ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
სამყაროში ყველაფერი დინამიკურია. თვითონ, სამყარო, თავისი არსითა და შემადგენელი აბსტრაქციული ფენომენით, დინამიკური და ცვალებადია. ამ ცვალებადობაში კი, ხშირია შემთხვევა, როცა ვერაფრით გებულობ – სად მთავრდება რაღაც და სად იწყება მისგან რადიკალურად განსხვავებული. თითქოს, XXI საუკენეა და წესით, სასაცილოც კი უნდა იყოს საუბარი ადამიანთა უფლებების დარღვევაზე, რადგან კაცობრიობა თითქოს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამდენი უაზროდ დაღვრილი სისხლის შემდეგ მშვიდობიანი თანაცხოვრება აუცილებელია ამ ისედაც წამიერ სამყაროში. ამ დასკვნამდე მივიდა წესით დედამიწის უმაღლესი არსება ადამიანი და მისგან შემდგარი მასა კაცობრიობა, რომელიც თავის დროზე მუჭა მიწიდან და მისგან ამოღებული ძვლიდან წარმოიშვა. ანუ, დასაბამი ერთი იყო და ეს იყო ღმერთი, რომელმაც ყველა რელიგიის მიხედვით სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგება იქადაგა.
[spacer style=”1″ icon=”none”]
ბოროტი რელიგია არ არსებობს და ერთი შეხედვითაც თუკი კაცობრიობის ისტორია თვალს გადავავლებთ, მთელი ისტორია ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაა… მეტნაკლებად, კეთილი იმარჯვებდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულები წერენ ისტორიას, თუნდაც ,,იმ ბოროტსაც“ რომ გაემარჯვა მაინც ყველგან აქცენტი ადამიანთა დაცვაზე უფრო კეთდება და არა მათ მკვლელობასა და დამონებაზე… რატომ უნდა მოკლას ადამიანმა ადამიანი?! სიცოცხლე ის ბოძებული განძია, რომლის ხელყოფის უფლება არავის არ აქვს და ადამიანს, რომელსაც სიცოცხლის გახანგრძლივება არ ძალუძს, არც მისი შემოკლების უფლება აქვს. თვით უკანასკნელი ნაძირალა მკვლელის სიკვდილით დასჯაც არ შეიძლება, იმიტომ რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ მისია და ის ერთადერთია, მხოლოდ ერთხელ მოვლენილი ამ ქვეყანას…
პირველი სისხლი მაშინ დაიღვარა როდესაც ძმამ ძმა, კაენმა აბელი მოკლა… და მის შემდეგ ათასნაირი სულელური საბაბით ჟლეტს ადამის მოდგმა ერთმანეთს… ყველა ადამიანს, ყველა რელიგიას თავისი ღმერთი ჰყავს და არ შეიძლება ღმერთი ვინმეს მოკვლას, ვინმეს სიკვდილს ქადაგებდეს, რადგან თუ ის მართლა ღმერთია და ყოვლისშემძლე, თავის შექმნილ ცუდს თვითონვე მოსპობს… ასე რომ არ იყოს, ეს იგივე იქნებოდა რაც კეთება ნგრევას იწვევდეს… ადამიანმა დიდი, ლამაზი ქალაქი რომ ააშენოს მტანჯველი შრომის შედეგად თავისი შესანიშნავი შენობებით, გზებით და ხიდებით და ამ ულამაზეს ქალაქში ერთი ან ორი მახინჯი შენობა რომ გამოერიოს… არსებითად, იდეაში დანარჩენი შენობების მსგავსი, მაგრამ საფუძველმორყეული და ავარიული… ჰოდა ახლა ამ ორი შენობის ნგრევამ რომ მთელი ქალაქის ნგრევა გამოიწვიოს ხომ დიდი უბედურება იქნება… ანუ გამოდის რომ ადამიანის ერთმა აშენებულმა სხვა დანარჩენი დაანგრია… კაცობრიობას დაცულობის, სიკეთისა და სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და შეუძლებელი იქნებოდა მისი შექმნილი თუ მისი შემქმნელი ღმერთი ბოროტი და მკვლელი ყოფილიყო და სწორედ ამიტომაც გამართლება არ აქვს ერთი ადამიანის მიერ მეორის მკვლელობას როგორ დანაშაულთანაც უნდა გვქონდეს საქმე… როდესაც საუბარი სიცოცხლეზეა, აქ ყველანაირი ,,მაგრამ“ უნდა გამოირიცხოს…
და რა ხდება დღეს? აგრერიგ პატივცემულ, განვითარებულ და მეტად დახვეწილ XXI საუკუნეში? რა ხდება და ადამიანების სიცოცხლე შერჩევითი დაცვის ობიექტი გახდა და ადამიანთა მცირე ნაწილის უფლებების დაცვა ისეთი აფიშირებულია, თითქოს არსად, მთელს დუნიაზე არ ხდება ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფა… რამდენიმე თვის წინ ყველა ,,შარლი ებდოდ“ ქცეული სოციალურ ქსლესა თუ ქუჩაში ,,სოლიდარობის მარშზე“ გასული თანაგრძნობას უცხადებდა გაზეთის რედაქციაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ჟურნალისტებს და ყველა ,,შარლი ებდო“ იყო…
რამდენიმე თვის შემდეგ, დღეს, როდესაც იმაზე მეტი ადამიანი ერთად დაიღუპა საშინელი წამებით, ვიდრე პარიზში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, არავის ხმა არ ამოუღია, ჩვეული ,,შეშფოთება“ და ,,აღშფოთებაც” კი არ გამოუხატავთ მსოფლიო ლიდერებს… ერაყსა და ავღანეთში ტერორიზმის საბაბით ათწელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი მიმდინარეობდა და დღეს, სირიაში ადამიანთა უფლებების ასე ღია დარღვვაზე ხმას არავინ იღებს…
რატომ?!
იმიტომ, რომ ასურელებს არ აქვთ ნავთობის ჭაბურღილები და ნავთობი და (,,თურმე“?!) უახლეს ისტორიაში მომხდარი ომები ტერორიზმის გამო კიარა ნავთობის გამო მომხდარა… და 11 სექტემბრის ტერაქტი ამ ომის მიზეზი კიარა, არამედ ნავთობის გამო დაწყებული ომის პასუხი ყოფილა… კიდევ ერთხელ ავღნიშნავ იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია და გაუმართლებელია ნებისმიერი მკვლელობა, მაგრამ ჟურნალის რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას მიზეზი ჰქონდა, ამ ჟურნალმა შეურაცხყო ვიღაცის რწმენა და მასზე შური იძიეს (თუმცა შურისძიებასაც არ ქადაგებს არცერთი რელიგია) და მაშინ მთელი მსოფლიო ,,შარლი“ იყო და დღეს, როცა ქრისტიანებს უმოწყალოდ ხოცავენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ სწამთ ქრისტე, ხმას არავინ იღებს?
ანუ, რა გამოდის ადამიანო?!
გეკითხები ადამიანო შენ, რომელსაც პრეტენზია გაქვს იყო განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი არსება… რწმენის შეურაცხყოფისთვის წამებულთ უწევ სოლიდარობას და არ გაინტერესებს ის, ვინც ღმერთისთვის კვდება? და უნდა გერქვას ამის შემდეგ შენ ადამიანი? ანუ ღმერთის გმობა უფრო მოდურია და სხვის მოსაჩვენებლად თანაგრძნობა, ვიდრე ,,ძველმოდური“ მორწმუნეობა და არაადამიანურ ყოფაზე ადამიანური ქცევის გამოვლინება?!… ამ ტერაქტის შემდეგ ,,შარლი ებდომ“ გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა და შესაძლოა დღეს ქრისტესთვის წამებულ სირიელთა კარიკატურებზეც კი ,,მუშაობს“, რადგან მისი შარჟის ერთ–ერთი მთავარი თემა ხომ სხვისი რწმენა და ღმერთია… და არაფრით იდეაში არ მოუვა ის, რომ შემოსული მილიონების თუნდაც მცირე ნაწილი უდანაშაულოდ წამებულთა ტანჯვის შემსუბუქებას მოახმაროს…
ამ ყველაფრის ფონზე ერთი აჭარელი ოჯახის ისტორია მახსენდება, სადაც მამა მუსლიმანია, შვილი კი ქრისტიანი და დილაობით, როდესაც ერთად ლოცულობენ ერთმანეთის ხმა ესმით… როდესაც მამას ჰკითხეს რა აზრის იყო შვილის ქრისტიანობაზე უპასუხა, რომ მთავარია ადამიანს სწამდეს ღმერთი და არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებს მას… ვისაც ღმერთი არა სწამს, ის ყველაფრის გამკეთებელი, ყველაფერზე წამსვლელიაო… და მაშინ მივხვდი, რომ მის ღმერთს ალაჰი კიარ ჰქვია, მისი ღმერთი ადამიანური ზნეობის, სიკეთის და სიყვარულის უმაღლესი საფეხურია… და ის ვინც კლავს ღმერთის სახელით, ის კლავს საკუთარ სულს, საკუთარ ადამიანობას და დემონს დამონებული იარაღია… ყველა რელიგიის არსი იმას ეფუძნება, რომ სიკვდილის შემდეგ ადამინი წარსდგება უფლის სასამართლოს წინაშე და შესაბამისად ადამიანს არ აქვს უფლება ვინმეს ამ ქვეყანაზე მოუწყოს სასამართლო…
ღმერთს რომ ადამიანებისთვის მიენიჭებინა მოსამართლის ფუნქცია, მაშინ ყოველი რელიგია აზრს დაკარგავდა, რადგან ყველაფერი წახდება მაშინ, როცა ძალუფლებას ადამიანი ჩაიგდებს ხელში… და დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მაფიქრებინებს იმაზე, თუ რამდენად სასტიკი იქნება ადამის მოდგმის მიმართ ის ზეციური სასამართლო, რომელსაც კაცობრიობა ადრე თუ გვიან მიიღებს, რადგან ქრისტემ პირველ რიგში ბრძოლა ფარისევლებს გამოუცხადა, ადამიანები კია ერთიანობაში თავინთი ქმედებით დღეს ისე იქცევიან როგორც ფარისევლები…
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
17 ადამიანის მკვლელობამ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და კიდევ მეტი ,,აღაშფოთა“ სოციალური ქსელის ფოტოზე გამოხატვით და 200 000–ზე მეტი ადამიანის წამებით სიკვდილმა 17 ადამიანსაც კი ვერ გაუღვიძა გულში ადამიანობის გრძნობა… რატომ? იმიტომ რომ კაცობრიობა მატერიალისტი გახდა… ფრანგები უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ასურელები… და რა მოხდებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, ა.შ.შ.–ში, დიდ ბრიტანეთში, რომ ათასი ადამიანი მაინც მოეკლათ? თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა და 2015 წლის იანვარში მხოლოდ ,,შარლობით“ შემოიფარგლნენ… როცა არავინ ყოფილა 90–იან წლებში ქართველი… არც 2008–ში… არც 2014–2015 წლებშია ვინმე უკრაინელი ან ასურელი… 12 ადამიანის მკვლელობამ (არ ვამართლებ ადამიანის არანაირ მკველობას!!!) ჟურნალის რედაქციაში, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა ამ ყველაფერს და შეურაცხყო ვიღაცის რწმენა და ღირსება მსოფლიო თავდაყირა დააყენა…
ყველას, ვისაც არ შეეზარა და ამბიცია გაუჩნდა აჰყოლოდა საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის პროტესტს თამამად ,,ჩაიშავა“ სოციალური ქსელის პროფილი… და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები სასიკვდილოდ ძალიან მეცოდებიან, მე მაინც არ ვარ ღმერთისა და რწმენის შეურაცხმყოფელი ,,შარლი ებდო“, რადგან დღეს თუ ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა ,,საქართველო“ არსებობს ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რასაც ,,შარლი ებდო“ შეურაცხყოფას აყენებს.სწორედ რწმენამ და ქრისტეს სჯულმა განაპირობა მრავალჯერ დარბეული ერის სულიერი ერთობა… მე არ ვარ ,,შარლი“!!!
მე ვარ ქართველი, ერი რომელიც მრავალჯერ ეწამა ქრისტესთვის, მე ვარ ასურელი, რომლის 12-მა წარმომადგენელმა, თორმეტმა ასურელმა მამამ უდიდესი კულტურული, მორალური და რელიგიური წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაში, მე ვარ უკრაინელი რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და მე ყველა ის ადამიანი ვარ ვინც უსამართლოდ, სხვის მატერიალურ ინტერესებს ეწამება… მე მტკივა კაცობრიობის სხეულზე სირცხვილისა და სისხლის დაღად დასმული ყოველი უსამართლო ჭრილობა, რომელსაც კაცობრიობის ერთი ნაწილი თავისივე თავს აყენებს… რა სიმბოლურია არა? პირველად ძმამ-ძმა მოკლა და მას შემდეგ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, რელიგიისა და სქესისა თუ მეორეს მოკლავს ეს ისევ იმას ნიშნავს რომ ერთი მშობლის შვილები ისევ ერთმანეთს ხოცავენ, ისევ ერთმანეთის სისხლს ღვრიან უაზროდ და საკუთარ ცივილიზაციას სპობენ, ჯერ არდაბადებულ შვილებს სპობენ, რომლებმაც შესაძლოა დაბადების შემთხვევაში კაცობრიობის ახალი საოცარი ისტორია დაწერონ.
ძირს ფარისევლური, მოდური თანაგრძნობა!!! ადამიანური სამართლიანობა თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე და სულის სარკეა… რადგან ვინც დღეს დუმს ჩაგვრაზე, ხვალ ის აღმოჩნდება უსამართლობით ჩაგრული…