ორი სამყარო ერთი ადამიანისთვის

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე გოგინავა

თსუ-ის სტუდენტი


სოციალურ სივრცეში 2012 წლის ოქტომბერს დავიბადე, თუმცა, მანამდე დედამიწას მოვევლინე, ეს კი, 21 წლის წინ, შემოდგომის ერთ-ერთ გამორჩეულ თვეს, ნოემბერს, მოხდა. მართალია, სხვაობა ძალიან დიდია და არა თუ თვე, წელიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ცხოვრების არსი უცვლელია. მიზანი მიღწევადი, თუმცა რთული მისაღწევი, საბოლოო სცენა კი -სიკვდილი, რომელსაც ვერც ერთ გარემოში ვერ ავცდები.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

სოციალურ სივრცეში, როგორც დედამიწაზე, ადამიანი სახელითა და გვარით ცდილობს თავისი პატრა ადგილი გამოყოს და დასახალდეს. ბავშვის სახელს მშობლები, სოციალურ სივრცეში დასარეგისტრირებელ სახელს კი თვითონ ეს პიროვნება არჩევს. არც ერთი მეგობარი, სურათი, წერილი. მხოლოდ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ყველაზე მთავარი მეილი, რომელსაც დაბადების მოწმობის საბუთშიც კი მოეძებნება ,,სინონიმი“- მშობლები. ადამინები, რომლებიც ყოველთვის გვახსოვს… ისინი ჩვენი არსებობის წყაროცაა და ბედნიერების მიზეზიც.

მეილზეა დამოკიდებული შევალთ თუ არა სოციალურ ქსელში. facebook-ზე შესასვლელი პაროლის საიდუმლო კომბინაციაა სწორედ ის ბედნიერების ფორმულაა, რომელიც ინდივიდულაურია ნებისმიერი მშობლისა და შვილის შემთხვევაშიც და არავითარ შემთხვევაში არ გაიცემა უცხო პირზე. 21 წლის წინ, როცა დაბადების მოწმობა გამიმზადეს, მშობლებს პირადი ინფორმაცია მოსთხოვეს და მე სრულყოფილი წევრი გავხდი ამ ქვეყნის. 2 წლის წინ კი, იგივე ინფორმაცია მარკ ცუკერბერგის ქვეყანაში დასარეგისტრირებლად დამჭირდა.

ბავშვები სწრაფად ითვისებენო ყველაფერსო, ამბობენ. მე კი, ვიტყოდი, რომ როცა მოგინდება, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ყველაფრის სწავლა, თანაც სწრაფად. ამას ჩემივე გამოცდილებით ვამბობ. მე ხომ ორ სამყაროში ვცხოვრობ. სამყაროში, რომელშიც ყველა საგნის, მოვლენის მნიშვნელობის დამახსოვრება ადრეულ ასაკში მომიწია და სამყაროში, რომელშიც 19 წლისამ დავიწყე იმის გარჩევა, სად გადის ზღვარი ,,ვოლზე” დასაწერ და პირადში მისაწერს შორის.

თუმცა, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ აზრი არ ააქვს, ფოტოს გადაღებას, შენი პოზიციის, განცდების პოსტის სახით გადმოცემას, თუ ამ ქვეყნად მარტო ხარ და, შესაბამისად, ხმის გამცემიც არ გყავს. ხოდა, მეც facebook-ზე ერთი ნაცნობი მოვძებნე და მეგობრობა შევთავაზე. იმდენად გამიტაცა ადამიანების გაცნობამ და შემდგომ მეგობრობის შეთავაზებამ, რომ ვერც კი მივხვდი, ეს სიტყვა მალე ასოების ერთობლიობად რომ ვაქციე, ყოველგვარი მნიშვნელობის გარეშე.

ახლა, 300 მეგობარი მყავს და, მართალი რომ გითხრათ, თავი ხშირად ქუჩაში მგონია. როცა ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმემ გაგაოცოს. ახლიდან, სულ სხვა კუთხით გაიცნო და მოგეწონოს ან, პირიქით, სრულიად დაგეკარგოს წარმოდგენა ადამიანზე. ქუჩაში გაიარო, უცებ ვიღაც დაინახო მოგეწონოს, თუმცა ისე ჩაგიაროს, რომ არა თუ მას, გვერდით მყოფთანაც არ აღიარო, რომ ძალიან ლამაზია, რომ დღეს განსაკუთრებით უხდება ეს გვრილებიანი შარფი. მსგავსად facebook-ისა, სადაც შეიძლება კარგად იცნობდე ადამიანს, უცებ მოგეწონოს მის მიერ დადებული პოსტი, მაგრამ არ ,,დაალაიქო”. უყურადღებოდ, გულგრილად ჩაუარო პოსტს, რომლის ავტორმაც ჩათვალა, რომ სულაც არ იყავი უცხო და მისთვის ძვირფასი ჩანახატი გაგიზიარა. ჩემთვის ფოტოს ან თუნდაც პოსტის მოწონება ნიშნავს, რომ იზიარებ ადამიანის დადებით ემოციას, გიხარია მისი წარმატება, ან თუნდაც წუხარ, განიცდი მის მდგომარეობას. მართალია, ბოლომდე რთულია ვინმეს სიხარული ან მწუხარება გაიზიარო, მაგრამ მცდელობასაც არაფერი უშლის ხელს. ,,ლაიქით’’ ხომ მისი ფოტოს ისტორიის ნაწილი ხდები?!მსგავსად იმ დღისა, როცა შეგიძლია შენ მიერ ნათქვამი, – დღეს გამორჩეულად ლამაზი ხარ! – იმ დღეს დაწერილი ისტორიის ნაწილი გახდე. ასე მარტივად, გულწრფელი ემოციებისა და ურთიერთობის წყალობით.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია… ან, შეიძლება თავად ჩვენ ვართულებთ ყველაფერს, როცა გვგონია, რომ უმნიშვნელო წვრილმანებისგან დაღლილებს, ნაკლები დრო გვრჩება ფილოსიფიურ თემებზე საფიქრად. ჩემი აზრით, კი სწორედ, მანდ ვუშვებთ მთავარ შეცდომას. ცხოვრების მთავარი ხიბლი წვრილმანებშია, წვრილმანები კი დაუგეგმავად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ხშირად თუნდაც პრობლემის სახით. ამიტომ როცა რაიმეზე დიდხანს ვფიქრობთ, იქნება ეს facebook-ზე ფოტოს ატვირთვა, ვინმესთვის მოკლე შეტყობინების გაგზავნა ან თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ამ დროს წვრილმანებზე საფიქრალი დრო იკლებს და ჩვენც ცხოვრების საინტერესო ფრაგმენტზე ვამბობთ უარს. ფრაგმენტზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ შევამჩნიეთ, რომ დაბადების დღეზე წასავლელ კაბაზე ფიქრი 1 თვით ადრე დავიწყეთ ან სხვის facebook-ზე დადებული ვიდეოს გაკრიტიკების აზარტში შევედით?!.

ეს ცხოვრებაა, ეს სოციალური სივრცეა, მე კი მათთან შედარებით უსუსური არსება. ბევრი ნაკლითა და დიდი სურვილით, ერთ დროს სახელითა და გვარით გამოყოფილი ნაწილი, შემდგომ ჩემივე ქმედებით გაფართოვებით თუ არა, იმდენად მაინც გაავამყარო, რომ წლებს გაუძლოს…

და მაინც, თუ შევამჩნიე, რომ ამ facebook-ის პროფაილის საქმე ისე კარგად არ მიდის, როგორც ჩავიფიქრე, გამოსავალი ნაპოვნი მაქვს, – ახალი გვერდი, შეცვალილი პირადი ინფორმაციით. თუმცა ერთი რამ აშკარაა, მცდელობა ყველაფრის ახლიდან დაწყებისა მხოლოდ ილუზია იქნება. დედამიწაზე არსებობა კი მუდმივად გამახსენებს, რომ 1993 წელს დავიბადე, ცხოვრება სულაც არაა ისეთი მარტივი, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს და რომ რეალურად 300 მეგობრის ნაცვლად, სულ რაღაც, – 6 მეგობარი მყავს, რომლებიც არა თუ ჩემი ცხოვრების, ჩემი ფოტოებისა და სტატუსების ,,ნაწილები’’ არიან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები