ავტორი: გვანცა ღუნაშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ყველაფერი უცნაურად დაიწყო. მე დავიბადე ქვეყანაში,რომლის სახელიც არ ვიცოდი… მერე, ნელ-ნელა, ყველაფრის აღქმა დავიწყე და იმ გარემოს შევეგუე, რომელშიც ვცხოვრობდი. სიტყვა-სამშობლო ხშირად მესმოდა, თუმცა არ მახსოვს, პირველად, რა ასაკში დავფიქრდი მის მნიშვნელობაზე. მერე გავიგე, რომ ქართველებისთვის ამ სამშობლოს ერთი სახელი აქვს-საქართველო, სხვა ერისთვის სხვა სახელი. მივხვდი,რომ ბევრი სამშობლო იყო ამქვეყნად, თუმცა, ამათგან მხოლოდ ერთი იყო ჩემი.
შეიძლება ითქვას, რომ სამშობლოს მნიშვნელობა ჩემთან ერთად იზრდებოდა. აი, მაშინ, ექვსი წლის ასაკში რომ გეკითხათ, თუ რა არის სამშობლო? – გიპასუხებდით, – ეს „ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი“ მხარეა, სადაც დავიბადე. ახლა? – ახლა ის გაცილებით მეტია.
სანამ ბლოგპოსტის წერას დავიწყებდი, თავში ოდესღაც სადღაც წაკითხული ციტატა ამომიტივტივდა: – “სამშობლო ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა, ფესვები, რომლებიც გვასაზრდოებს და წინაპართა უწყვეტ ჯაჭვში გვაერთიანებს”. მერე ნოდარ დუმბაძის სიტყვებიც გამახსენდა: “სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია, სალოცავი”.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
სამშობლოს აღქმა ყველასთვის სხვადასხვანაირია. ის ბევრ რამეს მოიცავს და აერთიანებს.
მე არ მახსოვს, როდის შემიყვარდა ჩემი სამშობლო, რატომღაც, მგონია, რომ ამას ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობდი. იქნებს ეს სიყვარული, მართლაც, გენეტიკურია და დაბადებიდან დამყვა, ვინ იცის?!..
ჩემს სამშობლოს ბევრი ფერი აქვს. ბავშვობაში მხიარული ფერები სჭარბობდა. იყო დრო,როცა შავი ფერი ჰქონდა, ბნელი-90-იანებში. ხანდახან, ნაცრისფერიც იყო. ფერწასული და მერე მოსულიერებულიც არაერთხელ მინახავს. მერე ერთხელ სისხლისფერიც გახდა, 2008 წელს. ეს ფერი ადრეც ჰქონია, მაგრამ მე მაშინ არ მინახავს, ახლა ვნახე და მეტკინა.
სამშობლოს აღქმა ჩემთვის ქსნის ხეობიდან იწყება. მე იქ არ დავბადებულვარ,მაგრამ შეიძლება ითქვას,რომ იქ გავიზარდე. თუმცა უკვე ექვსი წელია აღარ მინახავს. რატომ? – ცუდი მიზეზით, – ოკუპირებულია.
ბოლოს რომ ვნახე, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ,დაქვრივებულ ლამაზ ქალს ჰგავდა, ქმარზე დარდი რომ ახრჩობს…
2009 წლის 28 აგვისტო იყო, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი სოფლის სკოლაში ავედით დასათვალიერებლად,ცნობისმოყვარეობამ გვძლია. საშინელი სურათი დამხვდა. მე ნაკუწებად დაფლეთილი საქართველოს რუკა ვნახე… დაფლეთილი ქართული წიგნები… დაცხრილული საქართველოს დროშა შემრჩა ხელში… კედლებზე მინაწერი „დიადი რუსეთის“ გამარჯვებაზე, „цвети осетия моя“ და ა.შ. „осетия“ ინსტიქტურად გადავხაზე და თავზე „Грузия“ მივაწერე – „цвети Грузия моя“, რატომაც არა, თუმცა ეს რას უშველიდა იქაურობას…
მე იმ დღეს სამშობლო ვიგრძენი, ტკივილიანი…
მერე წამოვედი და აგერ უკვე ექვსი წელია ვეღარ მინახავს…
…
დღეს, მე ჩემს სამშობლოში გამეღვიძა…
დღეს, ჩემს სამშობლოს წვიმის სუნი აქვს…
მეჩქარება, ერთ საათში კიდევ ერთხელ უნდა შევაღო „ცოდნის ტაძრის“ კარი…
ეს ჩემი სამშობლოა, მაგრამ მე ის სრულყოფილი მინდა, მთლიანი!