როგორ გავხდი ჟურნალისტი

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

იყო და არა იყო რა. იყო, ერთი გოგო, სახელად მარიამი.

„როცა პირველ კლასში ვიყავი, თურმე ასოებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი და სიტყვების წარმოთქმა მიჭირდა. დედაჩემი გაგიჟებულა, დებილი შვილი მეზრდებაო და ჩემზე ხელი ჰქონია ჩაქნეული, მაგრამ მე ვიმარჯვე (თურმე)… (წარსულის მწარე მოგონება). პირველი თემა 8 წლისამ დავწერე. მახსოვს, როგორ აღტაცებით უყვებოდა ჩემი დამრიგებელი დედაჩემს ამის შესახებ და რვეულს მგზნებარედ აფრიალებდა ხელში. სულ ეს იყო. მეხუთე კლასამდე გამოკვეთილად არაფერი მიზიდავდა და ყველაფერში თანაბრად ვიყავი ჩართული (ფეხბურთი არ იგულისხმება – ეგ ცალკე თემის თემაა).

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მერე, იყო ბიოლოგია და ქიმია და ექიმობა მოვინდომე. წარმოვიდგენდი ჩემს თავს თეთრ ხალათში თეთრ კედლებს შორის და უამრავ გადარჩენილ სიცოცხლეს. ამით დედაჩემი არ აღფრთოვანებულა და ექიმობაზე ფიქრი დროებით შევწყვიტე.

მერე, შერლოკობა მოვინდომე და როგორც კი ვინმე პროფესიაზე დამელაპარაკებოდა, ჩემი პასუხი მკაფიო იყო – დეტექტივი. მალე ეს გამომძიებლობანაც მომბეზრდა, რამეთუ ჩემს ოჯახში ყველა იურისტი ან მსგავსი სამართლებრივი დარგის წარმომადგენენლი იყო. ამიტომ გადავწყვიტე სრული ფურორი მომეხდინა და ერთ დღესაც განვაცხადე, რომ მსახიობობა მინდოდა. რა თქმა უნდა, ამას აღტაცებით არავინ შეხვედრია და მეც დავასკვენი, რომ მსახიობობა თეატრალურის დიპლომის გარეშეც შემეძლო. ამანაც ჩაიარა.

შემდეგ, დარიგების და რჩევის გავლენით ჩემი არჩევანი მასწავლებლობაზე შეჩერდა. ამას დედაჩემი ისეთი პროტესტით შეხვდა, რომ კარგა ხანს ჩემს პროფესიაზე კრინტი არ დაგვიძრავს ოჯახში. (თვითონ მასწავლებელია და შეეშინდა ჩემი სახით კონკურენტი არ გასჩენოდა.

ასე, გაიარა მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასმა და დადგა ნანატრი აბიტურიენტობის პერიოდი. უკვე დრო იყო, სერიოზულად მეფიქრა ჩემს მომავალზე და მეც ვფიქრობდი. ფიქრთან ერთად ვწერდი კიდეც და სწორედ აქ ჩამოყალიბდა ჩემში აზრი, რომ მწერალი ან პოეტი გავმხდარიყავი, მაგრამ  ვაი რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა და გამომიცხადეს, რომ პოეტობას და მწერლობას ისედაც შევძლებდი.

აბიტურიენთა რეგისტრაცია ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო, მე კი ღამით მშვიდად ვადევნებდი თვალს ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და  დღისით ტალახიან ბურთს დავსდევდი (ფეხბურთს მაინც ვერ ავცდი). დედაჩემი ანერვიულდა, სკოლაში დაინტერესდნენ, თუ სად აბარებდა სკოლის წარჩინებული მოსწავლე, მეგობრები ეჭვის თვალით გადმომხედავდნენ ხოლმე, რაღაც განსაკუთრებულს ელოდნენ ჩემგან. ინოვაციამაც არ დააყოვნა და რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, დიდის ამბით წინ გაზეთი დავიდე. მეტი დამაჯერებლობისთვის, თან ფურცელი და ფანქარიც ვიქონიე და „ყურადღებით“ დავუწყე ფაკულტეტებს თვალიერება. გეოგრაფიის ჩაბარება გადაწყვეტილი მქონდა, ამიტომ იმ კურსებს მივყევი, სადაც მეოთხე საგნად გეოგრაფია ბარდებოდა. საქმე იმანაც გამიმარტივა, რომ თსუ-ს გარდა სხვა უნივერსიტეტის ჩაწერას არ ვაპირებდი. საბოლოოდ, ჩემი არჩევანი სამ მიმართულებაზე შეჩერდა: საერთაშორისო, სოც.პოლი და ჟურნალისტიკა.

დედაჩემს საქმის ვითარება მოვახსენე და მეორე დღესვე დავრეგისტრირდი. ჩემი მწერლობის უნარის გამო, პრიორიტეტებში პირველი ადგილი ჟურნალისტიკას ერგო.

თითქოს ყველაფერი დასრულდა. დედაჩემი კი კატეგორიულად მოითხოვდა, კიდევ რამე ჩამეწერა ბარათში. (შიში – ვაითუ,ვერ მოხვდეს) ბევრი კამათის შემდეგ, მეოთხედ ილიას ტურიზმი ჩავწერე და დედაჩემმა მოისვენა. მე – არა.

რეგისტრაცია დასრულდა. ყველა კმაყოფილია. ყველა გამოცდებს ელოდება. ყველას გრანტის იმედი აქვს. ყველას თსუ-ში სურს მოხვედრა. მე ყველა არ ვარ.

გამოცდებმა კარგად ჩაიარა, ქულებიც მაკმაყოფილებდა. მთავარი კი ჯერ არ ჩანდა. ამასობაში მეც აზარტში შევედი და დამაინტერესა, როგორ გადაწყდებოდა ჩემი ბედი. შიში მიპყრობდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა მოხდებოდა,  რომ ვერ ჩამებარებინა. (რეგიონის მასშტაბით მომეჭრებოდა თავი.

ჩავაბარე.

ჩემმა ძმამ ნახა ჩემი განაჩენი.

მანვე მითხრა, რომ ჟურნალისტი გავხდი.

ჰოდა, ასე გავხდი ჟურნალისტი.

 

P.S.

როცა დედაჩემი ოთახიდან გავიდა, ჟურნალისტიკის გარდა სხვა დანარჩენი მიმართულებები ამოვშალე.

როგორც ჩანს, გულის სიღრმეში მაინც მინდოდა, რომ გავმხდარიყავი  ჟურნალისტი.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები