ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
უკვე, ორი წელი გავიდა, რაც აბიტურიენტი აღარ მქვია, მაგრამ ყოველი გაზაფხულის დასაწყისს ძველებური გრძნობით ვხვდები. შესაძლოა, ეს ჩემ გვერდით მყოფი მეთორმეტე კლასელების დამსახურებაა, რომლებიც სკოლის ბოლო დღეებს ითვლიან და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას მოუთმენლად ელიან.
არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ აბიტურიენტობისგან სიამოვნება ნამდვილად მივიღე და მოვხვდი იმ უნივერსიტეტში, სადაც ასე ძალიან მინდოდა. არავინ დამხმარებია, მარტომ შევავსე ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი და მარტომვე გადავწყვიტე, რომ ბედი ჟურნალისტიკაში უნდა მეცადა. სიმართლე გითხრათ: – „ჟურნალისტი უნდა გახდე!“ – ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების თანმდევი, ნამდვილად, არ ყოფილა და არც ტრადიციულად, ჩემს ოჯახს არ გამოუდია თავი, რომ სამედიცინოს სტუდენტი გავმხდარიყავი ან უამრავი კანონით მეჭყლიტა ტვინი, რათა მომავალში იურისტის სტატუსი მქონოდა. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და 17 წლის ასაკში სტუდენტიც გავხდი.
ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ზაფხულის პირველი თვის მიწურულს, საკუთარ დაბადების დღეზე მომიწია. უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი გახლდათ და მეც შემართებით გავუყევი მაღლივამდე მისასვლელ გზას. უამრავი, ათასობით ადამიანი რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ვნერვიულობდი. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ლოგიკურიც იყო, რადგან ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც აცნობიერებ რა გინდა, რისთვის დაიბადე და რას ელი მომავლისგან.
რეგისტრაცია ძალიან გაიწელა. საოცრად ცხელოდა. რომ ამბობდნენ ხოლმე მაღლივი ჯოჯოხეთს უდრისო, არ მჯეროდა. აი, იქ, რიგში მდგომმა ყველაზე მეტად ვინანე, რომ მოწინავე რიგებში ვერ აღმოვჩნდი, რეგისტრაცია სწრაფად რომ გამევლო.
– „მიდი ლაშა, შენთან ვართ. დედა უტირე მაგათ!“ – ეს ფრაზა ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება. როდესაც უკან გავიხედე, საგულშემატკივროდ მოსული (სავარაუდოდ მთელი), ერთი სოფლის ხალხი დავინახე.
– „აბა წყალი, წყალი!“ – ყვიროდა ვიღაც ქალი და ყინულიან ბოთლებს ხელში ათამაშებდა. შუშანიკისა არ ვიცი, მაგრამ მე მაღლივში მართლა ვეწამე იმ დღეს.
აბიტურიენტთა ნაკადი პირველი გამოცდის დასრულებამდე არ წყდებოდა. ზოგი აგვიანებდა და მერე ტირილით იხოკავდა სახეს, ზოგიც ადრე იყო მოსული და წახემსებასაც ასწრებდა. ყველას საკუთარი პრობლემა ჰქონდა, მხოლოდ მიზანი იყო საერთო.
ბოლოს, როგორც იქნა, შევედით საგამოცდო აუდიტორიებში და სიტუაციაც შედარებით დაწყნარდა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დავრჩით. აი, ეს არის წუთი, როდესაც ნამდვილად გრძნობ ადრენალინის მოზღვავებას და ზუსტად იცი ვინ ხარ. ერთი, რაც გარკვევით მახსოვს, იყო ის, რომ კედელზე მოწიკწიკე საათი არ ზოგავდა თავს, ისე გამეტებით ითვლიდა წამებსა და წუთებს, ხოლო დამკვირვებელს საოცრად მაღალ ქუსლზე ეცვა ფეხსაცმელი, სიჩუმეში კაკუნი ასე მკვეთრად რომ ჩამესმოდა.
არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბავშვების კონკურსი გახლდათ ეს, სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრის მიზნით, ეზოში მშობლების ხელჩართული ბრძოლაც იმართებოდა, რომლებიც დაბეჯითებით უმტკიცებდნენ ერთმანეთს, რომ მათი შვილი სხვის შვილზე ნიჭიერი და განათლებული იყო.