ავტორი: ანა ურუშაძე
თსუ-ის სტუდენტი
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩემი ტელეფონის ჩასადებს, აყვავებულ ატამსა და მოხუც რესპოდენტს შორის, რომელიც ერთ-ერთი გამოკითხვის დროს აღმოვაჩინე?! – ერთი შეხედვით, არც არაფერი, ან საერთოდ რა შუაშია ეს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული სამი რამ?! თუმცა, ერთი შეხედვა არასდროს კმარა. მე თუ მკითხავთ, არც არასდროს, შესაყვარებლადაც კი. ამიტომაც რაღაც უცნაურის მოლოდინში ბლოგს გაეცანით, რომელიც ამ პირამიდების ისტორიასავით ბურუსმოცულ საქმეს ფარდას ახდის. მაშ ასე, საქმე N n, როგორ მერგო წილად დიდზე დიდი მემკვიდრეობა.
ახლაც, მახსენდება, ის დღე დიდფანჯრებიანი ჯიხურის კარი, რომ შევაღე და სტენდზე ჩამწკრივებულ “case-ებს” თვალი ხარბად შევავლე. მაშინვე თვალში ის ერთადერთი მომხვდა, ის ერთადერთი, ახლაც რომ ამშვენებს ჩემი სმარტფონის „ფიზიოლოგიას“. მაშინვე ვიყიდე დაუოკებელი ქართველის ქართველური ჟინით. შევიძინე ეს საჩემფერო საქართველო. ის დღეს ჩემთანაა და ყოველთვის როდესაც ტექნოლოგიური პრგრესის იმ უდიდესი მიგნების სიკეთეებით ვსარგებლობ, რასაც ტელეფონი ჰქვია, მას ვხედავ, მას ვგრძნობ. ეს ჩემი საქართველოა. ჩემი სამშობლოა, რომელსაც ხელით ვატარებ, რომელსაც შემიძლია შევეხო, ვიგრძნო, ხილულად ვიზრუნო მასზე. დაბნეულობის ეფექტი იქით იყოს და საუბარი მაქვს ჩემი ტელეფონის ჩასადებზე, რომელსაც ხუთი წითელი დროშა ამშვენებს და ჩვენი ეროვნული დროშის ასოციაციას ტოვებს.
ხმ, სწორედ ესაა ჩემი საქართველო. ხელით სატარებელი, გული კი უფრო მეტ საქართველოს იტევს, რაც მაძლიერებს, მხდის უკეთესს, დაცემის შემდეგ წამოდგომას მაიძულეს. და ყოველთვის როდესაც ამ პატარა საქართველოს ხელით ვეხები, ვხვდები რომ ქართველი ვარ, დიახ, ქართველი და მიყვარს , ენით აღუწერელად, იოგების ჩახლეჩამდე, მიყვარს ის ერთადერთი რაც დედამიწაზე დიდიცაა და მაინც ჩემი სამ დიუმიანი ტელეფონის მოცულობაშიც ეტევა. მიყვარს, მყვარს და მერე როგორ!
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ახლაც, სიამოვნებით ვიხსენებ სოფელში გატარებულ გაზაფხულის დღეებს. ცხოვრებაშიც გაზაფხული დამებედა და საერთოდ მეტისმეტი გაზაფხულობებით ვცხოვრობ, თუმცა განსაკუთრებით ატმის ატმისფერი ყვავილობა მიყვარს. ისე როგორც საქართველო და კიდე მამიკოს დაჭერილი თევზი. მიყვარს და მაღფრთოვანებს, მაღფრთოვანებს და მასწავლის, მასწავლის და მაძლიერებს , გაზაფხულებით მივსებს სხეულის შიდა ქსოვილებს. გახურებულს, დაორთქლიანებულს, დანესტიანებულს ქართველობით. საათობით გახევებული ვდგავარ აყვავებულ ატამთან და ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ მოვა, თუ აქამდე არ მოსულა, ახლა მოვა და წაგვლეკავს, თან წაგვიყოლებს, თავს გვაპოვნინებს, ძველი დიდება მოვა, ძლიერი და ერთიანი საქართველო მოვა!!!
ხშირად ვიხსენებ იმ დღეს, ერთ ჩვეულებრივ და მაინც ყველაზე ქართველურ დღეს ჩემს ცხოვრებაში. გამოკითხვას ვატარებდი. ჟურნალისტურს. და ის ვიპოვე. უეცრად და მოულოდნელად აღმოვაჩინე, ისე როგორ ქართველობა ჩემში. ბატონი თამაზი 65 წლის ქართველი ემიგრანტუ აღმოჩნდა, რომელიც შორეულეთში ცხოვრობდა და მაინც სულის ქარები..ოხ, ეს სულის ქარები..არ მოასვენა ხატებამ შორეულ სამშობლოზე და დაბრუნდა. რატომ დაბრუნდით მეთქი რომ ვკითხე, არაფერი მიპასუხა, უბრალოდ გაიღიმა და სითბოჩამდგარი თვალები გარემოს მოავლო. მეც მვხვდი. ვიგრძენი. ის რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა და რაც ჩვენ გარეშე არცარაფერი იქნებოდა. ჩვენ გარეშე, – ქართველების გარეშე. და ჩავშალე, გადაღებაც, ჟურნალსტიკაც. უაზრო ყვირილით დავრბოდი რუსთაველის გამზირზე და ყოველი ქართველის ჩახუტების სურვილი მკლავდა. ოღონდ მართლა, ქართველობის შემოტევები მაწუხებდა. არა გატყუებთ, სულაც არ მაწუხებდა. პირიქით ასე კარგად თავი არც არასდროს მიგრძვნია. მე ხომ მიყვარდა, საქართველო მიყვარდა!
და ჩემი ცხოვრების ამ სამ ეპიზოდში, მხოლოდ და მხოლოდ ამ სამში დავფიქრდი რატომ მიყვარს ჩემი სამშობლო? რატომ ვეთაყვანები მას? ცხოვრების ყველა ეპიზოდში არცერთი წამი არ მქონია მისი სიყვარულის გარეშე, ეს აუხსნელი გრძნობა სულ თან მდევს და არც ვფიქრობ, რომ ახსნას საჭიროებს. საერთოდ მიმაჩნია რომ არცერთ სიყვარულს არ სჭირდება მიზეზი, საბაბი, საფუძველი. არც სჭირდება და არცაა საჭირო. ის, რასაც ხსნიან, უკვე აღარაა სიყვარული. აღარც არაფერი. სიყვარული ხომ მეტია, ბევრად მეტი. სამშობლო მითუმეტეს. ის ჩემი მემკვიდრეობაა, სიმდიდრეა, ანდერძით ჩემთვის მონიჭებული უდიდესი საჩუქარი.
ეს საქმე კი, დიდი ხნის წინათ გადაწყდა ზეცაში და მერე კიდევ ბევრჯერ დიდგორისნაირ ბრძოლებში. და 26 საუკუნე ქართველებმა მკერდით ფარეს, ხმლით დაიცვეს, რათა ჩემთვის შემოენახათ, რათა მე მქონოდა, მე მეგრძნო, მე ქართველი მრქმეოდა. მერე კიდევ დავდგები ეს უგუნური გოგონა და ამ სიყვარულის მიზეზების ძებნას დავიწყებ. ეს უგუნურებაზე დიდი უგუნურებაა. მე მიყვარს ის უმიზეზოდ, უმიზნოდ დამხოლოდ იმას ვცდილობ დავიმსახურო, დავიმსახურო ქართველობა, დავიმსახურო საქართველო. ის რაც ჩემია, ჩემშია, საჩემოა.
ეს საქართველოა!.. 69700 კვმ მსოფლიოს გეოგრაფიულ არეალში და დაუთვლელად დიდი და უსაზღვრო ჩემს გულში, ქართველი თამაზების გულში, შორეულეთში გადახვეწიილი ქართველების გულში, ეს საქართველოა ჩემს ტელეფონზე რომ ეტევა და ვიცი, ზუსტად ვიცი აყვავდება, ძალიან მალე ატამზე მეტად ატმისფრად!