ავტორი: შმაგი ბერუაშვილი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
ტრადიციულად გიორგობა გორიჯვრის მთაზე 6 მაისს აღინიშნა. მოქალაქეების ნაწილმა, ღამის თევის შემდეგ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იქეიფა.
ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაო ეწყობა ხოლმე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
საღამოს 12 საათია 6 მაისიი შესრულდა და დადგა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. ტრადიციულად გორიჯვრის გზას “მომლოცველთა” რიცხვმა ათასობით ადამიანს გადააჭარბა. იმატა ხმაურმა, სიცილმა, ყიჟინამ. თანდათან ქრებოდა მთელი ღამის დაგროვილი მადლი. ეკლესია გაივსო ღიმილიანი სახეებით, ეკლესიის ეზო – მოცინარი პირებით. თითქოს მხოლოდ ხმაური იყო იქაურობის ერთადერთი ნაკლი, მაგრამ.. მარჯვნივ გაიხედეთ. ყასაბი ამაყად იქნევს დანას და სამსხვერპლოზე სისხლს ღვრის. აქაურობა ნელ–ნელა ივსება ცხვრების ტყავებით… წმინდა გიორგის სალოცავი ნელ-ნელა სასაკლაოს ემსგავსება…
ხალხი კი ულევია, ამაყად მოდის და წინ მოუძღვის, ვინ იცის მთელი წლის შიმშილის შედეგად დაგროვილი ფულით ნაყიდ ცხვრებს, ხბორებს, მამლებს და თვალდაუხამხამებლად იმეტებს საწყალს ცხოველებს სისხლის დაღვრისთვის… მსხვერპლად წირავს… რატომ? რისთვის? ჩვენ ხომ წარმართები აღარ ვართ, ჩვენ ხომ მე–2 საუკუნეში აღარ ვცხოვრობთ. “მსხვერპლ ღმრთისა არს: სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული” და არა სისხლით მოსრვილი ცხვარი ან ხბო… მზე ზენიტში აღწევს, თუმცა სიცხისგან გათანგული ხალხი მაინც ამოდის მთაზე და სამსხვერპლოზე წირავს ცხოველებს…
მზე ჩადის… ყასაბი ხელებს იბანს და სახლში წასასვლელად ემზადება. საქეიფო ადგილებიდან ხალხი ნელ–ნელა იშლება, ერთი ხელით გამაძღარ მუცლებზე ხელებს იტყაპუნებენ, ხოლო მეორე ხელით პირჯვარს იწერენ, წმინდა გიორგის წყალობას სთხოვენ. ხალხი სახლში მიდის.. ცხოველების ტყავი მთაზე რჩება, მგლების იმედად. ეს დღეც მიილია.. წინაპრების დანატოვარი მახინჯი რიტუალიც შესრულებულია და ისღა დაგვრჩენია მეორე გიორგობას ველოდოთ, რომ კვლავ ვადიდოდ უფალი სისხლიანი მსხვერპლით.
ამ დროს კი მთიდან ჩუმად ეშვება თავდახრილი, გულმდაბალი, შავებში ჩაცმული მლოცველი და სინანულის ცრემლით მონამულ ლოყას მაჯით იწმენდს…. (ამაოებისგან შეწუხებული ავტორი)
,,დროა მოიხსნათ წმინდანის მანტიები-ტაში მეგობრებო, კომედია დასრულებულია’’
მსხვერპლშეწირვის ტრადიცია საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს და, შესაბამისად, დღესასწაულის აღსანიშნავად მისულმა მოქალაქეებმა გზად ოთხფეხა ცხოველები, ძირითადად ცხვრები, ეკლესიის მახლობლად დაკლეს.
აღსანიშნავია, რომ ცხოველების მასობრივ მსხვერპლშეწირვას რელიგიური მოტივები არ გააჩნია და ის წარმართული ტრადიციაა, რომელიც დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მნიშვნელოვან მოვლენად, ვინაიდან აღწერილ სურათს, ყოველი წლის გიორგობაზე, საქართველოს არაერთ კუთხეში ნახავთ…