ავტორი: ია მღებრიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
„თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…“
იოსებ ნონეშვილი
რა არის ჩვენთვის ქართული ენა? ენა, რომლის მიმართაც მშობლიური, პატრიოტული გრძნობა გვაქვს, თუ ენა, რომელსაც უბრალოდ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ?
რაში გამოიხატება პატრიოტული გრძნობა ქართული ენის მიმართ? იმაში, რომ ყოველ 14 აპრილს დედა ენის დღეს აღვნიშნავთ, თუ იმაში, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული?
ერთ დღეს, რომ გამოგვიცხადონ, თქვენ გეკრძალებათ ქართულად საუბარი და ყველამ უნდა ისაუბროთ ინგლისურ ენაზეო, თუ ინგლისური არ ვიცით, რას გავიფიქრებთ პირველ რიგში? იმას, რომ როგორ ბედავენ ჩვენი მშობლიური ენის შეურაცხყოფასო, თუ იმას, ვაიმე, ინგლისური რომ არ ვიცით, რა გვეშველებაო? ვინც იცის ინგლისური, შეიძლება, საერთოდ არც ჰქონდეს რეაქცია, ან ცოტა ხნით აღშფოთდეს და შემდეგ შეეგუოს. ზოგადად, ქართველები ხომ ბევრ რამეს ვეგუებით და არც ეს იქნება გამონაკლისი.
დღესდღეობით არავის აუკრძალავს ჩვენთვის ქართულად საუბარი, თუმცა ჩვენ თავად უარვყოფთ ბევრ ქართულ სიტყვას და ვანაცვლებთ უცხოურით. ფეშენვიქის, ივენთის, უიქენდის გამოყენება უფრო „განათლებულებად“ გამოგვაჩენს, ვიდრე, მოდის კვირეულის, ღონისძიების და შაბათ-კვირის. რუსული ბარბარიზმები ახლა ყურს გვჭრის და ადვილად ვხვდებით, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება, ინგლისურიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვები კი სულაც არ აღიქმება ბარბარიზმებად, პირიქით, თითქოს აუცილებელიც კი გახდა მათი გამოყენება.
„ქართული ენა ამჟამად ჰგავს მშვენიერი ფოლადის სახნისს, რომელიც უგუნურს პატრონს კუნჭულში მიუგდია, იშვიათად ხმარობს და ჟანგს აჭმევინებს…“ – ამბობდა იაკობ გოგებაშვილი. მგონი, არც დღესაა უკეთეს მდგომარეობაში ჩვენი ენა.
რაში დასჭირდებათ ჩვენთვის რამის დაძალება და აკრძალვა, ჩვენი სურვილით ვაღიარებთ ყველაფერს უცხოურს. უცხოელებს უფრო მეტი ყურადღებით და პატივისცემით ვეპყრობით, ვიდრე ერთმანეთს; უცხოური ლიტერატურის ცოდნაც უფრო განალებულობად ითვლება, ვიდრე – ქართულის.
ამაში გამოიხატება ჩვენი პატრიოტიზმი, უცხოელებს და ყველაფერს უცხოურს რომ ვცემთ პატივს და ქართული აღარაფრად მიგვაჩნია? განა რომელიმე ქვეყანაში ასე დაკნინებული აქვთ საკუთარი ენა? მაშ, ჩვენ რატომ ვაკნინებთ? განა ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის იბრძოლეს ქართული ენის გადასარჩენად, რომ ახლა ჩვენ, თავად ქართველებმა გავანადგუროთ?
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ – გრიგოლ ორბელიანს ამ სიტყვების გამეორება ხშირად უყვარდა. ბევრს ეს სიტყვები სისულელედაც კი შეიძლება მოეჩვენოს და თქვას, რა, ჩვენთაგანს რომ ვიტყვი ჩვენგანის ნაცვლად, ამით დაეცემა ერიო? მაგრამ, მაშინ რაში გამოიხატება ჩვენი პატრიოტიზმი ქართული ენის მიმართ? ჩვენ გვავიწყდება, რომ სწორად მეტყველება და წერა მშობლიური ენის პატივისცემაა – აი, რა არის პრობლემა.
სამწუხაროა, მაგრამ ბევრი ფილოლოგისთვისაც კი არაფერს ნიშნავს სწორად მეტყველება. ზოგს ფილოლოგობად მხოლოდ ლიტერატურის ცოდნა მიაჩნია. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ბევრი პედაგოგი ბავშვებსაც ლიტერატურის სწავლისკენ მოუწოდებს და გრამატიკას სასხვათაშორისოდ ასწავლის. ასეთ პედაგოგებს ხელი ეწყობათ იმითაც, რომ სკოლაში ქართული ენის გრამატიკა ცალკე საგნად აღარ ისწავლება. ლამის, საერთოდ გააქრონ გრამატიკა იმის გამო, რომ თავად არ უყვართ. და რა შედეგს უნდა ველოდოთ ასეთ სიტუაციაში? მერე შევიცხადებთ კიდეც, რატომ ვერ მეტყველებენ ბავშვები გრამატიკულად სწორი ფორმებითო. სწორად მეტყველებას ნამდვილად ვერავინ ისწავლის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვით!
ილია ამბობდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“
ჩვენ რა პასუხს გავცემთ?