ავტორი: მარიამ გვარამია
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
გაჩერებასთან ვდგავარ. ტაბლოზე 14 წუთი ციმციმებს. ყურსასმენებს ვიკეთებ და როგორც ამბობენ, მუსიკის ჰანგებში ვეშვები, მაგრამ გონებას ეფიქრება და ვფიქრობ. ფიქრი – დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა.
14 წუთი.
ფიქრი ავტობუსის შიდა სივრცის ტევადობაზე იწყება და წარმოვიდგენ ცარიელ ავტობუსს, სადაც შემეძლება უკანა სკამზე მოკალათებულმა მშვიდად ვათვალიერო ქუჩები. ამ ფიქრს კონტრფიქრი ცვლის და უკვე გადავსებული ავტობუსი წარმომიდგენია, სადაც შუახნის კაცები გათვალიერებენ, ცდილობენ ახალგაზრდა გოგოებთან ახლოს დადგნენ და ყოველი დამუხრუჭებისას უხეშად „დაგეჯახონ“. მარაზმია.
13 წუთი.
ლოდინის მეორე წუთი ამაოებაზე ფიქრში გადის და ამ დროს სახეზე ირონიულ გამომატყველება მაქვს ხოლმე. მახსენდება ყველა ჩემი „გმირობა“ თუ ვაჟკაცობა, ათასჯერ ნათქვამი უფერული სიტყვები და იმედგაცრუება. ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ და როგორ შეიძლება ადამიანმა შენზე თქვას „ვერ ვიტან“ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შემდგომ, როცა დახმარებაზე უარს ეტყვი. ვფიქრობ, იმ ვაი მეგობრებზე და წინასწარ მეღიმება მათი გაოცებული სახეების დანახვაზე როცა ამას წაიკითხავენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამაოების ბაზარზე შეიძლება იყიდო და მართლაც, რომ ყველაფერი ამაოა.
12 წუთი.
ქუჩაში ქალმა გაიარა. მაღალმა, ლამაზმა და სასიამოვნო გარეგნობის. შეღებილი ქერა თმით და ლამაზი სახის ნაკვთებით, ლურჯი თვალებით და შანელის ჩანთით. გაიარა და ჩემში სასიამოვნო გრძნობა დატოვა… მხოლოდ ნახევარი წუთი დასჭირდა ამ გრძნობის გაუვნებელყოფას – ქალმა მარკეტის ჩეკი შუა ქუჩაში დააგდო. გამეღიმა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ გარეგნობა მატყუარაა.
11 წუთი.
ავტობუსები მიდიან და მოდიან. უამრავი ადამიანი ადის და ჩამოდის. სადღაც მიიჩქარიან და არ აინტერესებთ, რომ სადღაც შორს ვიღაცას კლავენ, ვიღაცას შია, ვიღაცა ტირის, ვიღაცას ქორწილი აქვს და ვიღაცას სექსი. სადღაც შორს უკვე ღამეა და სძინავთ. რამდენი რამ შეიძლება ერთდროულად ხდებოდეს თურმე და ნუთუ ამაზე მხოლოდ მე ვფიქრობ. არადა, აშკარად საინტერესოა, რომ როცა შენ იცინი, ვიღაცა ტირის… ვიღაცა სადღაც შორს, მაგრამ ამავდროულად ახლოს.
10 წუთი
ბავშვობა. დროს როცა არაფერი გაღელვებს და ყველაფერი უდარდელად გეჩვენება – ეს არასწორი შეხედულებაა. სწორედ ბავშვობის პერიოდში აწყდები ყველაზე დიდ პრობლემებს და რომ დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, მას ჩვენს თავში აღმოვაჩენთ.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
9 წუთი
ჭადრაკს ცუდად ვთამაშობ, შეიძლება ითქვას, რომ მოყვარულიც არ ვარ. პაიკები ყოველთვის მეცოდებოდნენ, რადგან გამოუვალ სიტუაციაში მათი გაწირვა უხდებოდა მოთამაშეს. წარმომედგინა, რომ ისინი დაუცველი მონები იყვნენ, რომელთაც ყოველ თამაშში ჰყავდათ ერთი სპარტაკი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხდებოდნენ.
8 წუთი
ბრმა ადამიანის რამდენიმე კატეგორია არსებობს. ერთი, რომელიც მართლა ვერ ხედავს, მეორე, რომელიც ხედავს, მაგრამ ამავდროულად ვერც ხედავს და მესამე, რომელიც განზრახ ვერ ხედავს. ყველაზე მეტად მესამე კატეგორიის ადამიანები მაღიზიანებენ, რომელთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. ერთხელ, როცა მათი არსებობა ჩემთვის აუტანელი იქნება და მათთვისაც, მშვიდად შემეძლება მათთვის თვალის ახელა. (აგრესიული ფიქრი)
7 წუთი
100 ადამიანიდან 95 გეტყვით, რომ ციფრი შვიდიანი უყვარს, მოსწონს და თავის ბედნიერ რიცხვად მიაჩნია. ისინი ტყუიან. მათმა ნახევარმა არც იცის, რომ შვიდი ცოდვის გარდა შვიდი სათნოებაც არსებობს და რომ შექსპირმა თავის პიესაში შვიდი სახის ასაკი გამოყო. ვერ ვიტან მატყუარა ადამიანებს.
6 წუთი
დრო გადის. არადა გუშინწინ ვიყავი ბაღში და საახალწლო ზეიმი მქონდა. გუშინ კი პირველად გადავშალე ფიზიკის სახელმძღვანელო. ეს მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა, გარეგანი ფორმა სხეულის დროისმიერი ცვლილებისა. ხშირად მიფიქრია, თუ როგორი ვიქნები 10 წლის მერე, მაგრამ ვერ წარმომიდგენია. ამიტომ დროის გასვლას დაველოდები, ავტობუსით.
5 წუთი
ყურში ლენონის “imagine” მესმის. წარმოდგენა ყოველთვის აპლოდისმენტებით არ მთავრდება, მაგრამ წარმოდგენას უკვდავების ჩუქება შეუძლია.
4 წუთი
მესიჯი მომივიდა. ტელეფონს გახარებულმა დავხედე და „გახარებულმა“ წავიკითხე სმს, რომ გალაქსი განახლებულ ფასებს მთავაზობს. ნეტა ამათ ჩემი ნომერი ვინ მისცა?!
3 წუთი
ღიმილი. ადამიანს ბედნიერებისთვის ღიმილი სჭირდება. ყველაზე ძნელი გადაწყვეტილება ყველაზე რთულ სიტუაციაში გაღიმებაა. ამიტომაც ვიღიმი როცა ვინმე ეცემა.
2 წუთი
იმედი მაქვს, რომ ავტობუსი გადავსებული არ მოვა
1 წუთი
იმედი მიცრუვდება.
აი, თურმე როგორი ყოფილა, როცა ვინმეს „ეტენები“…