ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც თავის დიდ ბებიას და ბაბუას მოესწრნენ. დედაჩემის დედის მშობლები… ეს ორი უსაყვარლესი ადამიანი დროთა მსვლელობასთან ერთად უფრო დიდ ნოსტალგიას ბადებს ჩემში. ახლაც კარგად მახსოვს მათი ყოველი ქცევა, ერთმანეთზე მზრუნველობა, მუყაითობა… რა არ გამოიარა ამ ორმა ადამიანმა…დაწყებული მეორე მსოფლიო ომის გაჭივრებიდან დამთავრებული ოთხმოცდაათიანი წლების ქაოსამდე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
საერთო გაჭივრებას ოჯახურმა ტრაგედიამაც მხარი აუბა, ახალგაზრდა რძალი დაეღუპათ და ორი ობოლი გოგონა თვითონ აღზარდეს, ისე რომ დედობას და მამობას ისინი უწევდნენ. მიუხედავად ამდენი გასაჭირისა მათში მაინც იგრძნობოდა უზომო სითბო და სიყვაული… ასე თუ ისე მე მათი პირველი შვილთაშვილი ვიყავი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდნენ ისინი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ახლა და ახლა ვხვდები, ვაცნობიერებ მათ ყოველ სიტყვასა და მოქმედებას…
ჩემი დიდი პაპა ხუმარა, მარჯვე და მუყაითი კაცი იყო… გაზაფხული იყო თუ შემოდგომა ყოველთვის ვენახში დაფუსფუსებდა და პატარა ბავშვივით თავს ევლებოდა. ცოტა ყურს აკლდა და შორიდან რომ დამინახავდა აუცილებლად დამიძახებდა:– ,,მოდი აქ!“ –მე კიდე ანც ბავშვს თანატოლ ბავშვებთან თამაშისკენ მქონდა თვალები და ზლაზვნით და უხალისოდ წავიდოდი ხოლმე მისკენ,ის შემომხედავდა და ჯიბიდან უთუოდ რამეს ამოიღებდა და მომცემდა თავისი მოხუცური ტკბილი გულით და დაკოჟრილი ხელებით… რას არ გააჩენდა ხოლმე: ვაშლი, კანფეტი, გაზაფხულზე ახალამოსული წაბლის ძირიდან ანაღები ტკბილი წაბლი, ჩირი და სხვა… მერე გამეხუმრებოდა და ცდილობდა მალე არ წავსულიყავი, ლაპარაკი უნდოდა… მე კი გულისყური გაქცევაზე მქონდა… როგორი ინტერესით ვუსმენდი ხოლმე ძველ ამბებს რომ მოყვებოდა… ისტორიის ლაბირინთებში ვეშვებოდი თავით… ამბობდა ჩემმა ბაბუამ ას ათი წელი იცოცხლა და მეც ამდეხანს უნდა ვიცოცხლოო.მართლაც უხუცესი ყოფილა გვარში მისი ბაბუა და ამბობენ ასი წლის რომ გახდა, რამდენიმე კბილი ამოუვიდაო…
დიდი ბებო… ის კი სხვა იყო… უფრო წყნარი… სულ ფუსფუსებდა, სულ. ან წიწილიებს ევლებოდა თავს, ან ქსოვდა..მოკლედ მისი გაჩერება არ იყო. პაპასავით, როცა დამინახავდა (ოღონდ მას არ აკლდა ყურს) ისიც დამიძახბდა და გამომკითხავდა ოჯახის ამბებს, მერე და თავისებურად ისევ ფუსფუსს დაიწყებდა. შუადღისას თავის ქმარს გადასძახებდა ვენახში, რათქმაუნდა პაპას არ ესმოდა და ასე ძახებ ძახებით მიაკითხავდა, მოძებნიდა და სახში წაიყვანდა წამოდი ჭამეო..ასე მეორდებოდა სულ, თუმცა ბებო დაძახებას მაინც ვენახის თავიდან დაიწყედა და ბოლოში ჩადიოდა… მერე ნასადილევს ეზოში, დიდი მსხლის ძირში მიჯდებოდნენ და ერთხანს ასე ლაპარაკობდნენ რაღაცაზე… ახლა მახსენდება როგორი სიყვარულით, უთქმელი ზღვა სითბოთი ექცეოდნენ ერთმანეთს, თან თითქოს ეშინოდათ ერთს არ ეგრძნო მეორის თბილი ქცევა და მზრუნველობა… ამ ლაპარაკში ჩასთვლემდენ ხოლმე…როგორც წესი ბებოს გამოეღვიძებოდა პირველი და პაპას შეუტევდა:
“რა არი კაცო ამ შუა ეზოში ჩაგძინებია, ადექი ვენახში გადაიხედე ქორმა ქათამი არ წაგვართვას –პაპა უცებ გამოერკვეოდა: – ჰო, რაიყო არ მეძინა ისე თვალი მოვატყუე, რაარი რა მითხარი? – ქათამი არ წაიყვანოს ქორმა ქათამი… – რაო? ხმამაღლა თქვი ქალო ვერ გევიგონე… -გადადი ვენახში ჰაუ მაინც დეიძახე შე კაცო… – რაო? რაიყო ქალო რა ხმადაბლა ჩურჩულებ ცოტა ნაირიანად მითხარი არ მესმის (არა და ბებო ბოლო ხმაზე ყვიროდა, მერე გაბრაზებული მიაძახებდა) – ვაი, დეეფსო ჩემტერს ყურები!!! -, შეხედე ახლა ამას, რას მერჩი ქალო რას იწყევლები… (ამაზე სულ აინთებოდა ბებო) – ე, გლახა რო ვუთხარი ქე გეიგონა იმ წუთში, ვაი შენ მომკალი სამოცი წელიწადია, შენ მომკალი… და დაიწყებდა ასე ბაბუს დატუქსვას, მაგრამ ამ გაბრაზებაში რისხვაზე მეტი სიყვარული და სითბო იღვრებოდა…მათი ყოველი კინკლაობა ისეთი სასაცილო იყო და სინამდვილეში ამ კინკლაობით უზიარებდნენ ერთმანეთს დიდი სითბოს…
პირველი ბებო გარდაიცვალა…
როგორ მახსოვს ის ზამთრის წყალ-თოვლიანი დღე…მე ჩიტებს დავსდევდი სათამაშო თოფით…ბებო ცუდად არისო და ყველა მის სახლში იყო წასული, თუმცა ჩვენი სახლები არც ისე შორს იყო..ერთი ბეღურა მიზანში ამოვიღე, ვესროლე და ამ ჩიტის ჩამოვარდნა და ბებოს სახლიდან კივილი ერთი იყო.არვიცი, დამთხვევა იყო თუ რა ეს მოვლენა,მაგრამ საშინლად ჩამრჩა გულში იმ ჩიტის მოკვლა.. გავიქეცი თავქუდმოგლეჯილი და დედაჩემის დედამ ჩამიხუტა, აღარ გყავს დიდი ბებოო…მეც ცრემლები წამომივიდა, თუმცა ვერ ვგრძნობდი ჩემი ბავშვური სიჩერჩეტით მაშინ რა ხდებოდა… ბებია კი დედით დაობლებას მწარედ ტიროდა… ჩემ დიდ ბაბუს რომ შევავლე თვალი, შევკრთი…ერთიანად მოტეხილიყო ეს ჭარმაგი მოხუცი,თითქოს ერთ დღეში დაბერდაო და უცრემლოდ, გამშრალი თვალებით ტიროდა… მან მისი ცხოვრების მეორე ნახევარი დაკარგა…
ორ წელში ბაბუც გარდაიცვალა…
მეუღლის გარდაცვალების მერე მისი ხუმრობა აღარ გამიგია… მენატრებოდა ის მხიარული კინკლაობა მოხუცებს შორის, ის კი ჩუმად გულჩათხრობილი ფუსფუსებდა ისევ ვენახში, და მარჯვედ ხმარობდა ყველაფერზე თავის მწვანეტარიან განუყრელ ჯიბის დანას…
წლები გადის და მე ეს ორი ადამიანი უფრო და უფრო მენატრება, ნოსტალგიური გრძნობა პირთამდე მავსებს და მოგონებებს სიცხადის სიმძაბრით მიღვიძებს…გადის დრო და ყოველი გავლისას იმ ვენახში მოვავლებ ხოლმე ირგვლივ თვალს თითქოს პაპას ვეძებ და ეს ესაა უნდა დამიძახოს,მე თითქოს ისევ ჩუმად მივიპარები არ დამინახოს და არ დამიძახოსთქო..სიცარიელე,სიცივე იგრძნობა ამ მზისფერ ვენახში და მოგონებისეული პაპის აჩრდილი ისევ დგას და ეფერება რომელიღაც ვენახის ძირს..როგორ მინდოდა ამ ორ ოქროსგულიან ადამიანს ჩემი შვილებისთვისაც შეევლოთ თვალი… როგორ მეღიმება ხოლმე მათი კინკლაობა რომ მახსენდება და მერე სევდა მერევა…ასეთები იყვნენ ჩემი დიდი წინაპრები… ჩემი დიდი პაპა და დიდედა… რომლებიც სიყვარულითა და სითბოთი იყვნენ სავსე მიუხედავად უამრავი გამოვლილი გაჭივრებისა…