დეპრესია ახალგაზრდებში

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

დეპრესია XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება. ამ დაავადებას, ხშირად, სიცოცხლის საუკეთესო წლები და წუთები ეწირება. ზოგჯერ კი, – თავად სიცოცხლე… დეპრესიამ, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში იჩინოს თავი, თუმცა, აღნიშნულ სფეროში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ დეპრესია, უმთავრესად, 20-წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებად.

ახალგაზრდებში დეპრესიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ხდება საკუთარი თავის მიუღებლობა, სიყვარულის, მხარდაჭერის დეფიციტი ოჯახისა და მისთვის მნიშვნელოვანი გარემოს მხრიდან, სერიოზული წარუმატებლობა, დაბრკოლება საკუთარი  მიზნების მიღწევაში. გარდამავალ პერიოდში ყალიბდება თვითშეფასება და თუ ახალგაზრდა გარშემომყოფთა მხრივ სტაბილურად ვერ გრძნობს სიყვარულსა და მხარდაჭერას, მაშინ მას შეიძლება გაუჩნდეს მისი პიროვნებისთვის გამანადგურებელი აზრები და გრძნობები. ასეთ სიტუაციაში კი იმატებს ფსიქიკური პრობლემების გაჩენის შანსი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]

 

განსაკუთრებით ხშირად ახალგაზრდებში დეპრესიის მიზეზი ხდება საყვარელ ადამიანთან დაშორება, ასევე, გაუზიარებელი სიყვარული, პრობლემები ურთიერთობებში. აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ე.წ. ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, როდესაც გეჩვენება, რომ მთელი შენი ცხოვრება ამ ერთ ადამიანზე, მასთან ყოფნა-არ ყოფნაზეა დამოკიდებული.  ყველაზე ხშირად ამავე  მიზეზით ხდება  ამ ასაკში თვითმკვლელობაც.

უიმედობის განცდამ და ყოველდღიურობამ ნათიას ცხოვრებაში, დეპრესია გამოიწვია:

„ცხოვრებისეულმა ერთფეროვნებამ,უიმედობის განცდამ დეპრესია გამოიწვია, დროის უმეტეს ნაწილს ძილში ვატარებდი, მეგობრებთან ურთიერთობის,უნივერსიტეტში სიარულის,ოჯახის წევრებთან საუბრის არანაერი სურვილი არ მქონდა.. გამიქრა ყოველგვარი ინტერესი,გულგრილი ვიყავი ყველაფრის მიმართ და თავს უიმედოდ,უამბიციოდ ვგრძნობდი… დროთა განმალობაში ოჯახის წევრების დახმარებით შევძელი დამეძლია დეპრესია, მაგრამ დიდი გავლენა ფსიქოლოგთან რამდენიმე თვიანმა კონსულტაციამ იქონია.. მივხვდი რომ ცხოვრება არ არის მარტივი, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ცუდი ან კარგი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.  დაძაბულ და რთულ პერიოდს აუცილებლად მოსდევს აღმასვლისა და წარმატების მომენტები“.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ახალგაზრდებში და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ დაავადებამ, ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოთერაპევტი ეკატერინე გვერწითელი-გოგსაძე გვესაუბრა:

– „დეპრესიის ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩემთვის, როგორც თერაპევტისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით მოსმენა და დანახვა თუ რა აწუხებს ადამიანს და არა მასში სიმპტომების ე.წ. „დაჭერა“ და რაიმე კლასიფიკაციის მოხდენა.  როდესაც უსმენ დეპრესიაში მყოფ ადამიანს გრძნობ და ხედავ, თუ რამხელა შინაგან  სულიერ სიცარიელესა და ტკივილს განიცდის იგი.  ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს  დეპრესია ემართება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ ის, რისი მიღწევაც მას სურს შეუძლებელია, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამიტომ ყველაფერი დანარჩენი მისთვის კარგავს აზრს.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომ ადამიანი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს და კითხვაზე, თუ რატომ გრძნობს თავს იგი ასე ცუდად – ვერ გიპასუხოს.  ამიტომ ხდება საჭირო ფსიქოლოგთან კონსულტაცია. არიან ერთეულები, რომლებიც თავად ახერხებენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, მაგრამ როგორც წესი, დახმარების გარეშე დეპრესია ან იღებს შედარებით მსუბუქ მაგრამ ქრონიკულ სახეს, ან თანდათან მძიმდება და საბოლოოდ შეიძლება თვითმკვლელობის მიზეზიც კი  გახდეს, ვინაიდან მას ახასიათებს სასოწარკვეთა, უიმედობა, აუტანელი შინაგანი სიცარიელე და საკუთარი არსებობის უმიზნობა. დეპრესიის დროს არსებობს  საგანგაშო ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგი. თუ დავაკვირდებით ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანის ხასიათს და ქცევის ცვლილებებს არ დაგვრჩება შეუმჩნეველი. ყურადღება მისაქცევია როგორც ზედმეტი ჩაკეტილობა და უხასიათობა, ასევე აღგზნებადობა და უმიზეზო მხიარულობა, ნებისმიერი ისეთი ქცევა, რომელიც ადამიანს მანამდე არ ახასითებდა”.

– როგორ უნდა დააღწიოს თავი ახალგაზრდამ ამ დაავადებას?

– ადამიანს, რომელსაც შინაგანად ღრმად სწამს ღმერთის არსებობა, იგი არასოდეს არ იგრძნობს თავს მარტო და სასოწარკვეთილად. თუმცა ასეთი სიღრმის გააზრებული რწმენა ცოტა უფრო მოგვიანებით, სიმწიფის ასაკში მოდის. ამიტომ უჭირთ ამ მხრივ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მათთვის ძნელია დახმარების გარეშე დამოუკიდებლად გამოსავლის პოვნა.

საერთოდ  დეპრესიიდან გამოსვლის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზაა,გარემო პირობების შეცვლა,რომ დაინახო შენი სურვილების ასრულების შანსი და გზები, რაც გამოიწვევს შენს მოტივირებას, ამოქმედებას და მოტივირებულ, აქტიურ ადამიანებთან  როგორც წესი დეპრესია არ მეგობრობს. მაგრამ სამწუხაროდ თავისთავად იშვიათად იცვლება გარემო შენს სასარგებლოდ. როგორც წესი, ჯერ თავად უნდა იაქტიურო, იფიქრო, დაგეგმო, იმოქმედო და მხოლოდ ამ ყველაფრის შედეგად იქმნება შენი სურვილების ასრულებისათვის ხელის შემწყობი პირობები.

პირველი ნაბიჯი, ჩემი აზრით, ეს არის გაერკვე შენს ჭეშმარიტ სურვილებში, ანუ რა გინდა, რას ვერ აგვარებ გარემოსთან თუ შენს თავთან, რისი შეცვლა გსურს და რას ვერ ან არ ცვლი, რადგან როდესაც იცი მიზეზი, მაშინ გაცილებით ადვილია მოქმედება.

მეორე, ეცადო შენი სხეული „გამოაცოცხლო“. ჩვენი სული, სხეული და ფსიქიკა ერთი მთლიანობაა, ამიტომ დადებითი ან უარყოფითი ცვლილება ერთ სისტემაში იწვევს შესაბამის ცვლილებას დანარჩენებშიც. დეპრესიის დროს სხეული მოშვებულია, ადამიანი ფიზიკურად დათრგუნულად გრძნობს თავს. ამ დროს უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ მზეზე, ჰაერზე, რადგან მზის სხივების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება დეპრესიის საწინააღმდეგოდ მოქმედი სიამოვნების ჰორმონები. ძალიან კარგია თუ დავიწყებთ ვარჯიშს, თუნდაც თავიდან ძალიან გვეზარებოდეს და არ გვინდოდეს. ვარჯიშის მრავალი სახე არსებობს, როგორებიცაა მაგალითად იოგა, პილატესი, ფიტნესი, სირბილი, ცურვა და ა.შ. და თუ მოიდომებთ იპოვით თქვენი ხასიათისა და ფიზიკური მდგომარეობისათვის შესაფერისს.

საბოლოოდ კი,მინდა გირჩიოთ, რომ იფიქროთ საკუთარ თავზე, ეცადეთ სულითა და სხეულით მიხვდეთ რა გინდათ, რა არის თქვენი ჭეშმარიტი სურვილები, იზრუნეთ პიროვნულ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე, გიყვარდეთ და მოუარეთ თქვენ თავს  და დამიჯერეთ, დეპრესიას არ მოუნდება თქვენთან სტუმრობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები