ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
თბილისი თავს ყოველთვის “დებდა” მოდის ტენდენციების საკითხში და ქართველი ხალხიც სულ ცდილობდა ბოლო გროშებით ეყიდა ბრენდი, თუნდაც ერთი-ორი თვის შიმშილის ფასად…
მერე რა, წონასაც შეინარჩუნებს და “კუდიც ყავარზე ექნება გადებული”, თავს მოიწონებს; – აგერ, გასამართლებელი საბუთიც, თან საკმაოდ დამაჯერებელი. ვერაფერს იტყვის კაცი! ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ იმასაც გეტყვით: ამდენი ფულის ფლანგვა სასურველ შედეგამდე მისვლისთვის სწორი გზა რომ ვერ აღმოჩნდა, რადგან ჩვენი დედაქალაქის ძალიან დიდ ნაწილს ერთნაირ სტილზე აცვია. ინდივიდუალურობა, როგორც ასეთი ამ ასპექტშიც დაიკარგა.
ქართველებს რომ ჭამა გვიყვარს, ეს როგორც წესი, წონაზეც გვეტყობა ხოლმე. “მომწონს და მინდა” თავის გასამართლებელი საბუთი, ამ შემთხვევაში, ნამდილად ვერ გამოდგა. ყველას განსხვავებული სხეულის ფორმები აქვს და ინდივიდუალურადაა საჭირო “საკუთარი თავის მიხედვა.”
თბილისი მოდური არ არის! – ყველა თანხმდება, ვისი გემოვებაც ოდნავ მაინც გასცდა მაღალწელიან ჯინსებსა და ორი-სამი ზომით დიდ სვიტრებს. ეს ჩემი, როგორც ბლოგერის სუბიექტური მოსაზრება არ არის და სიმართლე გითხრათ, არც კრიტიკა მხიბლავს დიდად.
სხვისი არ ვიცი და მე პირადად, “შოპინგომანია” ნარკოტიკად მაქვს ქცეული. ყველაფერი მინდა რასაც ვხედავ ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინებში. შეიძლება ვერ ჩავიცვა, მაგრამ მინდა! ეს ჩვევა ბავშვობიდან შემომრჩა და ჩემს გარდერობში ნამდვილად ბევრი მოიძებნება ისეთი სვიტრები, კაბები და შარვლები, რომლებიც უბრალოდ “მუღამის” გამო ვიყიდე და თავისი ადგილი მშვიდად, აუღელვებლად მივუჩინე. არც მათ გამოუთქვამთ პრეტენზია და მეც მშვიდი სინდისით ვაგრძელებ ცხოვრებას.
P.S.
ერთი-ორი კვირის წინ ვნახე ახალი გადაცემა და როგორც მომავალი ჟურნალისტი, დავინტერესდი. ვნახე ჩანაწერები და გავეცანი. ამ პროექტის მთავარი მიზანია, შეიხედონ ცნობილი ქართველი “ვარსკვლავების (?)” კარადებში და ხალხს უჩვენონ მათი ბრენდული ყოველდღიურობა. გავოგნდი. ჯერ ერთი, მე ვერსად ვერ დავინახე ქართველი ვარსკვლავი და მერე მეორეც, ხელში შემრჩა სრულიად უგემოვნო ქართული ბომონდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გული დამწყდა, რომ თურმე საქართველოში: ზოგს პური ეცოტავება, ზოგს – ბრილიანტები.