ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
როდესაც გონების დაბინდულ ხვეულებში ნოსტალგიის სხივები შეიჭვრეტენ, იწყება მოგონებების ხეივანი… მოგონებების ლაბირინთი, სადაც წარსული აწყმოს ეგებება და ფილმის კადრებივით ჩაგიქროლებს თვალწინ განვლილი…
ამ დროს შენ თვითონ ხარ საკუთარი ფილმის მთავარი გმირი, უნიჭიერესი რეჟისორი და მაყურებელი… იდუმალი, მხიარული და სევდიანი, დათრგუნული და მოწყენილი, ცრემლიანი მაყურებელი… თითქოს გავიწყდება როდის დაიწყე ფიქრი… მოგონებები ერთმანეთს ერთვიან, მიდიან, ერთ ამბავს მეორე მოჰყვება და ვერ ხვდები საიდან სად მიფრინავ… რას არ შეხვდები მოგონებათა ხეივანში, რას არ დაინახავ… თითქოს ეს წარსულის ერთი დიდი სათავსოა და დროდადრო იხსენებ მივიწყებულს, განვლილსა და განცდილს… ზოგიერთი მათგანი მთელი სიმძაფრით გახსენდება, ზოგიერთ მათგანს კიდევ მერე იხსენებ და მანამდე შეუმჩნეველ მოვლენას გაკვირვებით აკვირდები და ოცდები, რატომ მაშინ ვერ შეამჩნიე ის რაც ახლა აღმოაჩინე… წამიერად, უბრუნდები წარსულს, ხელახლა განიცდი და შეიგრძნობ რაც ადრე იყო და აწყმოს წუთები, წარსულში ჩაძირულნი, მომავლის ბილიკებზე მიაბიჯებენ…
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]<P
სვანი…
მაშინ არც კი მიმიქცევია ყურადღება მისთვის, მაგრამ რამდენიმე დღის წინ უეცრად ამოტივტივდა და მისი ტკივილი მეც გადმომედო… ორი წლის წინ ექსკურსიაზე ვიყავი სვანეთში. თაკარა სიცხე ანათებდა და გადავწყვიტეთ სადმე ჩრდილი მოგვეძებნა მესტიაში. დასიცხულები მივადექით სახლივით ნაშენებ და გადახურულ ქოხს, სადაც ერთი შეხედვით არავინ ჩანდა ირგვლივ. ქოხს გვერდით მდინარე ჩაუდიოდა რომელიც ყურთასმენის წამღებად ქუხდა, ხოლო მეორე მხარეს ჩრდილიანი ტყე ესაზღვრებოდა და დასასვენებლად შესანიშნავი მყუდრო ადგილი იყო. დიდი გზის გამონავლელები კარგად მოშივებულებიც ვიყავით და ამიტომ სუფრა გავშალეთ, სამწვადე ცეცხლიც დავანთეთ და ფიჩხის ძებნისას იქვე მოფარებულ ადგილზე ავტომანქანაში მჯდარ კაცს გადავაწყდით. მშვიდი თვალებით გვათვალიერებდა და თითქოს ემოცია არ აქვსო, იჯდა თავისთვის…
სუფრა რომ გავაწყვეთ ჩვენთან მივიპატიჟეთ, მაგრამ არ მოვიდა…რამდენიმეჯერ რომ იუარა, მერე ასეთი ამბავი მოყვა: ,,ერთი კვირის წინ, ღამით აქ მე და ჩემი ძმაკაცი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსვამდით, მერე ჩემს ძმაკაცს ჩხუბი მოუვიდა და მომიკლეს. ხელში ჩამაკვდა, სისხლისგან იცლებოდა და ვერ ვშველოდი… მას მერე მოვდივარ აქ ყოველდღე, ორი ბოთლი ლუდი მომაქვს, ერთს ჩემთვის ვსვამ და მეორეს მისთვის, მისი ხსოვნისთვის , სხვას არაფერს ვეკარები და არ გეწყინოთ“. ეს თქვა, სვანური სიდინჯით გამოეხატა ტკივილი სახეზე, მანქანა დაქოქა და წავიდა… ქუხდა გვერდით ცოფიანი მთის მდინარე, ქუხდა და ყურებში ჩამესმოდა განწირული ადამიანის ყვირილი ამ ადგილზე… სისხლი… რომელიც აქვე დაიღვარა და მდინარემ წარეცხა… აბობოქრდნენ გულზვიადი სვანები ჩემს თვალწინ… როგორი სიყვარული იციან… თითქოს რაღაც მისტიურ რიტუალს გავდა ამ სვანი კაცის საქციელი… დარჩა ეს ამბავი ჩემთვის იდუმალი, ისეთივე იდუმალი როგორიც ეს სვანი…
ღამე… ღამე მთაში… როგორი უჩვეულოა მთისთვის, წმინდა მთის ღამისთვის სისხლი… ისეთი ღამისთვის როდესაც ვარსკვლავები და მთვარე თითქოს შენს თავზე, ხელის გაწვდენაზე ჰკიდია. ღამის მთის მკაცრი სიცივე და ქარი წამოქროლებისას რომ ნაბადს ჩაგახუტებს და თვალს მაინც ვერ მოაშორებ მომაჯადოვებელ ცას. ფილტვებს რომ გიბერავს სუფთა ჰაერი და თითქოს ხელახლა იბადები…ბარით დაბოღმილს მოგაწვება ყელში ტვირთად ქცეული აბსურდული ამ სამყაროს რეალობა… მთისთვის მოინდომებ გულის გადაშლას და ბოღმად ქცეულ დაღლილობას ყვირილის ამოაყოლებ… უსასრულო ყვირილს, როდესაც მუცლის კუნთები, ხმის იოგები, დაჭიმულობისგან აუტანელ ტკივილს გგვრის, ფილტვებში გაგიჟებით მიმორბის მთიური ქარი და მერე გაჩუმდები…
ათასი ქარაფი გაიმეორებს შენს ხმოვანებას… კლდე კლდეს შეეხმიანება ღამის წყვდიადში, ერთმანეთს მოიკითხავენ, გადასძახებენ და ისევ დაგიბრუნებენ ხმას… მერე დამფრთხალი ჭოტის შეშინებულ კივილსაც გაიგონებ სადღაც მოშორებით, მგლის ყმუილსაც, ალბად ირმის ყვირილსაც… ცეცხლს შეუნაცვლებ გვერდდამწვარ ფიჩხს და ახალს მიუმარჯვებ… წინ მხარე გეწვის სიმხურვალით და ზურგზე მთის ცივი კლანჭები გბასრავს… კვამლი შენკენ მორბის, საითაც გადაინაცვლებ იქეთ წამოგყვება… მერე მიყუჩდები, შევებას იგრძნობ, გამსუბუქდები და მიძინებას ეცდები, როდესაც მთის ნაკადულთა ხმაურიანი იავნანა გიმღერის ყურთან… აი ასეთ ღამეს არ ეკადრება სისხლი… სვანი მთის კაცის სისხლი… ასეთი ღამე ღრმად უნდა ჩაებეჭდოს გონებათა ხეივნის მწკრივში და წარუშლელი მოგონებები უნდა აღძრას…
ცრემლი და ტკივილი… რაღაცის სამუდამოდ დაკარგვის… იმ რაღაცის რომელიც შენს განუყოფელ ნაწილად მიგაჩნდა… ვერ იტან განშორებას სამუდამოდ განშორებას… ვერ ეგუები ახალ რეალობას, ახალ უცნაურობას… მაგრამ… მაგრამ ასეთიც ნახა მთის წმინდა ღამემ… გულზვიადი სვანი დაშორდა განუყრელს და სხვაგან, სუუულ სხვაგან, სხვა რეალობაში გადასახლდა… დატოვა მეორე, რომელმაც ახლა მოგონებებით უნდა იცხოვროს, გაიხსენოს წყეული ღამე და უსასოობისგან განცდილი მწარე უძლურება… ეგუება ახალ რეალობას დინჯად, მწარედ უღიმის ცხოვრებას და თავს აჩვენებს რომ ბედნიერია… ასეთი იყო ჩემს მიერ დანახული ერთი უცნობი სვანი, რომელიც უცნაურად შემოსახლდა ჩემს მოგონებათა ხეივანში და როდესაც ერთ დღესაც კიდევ მიიჭრება მასთან ნოსტალგიის სხივები, ვინ იცის როგორ მომაგონდება, რას აღმოვაჩენ მასში, ვინ იქნება ის ჩემთვის… ვინ იცის…