ავტორი: ხატია გოგრიჭიანი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ფაქტია, რომ საქართველოში უამრავი კანონი ირღვევა და ეს დარღვევა ხშირად ყურადღების გარეშე რჩება და შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებებიც არ ტარდება. მე ამჯერად მინდა იმ კანონრარღვევებზე ვისაუბრო, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ხშირია და ცხოველებს ეხება.
სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დასჯას ითვალისწინებს. წვალება, სასტიკი მოპყრობა, რაც იწვევს ცხოველის დასახიჩრებას ან დაღუპვას ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ხოლო იგივე დანაშაული ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვანის თანდასწრებით ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.
საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ძაღლების ჩხუბი, რაც შედეგად ცხოველების დასახიჩრებას იწვევს. აზარტულ სანახაობაში ჩართული ადამიანები დიდ ფსონებსაც დებენ, ჩხუბის მომსწრეთა შორის არასრულწოვნებიც არიან. სავარაუდოდ, ეს საქმიანობა ფულის შოვნის კარგი საშუალება გახდა და სავარაუდოდ, ერთერთი მიზეზია იმისა, რომ კანონით აკრძალული ,,შეჯიბრი’’ საქართველოში ინტერესს არ კარგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი კანონდარღვევა ისეთ ქვეყნებში ხდება, როგორიცაა ავღანეთი და პაკისტანი.
ერთერთი გავრცელებული ინფორმაციით ჩხუბი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რის შემდეგაც ამ ადგილას სისხლის კვალი რჩება. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტების თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც ხდება. ცხოველთა დამცველთა განცხადებით ეს საქმიანობა არ მიეკუთვნება სპორტის სახეობას და პირდაპირი კანონდარღვევაა, რაც ცხოველის დაავადებას და დასახიჩრებას იწვევს, შედეგად კი ეს ცხოველები გარეთ, პატრონისგან გამოგდებულნი ხვდებიან. ბრძოლაში წაგებულებს კი ხშირად თავშესაფარშიც აბარებენ.
ჩხუბისთვის ხშირად კავკასიურ ნაგაზებს და პიტბულებს იყენებენ, მათი ძლიერი აღნაგობის გამო. მას აქვს ინტელექტის მაღალი დონე, რის გამოც მთაში ცხვრის ფარის დასაცავად გამოიყენება, მაგრამ ამასთანავე, როგორც ცნობილია, კავკასიური ნაგაზი საკმაოდ ძლიერი და მძიმეწონიანი ძაღლია, აგრესიული წვრთნის და მოპყრობის შემდეგ ჩხუბისთვის იდეალური ძაღლი ხდება. მის ჩხუბს პატრონები იმით ამართლებენ, რომ ძაღლს ენერგიის დახარჯვა სჭირდება.
ის, რომ დღეს საქართველოში ეს საქმიანობია პოპულარულია, სოციალური ქსელების მეშვეობითაც დასტურდება. კონკრეტულად კი Facebook-ზე არსებობს მრავალი გვერდი, სადაც ადამიანები თავიანთი მოჩხუბარე ძაღლებით თავს იწონებენ. არის ამის დამადასტურებელი უამრავი ფოტოც. ძაღლების ჩხუბთან ერთად საქართველოში მამლების ჩხუბიც გავრცელებულია, ცხოველთა დამცველები ამ კანონდარღვევის წინააღმდეგაც იბრძვიან. გარდა ჩხუბსა, ცხოველები ადამიანის სისასტიკის მსხვერპლნი ყოველდღიურად ხვდებიან. თავშესაფარში მიყვანილ ცხოველებს ხშირად აქვთ ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები, გარდა ამისა დაუდევარი მძღოლებიც დაშავებული ძაღლების და კატების რიცხვს ყოველდღე ზრდიან.
ცხოველთა დამცველები მუდმივად იბრძვიან ცხოველთა უფლებების დასაცავად, თუმცა, ამისთვის აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართვაც. საჭიროა იმის გაცნობიერებაც, რომ ცხოველისთვის ზიანის მიყენება, მათდამი აგრესიული დამოკიდებულება და სასტიკი მოპყრობა კანონის დარღვევაა და შესაბამის სასჯელსაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოში კანონით გათვალისწინებული სასჯელი სხვა ქვეყნებთან შედარებით ლმობიერია, ცხოველთა დამცველები გამოსავალს მის გამკაცრებაში ხედავენ.