ავტორები: მარიტა გრიგალაშვილი და თამთა ქარქაშაძე
თსუ-ის სტუდენტები
“ასირიელების გენოციდი” ბოლო რამდენიმე კვირაა განხილვის საგანი გახდა. ქრისტიანების ბედით შეწუხებული საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა გზით გამოხატავს მხარდაჭერას. თემის წამოწევა კი მედიის მიერ მხოლოდ ახლახან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. “ერაყში ISIS -ის წევრები ქრისტიან ბავშვებს წამებით კლავენ ” მსგავსი სათაურით სიუჟეტებს და რეპორტაჟებს თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალება ავრცელებს. კითხვის ქვეშ დგება საკითხი: – რატომ საუბრობს ქართული მედია წლების წინ დაწყებულ ომზე მხოლოდ ახლა და რატომ ავრცელებენ 2013-14 წლის კადრებს, თითქოს ისინი რამდენიმე დღის წინ იყოს ჩაწერილი?
ISIS -ი ანუ ისლამური სახელმწიფო, დღეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაციაა. დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემატება მოკავშირეები. ორგანიზაციას სირიაში 50 ათასი და ერაყში 30 ათასი მებრძოლი ჰყავს. რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა (“აბუ საითი” და “ჯამაათ ალ ისლამი” აზიაში და “ბოკო ჰარამი” აფრიკაში) უარი განაცხადეს “ალ ქაიდას” ერთგულებაზე და “ისლამურ სახელმწიფოს” მოკავშირეები გახდნენ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
თემის მომზადებისას, ბიბლიური ასპექტით დავინტერესდით. ძველი აღთქმის წიგნში ორი წინასწარმეტყველია, რომლებიც ასირიის დღევანდელი დედაქალაქის ნინევიის დაცემაზე გვიამბობენ. პირველი – იონა წინასწარმეტყველია, რომელიც ღმერთმა გაგზავნა, რათა ნინევიისთვის ემცნო მის წინაშე მომავალი სასტიკი სასჯელის შესახებ. ეს სასჯელი მათ ღმერთისგან განდგომისთვის და ცრუმორწმუნეობისთვის დაიმსახურეს. მრავალი წინაღობისა და თევზის მუცელში გატარებული 3 ღამის შემდეგ იონა მიდის ნინევიის მეფესთან და ამცნობს მათ დიდი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც ასირიას ღმერთმა გაუმზადა. შეშინებული ნინევიის მერე მთელს მოსახლეობას მიმართავს ჯვალო ჩაიცვან, არაფერი ჭამონ, არც დალიონ და ამგვარად მოინანიონ ღვთის წინაშე ჩადენილი მათი დანაშაული. ნინევიამ მოინანია და ღმერთმაც აპატია მათ. მეორე წინასწარმეტყველი, ნაუმ წინასწარმეტყველია, რომლის მთელი თავი ძველ აღთქმაში ეთმობა ასურეთისა და მისი დედაქალაქის ნინევიის დაცემის მომავალ სასჯელს. ნაუმ წინასწარმეტყველს ღმერთი ამცნობს, თუ როგორი სასჯელი მოელის ნინევიას, რადგან მათ ისევ გადაუხვიეს ღმერთის გზას და ამისთვის საბოლოოდ დაისჯებიან. ნაუმ წინასწარმეტყველის წიგნში გადმოცემული სასჯელი დეტალურად ახდა ნინევიის დაცემისას.
ნამდვილად, საინტერესოა, ამდენი საუკუნის მერე, მსოფლიოს გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების უმაღლესი საფეხურის ერაში, რელიგიური წინაპირობით დაპირისპირებებისა და მასობრივი გენოციდის მთელი სერიების დეტალები. ისლამური სამყარო, რომელიც ასე ებრძვის ქრისტიანულ სამყაროს და ზოგადად, დასავლეთის იდეოლოგიას ნელ-ნელა ახალ ძალებს იკრებს, ხდება უფრო მეტად საშიში ტერორისტული ორგანიზაცია. ჩვენთვის ამ კუთხითა და არამხოლოდ, საინტერესო დეტალებზე სასაუბროდ, მაცხოვრის სახელობის თბილისის ბიბლიური ეკლესიის პასტორს – გოგა აბულაშვილს მივმართეთ:
–რას ფიქრობთ, ასირიელების გენოციდზე, როგორც პოლიტიკური ფაქტორებით განპირობებულ მოვლენაზე?
„არ მინდა თითი კონკრეტულად ვინმესკენ გავიშვირო და დავადანაშაულო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ი.ს.) შექმნაში, მაგრამ დასავლეთს და პირველ რიგში ამერიკას ერაყის გაუმართლებელი ომის მიზანმიუღწევლად დასრულების შემდეგ დაახლოებით მსგავსი რამ დაემართა – როდესაც ცოლიანი კაცის საყვარელი შემთხვევით დაორსულდება და ეს კაცი საგონებელშია,რა ქნას ეხლა. თვითონაც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, მაგ. ჯო ბაიდენმა თურქეთს უსაყვედურა (რაზეც მერე თუ არ ვცდები ბოდიში მოიხადა): თქვენ ისე ძალიან გინდოდათ ბაშარ ასადის (სირიის პრეზიდენტი) ჩამოგდება, რომ სირიის ყველა მეამბოხეს აფინანსებდით და იარაღს აწვდიდით ისე, რომ არც კი იკვლევდით, რა ხალხი იყო ისინი. საუდის არაბეთი და კატარიც დღემდე აფინანსებს ი.ს.-ოს. სუფთა ეგოისტური სარგებლის რეალპოლიტიკაც მოქმედებს: როდესაც ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 100$ იყო, სირია და თურქეთი ი.ს.-სგან 45 $-ად ყიდულობდნენ. ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით მათ ვერ გაანადგურებ, საჭიროა სახმელეთო ძალების შეყვანა. სახმელეთო ძალები კი მანდ ორია, რომელიც რეალურად ეომება ი.ს.-ოს: სირიის არმია და ქურთი პარტიზანები (პერშმეგა). სირიის დახმარება არავის უნდა, რადგან ასადი არის დიქტატორი და არა დემოკრატი (არ გამოდის, ჯერ მაგის წინააღმდეგ იყო და უცებ მოკავშირედ გაიხადო); ქურთების დახმარებას კი თურქეთი ბლოკავს, რადგან მერე ეგ იარაღი მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იქნება გამოყენებული. ჩემი აზრით, ი.ს.-ოსგან ასირიელების მსგავსი მსხვერპლების დაცვა პირველ რიგში, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მორალური პასუხისმგებლობის საქმეა“.
–რას ფიქრობთ, ასირიელების გენოციდზე, როგორც რელიგიური ფაქტორებით განპირობებულ მოვლენაზე?
– „რაც შეეხება რელიგიურ სარჩულს, მანდ დიდი ანალიზი არ არის საჭირო, ი.ს. ხოცავს ყველა ქრისტიანს, “ცუდ” მუსლიმს (ვინც მაგ. სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობენ) და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს (მაგ. იეზიდები, რომლებიც მზეს ცემენ თაყვანს). მანდ მარტივი ფორმულაა: არ ხარ ჩვენნაირი? – გახდი ჩვენნაირი, ან სიკვდილი. ეთნოსს და რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა მაგ შემთხვევაში“.
– თქვენი აზრით, რატომ დუმს მსოფლიო პოლიტიკური საზოგადოება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ხომ არ ეშინიათ ისლამურ სამყაროსთან დაპირისპირების?
– „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიო არ დუმს. რაღაცეებს აკეთებს, მაგრამ ეს არასაკმარისია. რეაქციაც განსხვავებულია, თუ შევადარებთ “შარლი ებდო”-ს 17 მსხვერპლს და ამდენ ათას თუნდაც ასირიელს. მაშინ ყველა გაიძახოდა: მე ვარ შარლი. დღეს მსგავსი პლაკატებით თითქმის არავინ დგას. მაგ. დიდი მიღწევაა, როდესაც ამერიკამ და ირანმა თანამშრომლობა დაიწყეს ერაყის არმიის დასახმარებლად; N1 მიზანი მიღწეულია – ი.ს.-ოს საზღვრების გაფართოება შეჩერებულია. ასევე მათ ვერ აიღეს ქ. კობანი (სირია), რითაც ქურთული ძალები შენარჩუნდა სირიის ტერიტორიაზე. მათ იარაღი ჰაერიდან მიეწოდებათ; ხდება საჰაერო დაბომბვა, რომელ კოალიციაშიც არაბული სახელმწიფოებიც არიან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ი.ს. ყველასთვის მავნეა და მათ დანაშაულებრივ ქმედებებს იგივე არაბი მუსლიმებიც ებრძვიან. როგორც ექსპერტები ამბობენ, მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით, მინიმუმ, 3 წელია საჭირო მათ დასასუსტებლად. ისიც შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. მთლიანად მოსასპობად შეიძლებ ათწლეულები იყოს საჭირო. ასე, რომ მანდ ომი და აფეთქებები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რამაც საბოლოოდ შეიძლება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადაკეთება გამოიწვიოს“.
–თქვენი აზრით, უნდა იქნას თუ არა გათვალისწინებული ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც ასირიელებს ეხებათ, ანგარიშგასაწევ არგუმენტად, რაც, რაღაც კუთხით, გაამართლებს ამ ყველაფერს?
– „ჩემი აზრით ასურელთა დასჯის წინასწარმეტყველება, რომელიც ბიბლიაშია დაწერილი, ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას სამაგალითოდ აღებული, რადგან ეგ წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებულია, ისტორიაში უკვე მოხდა. ასირიელებმა კი ქრისტე მიიღეს თავიანთ ღმერთად. მე ვერ გეტყვი, ღმერთის დღევანდელი გეგმები რა არის ისტორიის ხაზზე, მაგრამ ნაუმ წინასწარმეტყველს ამ შემთხვევას ნამდვილად არ მოვარგებდი“.
–რა რეაქცია აქვს მუსლიმურ სამყაროს ამასთან დაკავშირებით (ISIS ხომ ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც მუსულმანური სამყაროსგან არ იღებს გენოციდის ბრძანებებს)?
– „ მუსლიმურ სამყაროში ოფიციალურად მათ გმობენ და არ ემხრობიან; მეტიც, მათ ებრძვიან როგორც ჭირს. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი რიგითი მუსლიმი, ვისაც ჭკუა გადაუბრუნდა, უერთდება მათ რიგებს. არ მინდა მუსლიმებზე რაღაც ნეგატიური რამ ვთქვა, მაგრამ მათ რიგებს მიერთებულები-ეს შეცდომაში შესული ხალხია. რაც შეეხება ქრისტიანულ სამყაროს, განურჩევლად დენომინაციებისა ყველა ერთიანად შეწუხებულია და გმობს ამ ყველაფერს.
„ასირიელების გენოციდის“ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, ქართულ საზოგადოებაში ( და არამხოლოდ), ჩამოყალიბდა სტერეოტიპი მუსლიმების ტერორისტებთან გაიგივებაზე. ეს ფაქტი, ყველა რიგითი მუსლიმისთვის მტკივნეულია. იმ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ ისლამურ სამყაროსთან, მითუმეტეს ტერორიზმთან, ძალიან უჭირთ ამ ფაქტთან შეგუება და საკუთარ რელიგიაზე ამდენი უარყოფითი აზრის მოსმენა.
ისლამის აგრესორად წარმოჩენას ვერ ეგუება საქართველოში მცხოვრები მუსლიმი აჰმედ გაჯიევი:
“ხალხმა უნდა გააცნოებიეროს რა არის რელიაგია, რა არის ტერორიზმი და რა არის პროპაგანდა. “ისლამური სახელმწიფო ” ვაჰაბიტების იდეოლოგიის შედეგად წარმოიშვა და დრითიდღე იწვევს რელიგიის დაქუცმაცებას. დაიწყეს რელიგიის სახელით ხალხის წამება. მუსლიმის მიერ მუსლიმის მოკვლა უპატიებელი ცოდვაა, ყურანის მიხედვით. ერაყში, სირიაში, იემენში კი მუსლიმები ყოველდღე ერთმანეთს ხოცავენ. ეს რელიგია აღარაა”.
-თქვენი აზრით, რამ გამოიწვია რელიგიის ასე გახლეჩა?
– რა თქმა უნდა, გარე ძლებმა. არაბეთში ნავთობია, “შავი ოქრო”. ამიტომაც დასავლეთი თავად უწყობს არეულობას ხელს.
-ყურანის მიხედვით , როგორ უდნა იქცეოდეს მუსლიმი სხვა რელიგიის წარმომადგენელთან?
– ისლამი ძალადობისაკენ არავის მოუწოდებს. როცა მუსლიმურ დასახლებაში ცხოვრობს ქრისტიანი, მუსლიმს სასტიკად ეკრძალება მისი ჩაგვრა, ან რაიმე სახით ზეწოლა მასზე. მითუმეტეს, ბავშვის მოკვლა უპატიებელი ცოდვაა. ჯიჰადის შემთხვევაშიც მკაცრი წესებია. უიარაღოს, მოხუცებს, ქალებს არ უნდა ებრძოდე.
– როგორ ახერხებს “ისლამური სახელმწიფო” საკუთარი საქციელის ყურანით გამართლებას?
– კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით იმას ამტკიცებენ რაც უნდათ, ძალიან მარტივია დაამახინჯო რეალობა, თუ ციტატას უკონტექსტოდ ამოიღებ ,თუმცა ვინც ყურანი კარგად იცის, ადვილად ხვდება, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ არა.
მიუხედავად უამრავი განსხვავებული აზრისა და შეხედულებისა, მიუხედავად პროტესტის უამრავი ნაირსახეობისა, მიუხედავად ძალიან ბევრი ანალიტიკური სტატიისა და ამ თემას მიძღვნილი სიუჟეტისა, ჯერ კიდევ არსებობენ კითხვები, რომლებზე პასუხიც საზოგადოებას, უბრალოდ, არ აქვს. ფაქტი ერთია, რელიგიის ფარდას ამოფარებული ტერორიზმი სულ უფრო აშკარა და ფართო მასშტაბებს იღებს. მსოფლიო პოლიტიკური სივრცე საკუთარი გზებით ცდილობს პრობლემა გადაჭრას, თუმცა დროში შეზღუდვისა და ისლამური სახელმწიფოს განსაკუთრებული აგრესიულობის გამო, დღემდე იღუპებიან უდანაშაულო ბავშვები, ქალები და უფრო მეტი წევრი ემატება ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს. უდანაშაულო მოსახლეობის ბედი მთლიანად მსოფლიოს გონივრულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.