გინდა მაგისტრატურაზე წარმატებით ჩააბარო და მიმღებ კომისიაზე შთაბეჭდილება მოახდინო?
მაგისტრატურა ზარმაცებისთვის არ არის. იგი მოითხოვს ყურადღებასა და მიზანდასახულობას უმაღლესი ხარისხის მისაღებად. სწორედ ამიტომ ამოწმებს მიმღები კომისია თქვენს სამოტივაციო წერილს ძალიან გულდასმით – მათ აინტერესებთ, გაგაჩნიათ თუ არა შესაფერისი მონაცემები ამ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ დაწეროთ კარგი სამოტივაციო წერილი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
დაფიქრდით, რას ითხოვენ სინამდვილეში
სხვადასხვა სასწავლებელს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანია დაინტერესებული შემდეგი 4 ინფორმაციით:
- რისი სწავლა გსურთ მაგისტრატურაზე?
- რატომ?
- რა გამოცდილება გაქვთ თქვენს სფეროში?
- რა გეგმები გაქვთ მაგისტრატურის ხარისხის მიღების შემდეგ?
მიმღები კომისია ეძებს კანდიდატებს ნათელი, კარგად განსაზღვრული ინტერესებით, რომლებიც გამოცდილებიდან გამომდინარე ვლინდება. ამის გათვალისწინებით, თქვენს წერილში აუცილებლად უნდა აჩვენოთ, რომ ნამდვილად ძირფესვიანად გაინტერესებთ თქვენ მიერ არჩეული დისციპლინა და გაქვთ გარკვეული გამოცდილება წარსულში, რამაც განაპირობა თქვენი ამგვარი არჩევანი. მასში ასევე, უნდა ჩანდეს, რომ შრომისმოყვარე სტუდენტი ხართ. ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პირდაპირობა და გულწრფელობა სჯობს კრეატიულ სიყალბეს.
კარგად შეარჩიეთ სათქმელი
სასწავლებელში არ აინტერესებთ, როგორ ამზადებთ ქათმის ფილეს ან რა კარგად უკრავთ ამა თუ იმ საკრავზე. ისინი იმ აქტივობებით არიან დაინტერესებულნი, რაც მეტყველებს თქვენს შესაფერისობაზე მომავალ საუნივერსიტეტო საქმიანობასთან. კურსის დასრულებისას ხომ მეტად რთულ საკურსო კვლევაზე მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, ბაკალავრთა ჯგუფებისთვის სწავლება ან მათთვის სასწავლო კურსის შექმნა დაგჭირდეთ. ასევე, მოგიწევთ კოლეგების მრავალფეროვან ჯგუფთან საკმაოდ ახლოს მუშაობა. ამიტომ, ყოველგვარი გამოცდილება, რაც სკოლასთან, სწავლებასთან ან კლასგარეშე ცხოვრების მსგავს სფეროსთან დაკავშირებით გაქვთ, აუცილებლად უნდა აღნიშნოთ.
გახადეთ თქვენი სამოტივაციო წერილი უნიკალური
მართალია, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვა არ არის საჭირო, თუმცა, არც ძალიან მოსაწყენი უნდა იყოთ. ესე რომ გამორჩეული გახადოთ, დაამატეთ უნიკალური (თუმცა, შესაფერისი) ინფორმაცია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მოკლედ განიხილოთ თქვენი სფეროდან რაიმე საკითხი, რომელიც განსაკუთრებით გაინტერესებთ. ეს გარკვეულ წილად, საშუალებას გაძლევთ, განავრცოთ თქვენი წერილი.
დაიმახსოვრეთ, რომ საკითხი, რომელსაც სასაუბროდ აირჩევთ, ბევრ რამეს აჩვენებს მიმღებ კომისიას თქვენ შესახებ. იგი ასევე, სფეროსადმი თქვენს დაინტერესებაზე მხოლოდ საუბრის ნაცვლად, მის დემონსტრირებასაც ახდენს.
ითხოვეთ შეფასება
გაგზავნამდე აუცილებლად აჩვენეთ თქვენი სამოტივაციო წერილი ვინმეს, ვისაც პატივს ცემთ. სასურველია, ლექტორს, რომელიც რეკომენდაციას გიწერთ და ითხოვეთ მისგან შეფასება და შენიშვნები. ვინმე სხვას კი თხოვეთ, გადახედოს მის მართლწერასა და გრამატიკას. „ახალი“ თვალი ადვილად შეამჩნევს იმას, რაც თქვენ შეიძლება გამოგრჩეთ.
ბოლოს კი, ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე სამოტივაციო წერილს სხვადასხვა სასწავლებელში გასაგზავნად. შეიძლება, იგივე ინფორმაცია გადაამუშავოთ, მაგრამ, საჭიროა, შეცვალოთ მისი გადმოცემის ფორმა, რათა იგი თითოეულ პროგრამას შეესაბამებოდეს.
წყარო: http://www.princetonreview.com/grad-school-advice/statement-of-purpose