მართლაც, ასეთი კარგია თუ არა მაღალი თვითშეფასება?!

ARIS ბლოგერი

ავტორი: თეონა ნუცუბიძე

თსუ-ის სტუდენტი


“მაღალი თვითშეფასება”- ეს ტერმინი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს ვითარება არც უნდა იყოს გასაკვირი – ის ხომ, ადამიანთა დიდი ნაწილისათვის, მრავალ სარგებელთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ისეთებთან, როგორებიცაა: წარმატება, სხვადასხვა მავნე ჩვევისა თუ დაავადებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა, მომხიბვლელობა და სხვ. მაშინ, როცა დაბალი თვითშეფასება, უმეტესწილად, წარუმატებლობის, ნაკლები ფიზიკური მიმზიდველობისა თუ დეპრესიულობის მომსაწავებელია.

მაგრამ რამდენად სარწმუნოა ზემოთ აღნიშნულნი? მართალია, რომ მაღალი თვითშეფასება ადამიანებს განაწყობს უკეთ სასწავლებლად? მართლაც, შეუძლია მაღალ თვითშეფასებას ხელი შეუშალოს უარყოფით ცრურწმენებს, ძალადობას, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასა თუ სხვა ტიპის დაავადებებს? ადამიანთა მომხიბვლელობა, მართლაც, დაკავშირებულია მათი თვითშეფასების დონესთან?

რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ არის საქმე. კვლევის შედეგები არ ადასტურებს მაღალი თვითშეფასების ასეთ უპირატესობას არცერთ განხილულ საკითხთან მიმართებაში. თუ რაიმე განსხვავება შეიმჩნევა მაღალ და დაბალ თვითშეფასებებს შორის ისიც იმაში, რომ ადამიანები მაღალი თვითშეფასებით არიან “აუტანელი” ხასიათის მქონენი და, საკუთარი თავის სხვებზე აღმატებულად მიჩნევით, ირგვლივ მყოფებს უქმნიან დისკომფორტს.
ხშირად იგრძნობა, რომ საზოგადოებაში მკვეთრი ზღვარია გავლებული მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს შორის.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ადამიანები, დაბალი თვითშეფასებით, როგორც “დეპრესიულები”, გაიმიჯნება ე.წ. “ნორმალური” ადამიანებისგან, რადგან მიჩნეულია, რომ დეპრესიულ, დაბალი თვითშეფასების მქონეთათვის, სამყაროს “დამახინჯებული” სახე აქვს. მაგრამ, ამ აზრის მომხრეთა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ დამახინჯებული ხედვა “ნორმალური” ადამიანების მეგზური მეტად არის, ვიდრე “დეპრესიულებისა”, რადგან დეპრესიულ ადამიანებს თამამად შეუძლიათ იგრძნონ პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე, არადეპრესიულებს კი ეს ძალიან უჭირთ;

ისინი, ფრთხილობენ, რაიმე მოვლენაზე საკუთარი კონტროლის შესაძლებლობის შეფასებისას მაშინ, როცა “ნორმალურები” ამას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ; დეპრესიულები ყოველთვის ცდილობენ ამოიცნონ ვის მოეწონა ისინი და ვის – არა მაშინ, როცა მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მათდამი სხვების შთაბეჭდილებებს ზედმეტად დადებითად აფასებენ – ისინი გადაჭარბებულად აღნიშნავენ თავიანთ კარგ მხარეებს, ცუდს კი – პირიქით; არიან არარეალურად ოპტიმისტები; გადამეტებულად აღიქვამენ, მათ ირგვლივ არსებულზე, საკუთარი კონტროლის უნარს – ამით ისინი იყალიბებენ “პოზიტიურ ილუზიებს” და სხვადასხვა სტრატეგიების (“გონების ხრიკების”) საშუალებით, ცდილობენ, დაიჯერონ და შეინარჩუნონ ისინი ისე, რომ თითქოს, მართლაც, ჭეშმარიტი იყოს.

ალბათ, ხშირად გვესმის, რომ დაბალი თვითშეფასება ადამიანს არ აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას, რადგან, მისი გავლენით, ადამიანი ყოველთვის უარყოფითს ეძებს საკუთარ თავში, არ აღიარებს საკუთარ დადებით მხარეებს, სანაცვლოდ, აზვიადებს საკუთარ წარუმატებლობებს და ყოველივე ამას აკეთებს იმისთვის, რომ, კიდევ ერთხელ, დაამტკიცოს საკუთარი შეხედულება საკუთარ თავზე – შესაბამისობაში იყოს თვითშეფასებასთან. მაგრამ, სინამდვილეში, დაბლი თვითშეფასების მქონე ადამიანებს იგივე მისწრაფებები აქვთ, რაც მაღალი თვითშეფასების მქონეებს – მათ სულაც არ უნდათ, იყვნენ წარუმატებელნი. Gგანსხვავება მათ შორის, უბრალოდ, ის არის რომ ამ ადამიანებს აკლიათ თავდაჯერებულობა, რწმენა იმისა, რომ ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას. ამასთან, ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან “თვითდაცვაზე” – პატივისცემის შენარჩუნებაზე, ვიდრე “თვითაღზრდაზე” და მეტად მგრძნობიარენი და ემოციურად ცვალებადნი არიან, ვიდრე მაღალი თვითშეფასების მქონენი.

გასაგებია, რომ უმრავლესობა ადამიანებისა მიისწრაფვის საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენის შექმნისკენ და სხვებისგანაც იმავეს მოელიან. ჩვენი – ადამიანების სოციალური არსიდან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ გვსურს ვიყოთ “სოციალურად სასურველნი”. მაღალი თვითშეფასება კი დაგვეხმარება ამაში – ის ხომ, გვმატებს საკუთარი თავის რწმენას, გამბედაობას, გვიმაღლებს განწყობას და, ასევე, გარკვეული თვალსაზრისით გვაძლევს შიშის მართვის შესაძლებლობასაც, მაგრამ ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს მაღალ თვითშეფასებას? ფაქტია, რომ – არა: მაღალი თვითშეფასება ასოცირდება ცრურწმენებთან – ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი წრე სხვებზე უკეთესია, რასაც მოჰყვება დაყოფა “ჩვენ” და “ისინი”, რაშიც დანარჩენი საზოგადოების დისკრიმინაციაა ნაგულისხმები.

როგორც ვთქვით, მაღალი თვითშეფასება მეტ გამბედაობას სძენს ადამიანს, მაგრამ ხშირად ამ გამბედაობის, ინიციატივიანობის შედეგი არასოციალურ, სხვებისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებებში იჩენს თავს. მაღალი თვითშეფასების ყველაზე სავალალო შედეგი კი, ვფიქრობ, ის არის, რომ ის შეიძლება გახდეს ნარცისიზმის საფუძველი – ადამიანი, მაღალი თვითშეფასების გავლენით, თვლის, რომ სხვებზე უკეთესია არაერთი თვალსაზრისით – მას ხომ გადაფასებული აქვს საკუთარი ხედვა თავის თავზე.

მან, შესაძლოა, გამოიწვიოს საკუთარი თავის უზომო სიყვარული, საკუთარი თავის გაღმერთება, რაც ნარცისიზმისთვისაა დამახასითებელი. ასეთი ადამიანი, დიდი ალბათობით, ხდება ქედმაღალი, იწყებს სხვებისთვის “ზემოდან” ყურებას, რაც მას მათდამი აგრესიის გამოვლენის სურვილს უღვივებს. მას ამ სურვილის განხორციელებაში ხელს უწყობს ის გამართლება, რომელსაც ის უწესებს საკუთარ ქცევას – იგულისმება, რომ თუ ის ასეთი კარგია, თუ მას ვერავინ შეედრება, მაშინ მას აქვს უფლება სხვებს, “მდაბიოებს” მოექცეს ისე, როგორც მას სურს, თუნდაც, იყოს მათდამი აგრესიული. ეს ყველაფერი კი, ბოლოს და ბოლოს, იწვევს მასში ადამიანების სიძულვილს – მას, ზოგადად, მეტად სძულს ადამიანები, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

ალბათ, ვხედავთ იმ გზას, რომელიც შეიძლება ადამიანმა გაიაროს მაღალი თვითშეფასებიდან – კაცთმოძულეობამდე. შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ დავუბრუნდებით ჩვენთვის, მოცემულ შემთხვევაში, აქტუალურ კითხვას, იქნებ დავფიქრდეთ და ვუპასუხოთ:
მართლაც, ასეთი კარგია თუ არა მაღალი თვითშეფასება?!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები