ავტორი: ანა ხუციშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ბავშვობაში, მეგონა, იმიტომ წვიმდა ხოლმე, რომ ცა ტიროდა…
შემოვსკუპდებოდი ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯარაზე და ვუყურებდი ამ ამოუცნობი ბუმბერაზის მოთქმა-გოდებას. ჩემს თავს ვეკითხებოდი, – ნეტავ, ვინ აწყენინა-მეთქი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღეს 19 წლის ვარ და უკვე, ვიცი, რატომაც ტირის ზეცა. ჩვენი, ადამიანების გაუტანლობა, სისასტიკე და ღვარძლიანობა ვერ მოუნელებია ამ სპეტაკ არსებას. ერთმანეთისაგან დაჩაგრული და გამწარებული ადამიანების ვაებას გაუშავებია ღრუბლები, ბრაზი და შური შერთვია მათ და ისევ ჩვენ გვატყდება ჭექა-ქუხილად. ვფიქრობ და ვერ მივმხვდარვარ, როდის გაუმრუდდა მარჯვენა ადამის მოდგმას, როდის გადაიქცა ქვად ღვთისგან ნაბოძები მოსიყვარულე გული.
რატომ, ადამიანებო? რატომ? განა, რა დავუშავეთ ერთმანეთს?
დღესაც წვიმს… ცრემლებად იღვრება ზეცა… ალბათ, კიდევ ვინმე დაიღუპა და იმას დასტირის, დასტირის გზააბნეულ შვილს, შემცბარს, შეშინებულსა და შეჭირვებულს. ნეტავ, კი, შეიძლებოდეს, სიხარულის ცრემლებად ვაქციოთ ეგ სიმწრის ცრემლები, ნეტავ, შეიძლებოდეს…