რას ვხედავ, რას ვითხოვ

ARIS ბლოგერი

ავტორი: თამარ კურატიშვილი

[spacer style=”1″ icon=”none”]

როგორ დავიჯერო, ერთხელ მაინც არ მოგისმენია, რომ ამ ქვეყანაში – ყველაფერი ჩაწყობითაა, მხოლოდ „დიდი“ მამების შვილები საქმდებიან, აქ სწავლას აზრი არ აქვს, ნორმალურ სტაჟირებასაც კი, წინაპირობად, ორი უცხო ენა და სულ ცოტა, ერთწლიანი გამოცდილება უძღვის და ამ ყველაფრის გამო, უმუშევრები ვართო. მოკლედ რომ ვთქვა, ახალგაზრდებს საწუწუნოდ, ბევრი მიზეზი აქვთ, რადგან, ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ არც ისეთი სიმართლე, ამ ახალგაზრდების სიზარმაცე გააბათილოს.

არც თუ, იშვიათად, მომისმენია: – ვიღლებოდი, ძალიან მიჭირდა და წამოვედი, კაპიკებს მიხდიდნენ, ამოვიდა ყელში… ნეტა, უსაქმურობაც როგორ არ ამოვიდა ყელში?! აქამდე, რატომ ვერ გაგვიგია, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაბინეტში არავის სვამენ, ვინც დასასმელია, სტუდენტობაც არ უშლის ხელს, აიყვანენ და დასვამენ, მაგრამ ჩვენ საიდან ამხელა ამბიცია, რომ ვერ გაგვიგია, კარიერა კაბინეტიდან კი არ იწყება, კაბინეტით მთავრდება?!

აქამდე, მხოლოდ სტუდენტებს ვუსმენდი, ახლა, დამსაქმებლების მოსმენაც დავიწყე, რომლებიც, ვერ ხვდებიან, რატომ არ მოსწონთ ახალგაზრდებს მუშაობა. პასუხი მარტივია, -არ უნდათ შრომა. საქმე ბევრია, გამკეთებელი ცოტა. გარდა იმისა, რომ დამსაქმებელს „გამკეთებლის“ პოვნა უჭირს, ასევე უჭირს, უწყინარი ახალგაზრდას პოვნაც, რადგან ახალგაზრდებს შენიშვნები არ გვიყვარს. არ გვიყვარს იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ. ყოველთვის მართლები, მაგრამ არა ყოველთვის ახალგაზრდები!..

ერთია, როცა მუშაობა გვეზარება, მეორე, როცა უფროსის უფროსობა ვერ აგვიტანია და მესამე, – რომანტიზმი… გვინდა, დილით მოვემზადოთ, საკუთარ მანქანებში ჩავსხდეთ, სამსახურამდე მივიდეთ, მერე სკამებში ჩავწვეთ, დილის დოზა კოფეინი მივიღოთ, ქაღალდები გადავიკითხოთ, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ გადავდოთ, გადმოვდოთ და 6 საათის შემდეგ მეგობრის სანახავად გავიდეთ: – დავიღალე! – პირველი, რასაც მეგობართან ვიტყვით, მაინც ეს სიტყვა იქნება და მეცინება, რადგან როგორც არ უნდა ვიღლებოდეთ, მაინც ვიღლებით.

არა და, ხომ ვიცი, რომ თქვენც იცით, რა მაგარი შეგრძნებაა კმაყოფილება, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გეგმის შესრულების შემდეგ, ან სტატიის წერისას ბოლო წერტილის დასმის შემდეგ…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები