კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ შიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი ამავე კუნძულისკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და … კატები – აღწერენ ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“-ს და დამთავრდა? არა, რა დამთავრდა. ახლა იწყება სწორედ.
15 წლისაა და სახლიდან გარბის. დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებულია. სრულყოფილი და სრულფასოვანია. მოაზროვნეა, ჯანმრთელია ფიზიკურად და უფრო მეტად ჯანმრთელია ფსიქოლოგიურად. საკუთარ ბედს თვითონ განაგებს, უფრო სწორად, უნდა, რომ განაგოს. აბა, რა იქნება, როგორ შეუძლია, ისევ იმ სახლში დარჩეს, ისევ იმ ადამიანთან ერთად იცხოვროს, რომელმაც საკუთარ დასთან და დედასთან სექსუალური კავშირის დამყარება უწინასწარმეტყველა და გარდა ამისა, კატებს იჭერს, ხოცავს და მათს გულებს ჭამს, იმისთვის, რომ ბედისა და განგების მართველი სალამური შექმნას. საოცრებაა, კალმით თუ ფუნჯით დაწერილი სასწაულია. გაცოცხლებული ლეგენდაა და გონებით მიუღწეველი და აღუწერელი გრძნობების ლაბირინთია. მასთან ერთად სიცოცხლის და აზროვნების სწავლა შეიძლება. 15 წლის სახლიდან გაქცეულ კაფკას შუაღამისას სადღაც მინდორში ეღვიძება, ხელები და პერანგი სისხლით აქვს მოსვრილი და არ ახსოვს, რა მოხდა იმ ღამეს. არ ახსოვს, ვისი სისხლითაა მოსვრილი და არც ის ახსოვს, საიდან აღმოჩნდა ამ მინდორში. ამავე ღამეს, 2000 კილომეტრის მოშორებით მამამისი კვდება, სასტიკად, ბრუტალურად, თუმცა სამართლიანად. ეს კაფკას ბრალი არაა, მას არავისი სიკვდილი არ ნდომებია, ადგა და სახლიდან გამოიქცა, თუმცა ერთი წინასწარმეტყველება მისგან დამოუკიდებლად უკვე ასრულდა.
კატები? იაპონელებს უყვართ კატები. ზედმეტადაც კი. ყველა ოჯახში ერთი ცაი რომ უნდა იყოს, დაახლოებით ეგეთი ცხოველია კატა იაპონიაში. იცოდით, რომ იაპონელ კატებს ლაპარაკი შეუძლიათ? ლაპარაკიც და არა მხოლოდ. იმაზე ბევრად მეტს გრძნობენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და იმაზე მეტად ჭკვიანები არიან, ვიდრე აქამდე ვიცოდით. უბრალოდ, ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ და მათი არ გვესმის, ან გვესმის და ყურს არ ვუგდებთ, არადა, უდაოდ სასწაულმოქმედები არიან. კაფკას ცხოვრებაში კატების როლი ძალიან დიდია, თანაც ისე, რომ მან ეს არ იცის. კაფკას კითხვა უყვარს, კითხვა და მარტოობა. კითხვა , მარტოობა და წვიმა. უღრან ტყეში, უსამართლობას გარიდებულს და დამალულს, სრულ სიბნელეში, ღამე, როცა აჩრდილებს ელოდება, შეუძლია, ჩუმად იწვეს და იფიქროს. იფიქროს და დაელოდოს, როდის აღსრულდება საშინელი განაჩენი, რომელსაც ერთი ნაწილი უკვე შეუსრულდა. დარჩა ორი წინასწარმეტყველება.
შეიძლება, მხარზე ყვავი გეჯდეს და გიმეორებდეს, რომ შენ ყველაზე ძლიერი 15 წლის ბიჭი ხარ – შეგიძლია , იცხოვრო ბიბლიოთეკაში და წარსულიდან აჩრდილებს საშუალება მისცე შენს ცხოვრებაზე გელაპარაკონ, მშვიდად გრძნობდე იმ ჭურჭელში თავს, რომელსაც სხეული ჰქვია და როგორც არასდროს, ისე იყო დარწმუნებული , რომ იქ ხარ, სადაც საჭიროა. ასეთია მურაკამი, გაგრიყავს საკუთარი თავისგან და ბოლოს ისევ საკუთარ კალაპოტს დაგიბრუნებს.
გადაშლილი მაქვს წიგნი და მინდა, ყველაფერი ამოვწერო, რაც წამიკითხავს. ყველა სიტყვა და წინადადება მინდა წაგიკითხოთ, მაგრამ რა გამოვა. მე თქვენ ამ დიდ სიამოვნებას წაგართმევთ. თვითონ წაიკითხეთ, აუცილებლად. მერე მიხვდებით, რატომ გთხოვდით ასე დაჟინებით. ცხოვრებას გასწავლის მურაკამი. ყური რომ არ დაუგდო, უბრალოდ დანაშაულია.
არ არსებობს ომი, რომელიც სხვა ომებს დაამარცხებს, – მეუბნება ყვავი ,- ომი ომს შობს. ის დაღვრილი სისხლითა და ჭრილობებით იკვებება. ომი სრულყოფილი, უკარება არსებაა. ფიქრობს კაფკა, ამიტომაც დგება და მიდის, ომს და სისხლს გაურბის, სიხლს, რომელიც მაინც იღვრება, მიუხედავად მისი ამხელა ძალისხმევისა, სისხლი იღვრება. საკუთარი მამის სისხლი იღვრება და დედა და და მისივე ჭუჭყისა და გარდაუვალი წინასწარმეტყველების მსხვერპლნი ხდებიან. კაფკა ძლიერია. ასე დაარიგა ბიჭმა სახელად ყვავმა, რომელიც მასავით 15 წლისაა.
ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე, მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ, ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი უნდა გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვცხოვრობთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში …
ბიჭი სახელად კაფკა სახლში ბრუნდება. ის თავისუფალია წინასწარმეტყველებისგან. თავისუფალია ყვავისგან, კატებისგან, ბიბლიოთეკისგან, ჭუჭყისგან და სექსისგან. თავისუფალია საკუთარი თავისგან და აჩრდილებისგან. კაფკა სახლში ბრუნდება.
ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი