ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
თანამედროვე ტელევიზიების არსებობა სერიალების გარეშე რთული წარმოსადგენია. თითქმის ყველა არხზე ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი, სხვადასხვა სერიალი გადის და მაყურებელთა შორის უფროსების გარდა, პატარა ბავშვებიც არიან.
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ სერიალების გმირების ხილვა ქართულ ტელევიზიებში ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ფასებიც განსხვავებულია. ერთი სერიალი შეიძლება სხვადასხვა ფასად შეიძინოს ქვეყანამ, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიასა და ენაზე. რაც უფრო გავრცელებულია ენა, მით უფრო ძვირია სერიალი. ერთი სერიის ფასი 150 დოლარიდან იწყება და 2.400-2.500 დოლარსაც აღწევს. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოლაპარაკების მიხედვით წყდება.
150 დოლარი დაბალი ხარისხის სერიალის ფასია. შეიძლება ზოგიერთი სერიალის ეპიზოდი (ანუ ერთი სერია), 100 დოლარადაც იყიდო, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაბალი დონის სერიალების ფასია. ყველაზე იაფფასიანი სამხრეთ ამერიკული სერიალის ერთი ეპიზოდი დაახლოებით 200 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი – 500 დოლარი. ბოლო დროს თურქული სერიალების ფასებიც მაღალია, რადგან შედარებით განსხვავებულმა სიუჟეტებმა მაყურებელი ადვილად მოიზიდა.
როდესაც ასეთ მაღალ ციფრებს ვასახელებთ, ლოგიკურიცაა, რომ ჩნდება კითხვა – რა მოგება მოაქვს სერიალებს?
პასუხი ორგვარია: – ჩვენ, შეიძლება, ვიხეიროთ ფინანსური კუთხით, ან არხის პოპულარობის გაზრდა გახდეს სერიალებს ჩვენების მთავარი მიზეზი. საინტერესოა, რომ ქართული წამყვანი არხები, მინიმუმ ხუთ სერიალს სთავაზობენ მაყურებელს. მაქსიმალურად ცდილობენ ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას მოარგონ სატელევიზიო პროგრამა და საკუთარი რეიტინგი ასწიონ.
აქვე, უნდა ითქვას, რომ სერიალების ჩვენების დროს კომერციული ჭრა ასევე ძალიან ძვირი ღირს, ვინაიდან ეს არის დრო, როდესაც უამრავი ადამიანია ტელევიზორთან მიჯაჭვული.
საქართველოში ყველაზე წარმატებული ამერიკული სერიალები ”გაქცევა” და ”დაკარგულები” იყო. ამ სერიალის ერთი ეპიზოდი 1500 დოლარი ღირდა.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი საპნის ოპერა არა ბრაზილიური, ვენესუელური ან თუნდაც თურქულია, არამედ ბრიტანული სერიალია – „Coronation Street.“ სერიალის გადაღება დაიწყო 1960 წელს და დღემდე ეთერშია 8343 + სერიით. ამ სერიალის თავიდან ბოლომდე საყურებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 174 დღე და ესეც რეკლამების გარეშე.