწინ მიდგას უნივერსიტეტის ლამაზი კორპუსის ეზოში გამეფებული ქაოსი(უეჭველია მიხვდით ,,ლამაზ კორპუსში’’ პირველ კორპუსს ვგულისხმობ). დაბნეული პირველკურსელები (მათ შორის მე), ინტერესით უგდებდნენ ყურს რექტორს. სამი საათისთვის კი მომავალი იურისტები ერთად შევცვივდით. დიახ, შევცვივდით აუდიტორია ,,ფდა’’-ში ( ფიზიკის დიდი აუდიტორია).

მაშინ, პირველად ვნახე უნივერსიტეტში ასეთი მასიური ჭყლეტა. აბა, რას დაიტევდა, საწყალი ,,ფდა’’ ერთად თავმოყრილ ამდენ სწავლამოწყურებულ ახალგაზრდას?! ახლა, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მეტი ორგანიზებულობა, წესრიგი… მაგრამ, რადგან ჩვეულებად მაქვს ყველაფერს პოზიტიური მხრიდან შევხედო (ერთ დღესაც, ამის შესახებაც დავწერ) მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მაინც თავისებური ხიბლი ჰქონდა აუდიტორიის კიბეებზე ჩამომსხდარი და ფანჯრებთან ჩამწკრივებული მოფუსფუსე სტუდენტების ცქერას – მაშინ მივხვდი, რომ სწორედ, ეს აუდიტორია გაგვაერთიანებდა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთვისაც ახლობელი გახდებოდა ,,ფდა’’-ს გაჯჩამოცვენილი კედლები.შევეჩვეოდით თვალუწვდენელ ფანჯრებზე ჩამოფარებულ წითელ ფარდებს, – დღემდე, ვამპირების მოსასხამს რომ მაგონებს და თვით ის ჭაღებიც კი ვეღარ შეგვაშფოთებდნენ სასიკვდილო განაჩენის აღმსრულებელი იარაღივით რომ ჩამოშვებულან ჭერიდან (ამბობენ უხსოვარ დროში ჩამოვარდა კიდეც, მაგრამ ,საბედნიეროდ, არავის დაცემია თავშიო).

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

თავიდან, არც შემინიშნავს, თურმე, სად ვარ, ათწლეულების ისტორიას ინახავს ,,ფდა’’-ს მერხები. იმდენი რამ წერია კითხვას ასწავლი ბავშვს, ოღონდ ზოგი სიტყვა არ უნდა წააკითხო… რაზე არ ფიქრობენ ეს მოცლილი ბიძიები ლექციაზე… მთლად, მათი ბრალიც ხომ არაა?! რა ქნას, აბა, მშიერ-მწყურვალმა, მოწყენილმა სტუდენტმა?! რითი გაერთოს?! ჰოდა ისიც თავის კვალს ტოვებს ამ მრავლისმნახველ აუდიტორიაში.

სამაგიეროდ, უკვე, ზეპირად ვიცი 1956 წელს ვინ იჯდა ბოლოდან მეოთხე მერხზე, ვინ მის გვერდით, ვინ მათგან მოშორებით. ვიღაც თამუნას შავი საწერკალმით წაუწერია თავის სახელი ( აფსუს, სად იყო მაღლივის დამკვირვებელი, ანახებდა როგორ უნდა შავი ,,პასტით’’ წერა, თანაც, მერხზე). 2000 წლიდან წარწერების ახალი სერია იწყება: Pink Floyd, Led Zeppelin, AC/DC, Aerosmith… არა, გემოვნებაში ვერ შევედავები, მაგრამ Green day რატომღა დაავიწყდათ? ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რომელ გენიოსს შეიძლებოდა მოსვლოდა აზრად მერხზე ,,ზვეზდოჩკა’’ დაეხატა მაშინ, როდესაც მოსამართლის, პროკურორის ან ადვოკატის მიერ წაკითხულ სამართლის ლექციას ისმენდა მომავალი იურისტებით სავსე აუდიტორიაში?!

მოკლედ, ასეა თუ ისე, პირველი დღის შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩვენც გავუშინაურდით თსუ-ს. რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო და მეორეკორპუსელს მესამე სართულის ამოცვენილ ,,პარკეტზე’’ თვალდახუჭულს შეუძლია გაიაროს – ,,ელემენტარულია უოტსონ’’! სხვისი არ ვიცი და მე, პირადად კი, ნამდვილად, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ნული სართულის მკაცრი კლიმატის მიმართაც. აწი, რაღა მომკლავს?!

ნულ სართულზე გამახსენდა, ერთ ავბედით დღეს, ერთ-ერთი სემინარის ხელმძღვანელი (რა თქმა უნდა სახელი საიდუმლოა), კინაღამ შეიწირა იატაკიდან მზაკვრულად თავამოწეულმა ლურსმანმა. მას შემდეგ, აღარ იცინის. ასეა, არ იცი საფრთხეს საიდან უნდა ელოდე. ვერც იმას გამოიცნობ, როდის გიწევს გამწარებული სტუდენტების წყევლა.

ჰოდა, მიყვარს მე ეს მეორე კორპუსი.

არა იმ ბოროტი ლურსმნის გამო კი არა, ისე მიყვარს. აბა, ყველაფერი იდეალურად რომ ყოფილიყო, რაღაზე ვიწუწუნებდით სტუდენტები?!

უნაკლო არაფერია. უნაკლო რომ ყოფილიყო, ვერ შევიყვარებდით… ცარიელ ფურცელს არავინ კითხულობს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები